2013 წლის 24 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ, განაცხადა, რომ საქართველო უკვე ის ქვეყანაა, რომელშიც საზღვრები კონტროლდება და ის ერთადერთი სახელმწიფოა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემა აქვს. მისი თქმით, ესსისტემა აღიარებულია ევროპელი და მსოფლიო ექსპერტების მიერ, როგორც ერთ-ერთი მოდერნიზებული და წამყვანი, როგორც რეგიონში, ისე მთლიანად ევროპაში.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, მართლა არის თუ არა საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემა გააჩნია.
ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა დეპუტატს იმის გასარკვევად, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა ის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში. დეპუტატის მიერ მიღებული განმარტებით, ის ამ სახელმწიფოებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, კერძოდ სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ბელარუსს და მოლდოვას გულისხმობდა.
ამის შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, მართლა ერთადერთია თუ არა საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის, რომელსაც საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგია გააჩნია.
ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემა, იგივე საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგიას წარმოადგენს (“Integrated Border Management’’- IBM), რომლის შესახებ კანონიც საქართველოში 2008 წლის 4 თებერვალს იქნა მიღებული, ხოლო 2012 წელს განახლებული. 2008 წლის კანონში IBM სისტემის სრულყოფისთვის ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევა 5 წლის, 2008-2013 წლების განმავლობაში იყო დაგეგმილი; მასში არსებული განმარტების მიხედვით, საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგიის ამოცანას წარმოადგენს “საზღვრის მართვაში მონაწილე ყველა შესაბამისი უწყების საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობა, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მან უნდა უზრუნველყოს ღია, მაგრამ კონტროლირებადი და უსაფრთხო საზღვრების პრინციპი. ეფექტური საზღვრის მართვა სათანადოდ უნდა პასუხობდეს საზღვართან დაკავშირებულ ყველა საფრთხეს”.
საზღვრის მართვისადმი ინტეგრირებული მიდგომა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სავიზო პროცედურები, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხები, ფულის მოძრაობის მონიტორინგი, ნარკოტიკებთან, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, ტერორიზმთან და სხვადასხვა სახის დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ეკონომიკური უსაფრთხოება, საქონლის გადაადგილების შეზღუდვის პროცედურები, ეპიზოოტიური უსაფრთხოება, ფიტოსანიტარული და სანიტარული ზომები, ინტელექტუალური საკუთრებისა და მეწარმეთა უფლებების დაცვა, ადამიანთა ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, ასევე პირადი მონაცემების დაცვა.
საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, საზღვრის მართვაში ჩართული სუბიექტები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში IBM სისტემის დანერგვისათვის არსებულმა გეგმამ, რაც 2008-2013 წლების პერიოდზე იყო გაწერილი, ცვლილება განიცადა. 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მოთხოვნით და სამხრეთ კავკასიაში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამის (SCIBM) მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო მართვის ცხრამეტი სტრუქტურული ერთეული იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო; ასევე იყვნენ ქართველი ექსპერტები ამ დარგში და SCIBM-ის წარმომადგენლებიც, რათა საბოლოოდ დაეზუსტებინათ საზღვრის მართვის სტრატეგიის ახალი სამომავლო სამოქმედო გეგმა. 2014 წლიდან საზღვარზე უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ახალი ღონისძიებების დაწყება იგეგმება, რაც უსაფრთხოების ახალი წესების შემოღებას და მათ სრულყოფას ისახავს მიზნად.
მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ სომხეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგიის შესახებ კანონი 2010 წელს მიიღეს. სომხეთის და უკრაინის სამოქმედო გეგმა 2011-2015 წლებს მოიცავს; შესაბამისად, ამ სისტემის სრულყოფა ამ ქვეყნებში კიდევ 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. მოლდოვას სამოქმედო გეგმა 2011-2013 წლებს მოიცავს და შესაბამისად, ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების სრულყოფა უკვე დასრულების პროცესშია. რაც შეეხება ბელარუსს და აზერბაიჯანს, კანონი IBM სტრატეგიის შესახებ მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანი აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ კავკასიაში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამაში (SCIBM), რომელმაც არაერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა აზერბაიჯანში IBM სისტემის წარმატებით დანერგვისთვის. ეს პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც 2009 წლის სექტემბერს დაიწყო და 2012 წლის სექტემბერში დასრულდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის პირველი იანვრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო პროექტის -“Eastern Partnership-Integrated Border Management; Flagship Inititiative Training project. EAP IBM FIT” განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და უკრაინა) საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგიის შექმნის ხელშეწყობას თანამშრომლების გადამზადების და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების გზით. ეს პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით და 2013 წლის 12 ივნისს დასრულდა. ამ პროექტის ფარგლებში 2012 წლის 28-29 თებერვალს მინსკში შეხვედრა გაიმართა ბელარუსში IBM სისტემის განხორციელებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის მისაღებად. ასევე დაიგეგმა კანონის მიღება ამ სისტემის შესახებ 2012 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ ამის მიუხედავად კანონი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
დასკვნა
დეპუტატ გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემა გააჩნია. ჩვენი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს’’ შორის მხოლოდ ბელარუსს და აზერბაიჯანს არ აქვთ მიღებული კანონი ამ სისტემის შესახებ, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ღონისძიებებს სტრატეგიის დანერგვის მიზნით. სომხეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ კანონი 2010 წელს მიიღეს და ამჟამად განაგრძობენ სამოქმედო გეგმის განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს, მან კანონი ამ სისტემის შესახებ ყველაზე ადრე, 2008 წელს მიიღო და აგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას სისტემის გაუმჯობესებისათვის. სომხეთის და უკრაინის სამოქმედო გეგმა 2011-2015 პერიოდს, ანუ 4 წელს მოიცავს; მოლდოვის - 2011-2013 წლებს, ანუ 2 წელს, ხოლო საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმა 2008-2013 წლებს, ანუ 5 წელს მოიცავდა და 2014 წლიდან ახალ ეტაპს დაიწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში IBM სისტემის დანერგვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მისი უპირატესობა, როგორც კანონის მიღების თარიღის, ასევე სამოქმედო გეგმების მიხედვითაც ნათელია. საქართველო პროცედურულად და ეტაპობრივად დანარჩენ 5 ქვეყანას შორის ყველაზე წინ დგას; ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აღნიშნული სისტემა გააჩნია, ჩვენ დეპუტატის განცხადებას არ ვაფასებთ გრადაციით - „მცდარი“. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი ბარამიძის განცხადება: „საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც აქვს ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემა“, არის მეტწილად მცდარი.