2013 წლის 1 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ, წინა და დღევანდელი ხელისუფლებების საქმიანობის კრიტიკისას განაცხადა: „წელს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფომ მხოლოდ პოლიციის მეშვეობით ჩვენს მოსახლეობას 38 მილიონი ლარი ჯიბეებიდან ამოუღო და ჯარიმების სახით გამოართვა“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ განცხადებაში მოყვანილი რიცხვის სიზუსტით და ჩვენ ის გადავამოწმეთ.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ამ ინფორმაციას მუდმივად აქვეყნებს.

აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინფორმაცია საპატრულო პოლიციის მიერ 2011-2013 წლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმების შესახებ სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა. სტატისტიკა გამოთხოვილია შსს-დან და იგი 2013 წლის პირველ 6 თვეს (იანვარი-ივნისი) მოიცავს.

როგორც ირკვევა, დროის ამ მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებულია 31 106 828 ლარის ოდენობის ჯარიმა. 2011 და 2012 წლების შესაბამისი პერიოდების ანალოგიური მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურება: 2011 წლის პირველი 6 თვე – 21 134 952 ლარი, 2012 წლის პირველი 6 თვე – 18 276 641 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა ოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 12 830 187 ლარით (70%-ით).

12

დასკვნა

შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2013 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსულობებმა 31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 12 830 187 ლარით (70% -ით).

აღსანიშნავია, რომ გიორგი თარგამაძე თავის განცხადებაში 2013 წლის მონაცემს (38 მილიონ ლარს) შეცდომით ასახელებს. თუმცა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმგვიმარტა, 38 მილიონი მექანიკური შეცდომა იყო და მას 31 მილიონი უნდა ეთქვა, რადგან, ისიც სწორედ შსს-ს იმ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც IDFI–ს აქვს გამოქვეყნებული. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ფრაზაში მცირე უზუსტობას აქვს ადგილი, კონტექსტუალურად იგი მაინც მართალია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თარგამაძის განცხადება, „ეს არის ის სისტემა, რომელმაც, აი, წელს მხოლოდ პოლიციის მეშვეობით, ჩვენს მოსახლეობას პირველი 6 თვის განმავლობაში 38 მილიონი ლარი ჯიბეებიდან ამოუღო და ჯარიმების სახით გამოართვა“, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი