2013 წლის 25 სექტემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ,საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, განაცხადა: „ჩვენ წაგვართვეს ოფისები ყველა რაიონში, მოგვისპეს საბიუჯეტო დაფინანსება, აგვიკრძალეს უფასო სატელევიზიო რეკლამით სარგებლობა“.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა შალვა ნათელაშვილის აღნიშნული განცხადების სიზუსტე.
აღნიშნულ განცხადებაში შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, პოლიტიკოსმა შემდეგი ტერმინები გამოიყენა: „წაგვართვეს“, „მოგვისპეს“, „აგვიკრძალეს“. აღნიშნული ტერმინები კონკრეტული შედეგისკენ მიმართულ აქტიურ, ჩვენ შემთხვევაში კი დისკრიმინაციულ ქმედებას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენ გავაანალიზეთ, განხორციელდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ლეიბორისტული პარტიის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართული დისკრიმინაციული ქმედება.
პოლიტიკური პარტიის ქონების, ფინანსების და საარჩევნო კამპანიის ხარჯების გამჭვირვალობის საკითხები საქართველოს ორგანული კანონით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” რეგულირდება. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პარტიის ქონებას ქმნის:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) შემოწირულებები;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა;
დ) სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე, საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას.
შალვა ნათელაშვილის განცხადების პათოსი ლეიბორისტული პარტიისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ქმედებას მოიაზრებს. აღნიშნული დაფინანსება ექცევა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილი) „გ“ ქვეპუნქტის ქვეშ, ანუ, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ პირდაპირ პარტიაზე გამოყოფილ თანხას. ამასთან, ნორმაში გვაქვს მკაფიო დათქმა - „კანონით დადგენილ შემთხვევებში“. შესაბამისად, უნდა გავარკვიოთ, ეკუთვნოდა თუ არა შალვა ნათელაშვილის პარტიას კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსება.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხის პარტიებისთვის გადაცემა ხდება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ:
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი“.
30-ე მუხლის 2005 წლის რედაქციით, საბიუჯეტო დაფინანსებას იღებდა პარტია, „რომელმაც საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ საერთო არჩევნებში 4%-იანი ბარიერი გადალახა“. ამავე მუხლის 2008 წლის რედაქციითკი - პარტია, „რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი, ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი“. აღნიშნული ნორმის უკანასკნელი, 2013 წლის რედაქცია შეიძლება ყველაზე ლიბერალურად ჩაითვალოს, რადგან ბარიერი, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, 3%-მდე არის დაწეული.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო დაფინანსებას „ლეიბორისტული პარტია“ წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იღებდა (მაგალითად, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სადაც აღნიშნულმა პარტიამ ხმათა 6.01% მიიღო, ასევე, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როდესაც ხმათა 7.44% მიიღო).
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში ლეიბორისტულ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნულმა პარტიამ ხმათა 1.24% მიიღო. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ვერ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას. შესაბამისად, ცხადი ხდება, თუ რატომ არ აქვს ლეიბორისტულ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება. რეალურად, სახელმწიფოს მხრიდან „საბიუჯეტო დაფინანსების მოსპობა“ არ მომხდარა და სახეზეა სამართლის ნორმის მოქმედება.
შალვა ნათელაშვილი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ლეიბორისტულ პარტიას „წაართვეს ოფისები ყველა რაიონში“. საპრეზიდენტო კანდიდატმა 2013 წლის 10 ოქტომბერს ფაქტ-მეტრის ჟურნალისტთან საუბარში განმარტა, რომ ოფისების ჩამორთმევაში ის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობდა. ანუ, „ოფისების წართმევის“ საკითხი პირდაპირ კავშირშია „საბიუჯეტო დაფინანსების მოსპობის“ საკითხთან და იგულისხმება საბიუჯეტო დაფინანსების არქონის გამო მუნიციპალიტეტებში ფართის ქირაობის სირთულე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ გააჩნია ლეიბორისტული პარტიისთვის არც დაფინანსების შეწყვეტასთან და არც რეგიონებში აღნიშნული პარტიის ოფისების არქონასთან.
ჩვენ ასევე გავაანალიზეთ შალვა ნათელაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელიც უფასო სატელევიზიო რეკლამით სარგებლობის აკრძალვას ეხება.
წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის მეორე პუნქტი საერთო მაუწყებლებისთვის აწესებს ვალდებულებას წინასაარჩევნო დებატები გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს რეკლამას, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის.
შესაბამისად, დგება შემდეგი საკითხი - არის თუ არა შალვა ნათელაშვილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლეიბორისტული პარტია ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნებს და არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი, არ წარმოადგენს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის უსასყიდლო საეთერო დროსთან მიმართებაში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სია გამოაქვეყნა. შალვა ნათელაშვილი ვერ მოხვდა იმ შვიდ საპრეზიდენტო კანდიდატთა რიცხვში, რომლებიც კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენენ და შესაბამისად, უფასო საეთერო დროით ვერ სარგებლობს.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-8 ნაწილი არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უფასო საეთერო და სარეკლამო დროის მიღების სხვა მეთოდს სთავაზობს. ამ მუხლის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევენების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს.
იმის გასარკვევად, ისარგებლა თუ არა შალვა ნათელაშვილმა აღნიშნული უფლებით, „ლეიბორისტული პარტიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ქეთევან დოლიძეს მივმართეთ. მისი განცხადებით, “ლეიბორისტულ პარტიას“ არ მიუმართავს არცერთი მაუწყებლისთვის და არ წარუდგენიათ რაიმე სახის კვლევის შედეგები. მაუწყებელს, თავის მხრივ, არ გააჩნია ვალდებულება თავად მოიპოვოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია. პარტიის მიერ კვლევების წარდგენის შემთხვევაშიც კი, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-8 ნაწილი მაუწყებელს მხოლოდ უფლებამოსილებას აძლევს და არ უწესებს რაიმე სახის ვალდებულებას. თავისუფალ საეთერო და სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრმა ნინო ბურჯანაძის განცხადებაც გამოიკვლია.
დასკვნა
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს და კანონიერად ვერ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილი არ წარმოადგენს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვერ სარგებლობს თავისუფალი საეთერო დროით. შალვა ნათელაშვილს, ასევე, შეეძლო ესარგებლა არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის უფასო საეთერო და სარეკლამო დროის მიღებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით მინიჭებული უფლებით. თუმცა, მას ეს უფლება არ გამოუყენებია. მთლიანობაში, არ დგინდება „ოფისების წართმევა“, „დაფინანსების მოსპობა“, „სატელევიზიო რეკლამის აკრძალვა“. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილის განცხადება: „ჩვენ წაგვართვეს ოფისები ყველა რაიონში, მოგვისპეს საბიუჯეტო დაფინანსება, აგვიკრძალეს უფასო სატელევიზიო რეკლამით სარგებლობა“, არის მცდარი.