2013 წლის 20 სექტემბერს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე, ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. „ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ე.წ. საოჯახო დახმარების გაუქმების საკითხია. სექტემბრიდან ათასობით ოჯახი [შშმ ბავშვები] ელოდა 30 ლარით გაზრდილ პენსიას, ხოლო ის რეალურად მხოლოდ 8 ლარით გაიზარდა და გაუქმდა საოჯახო დამხარება“ - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი თარგამაძემ.
ფაქტ-მეტრი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით დაინტერესდა და ჩვენ ის გადავამოწმეთ.
საოჯახო დახმარება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა კატეგორიებზე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, 22 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრისN254 დადგენილების თანახმად, საოჯახო დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომელთაც დახმარება 2007 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ დანიშნული. საოჯახო დახმარებას სოციალური მომსახურეობის სააგენტო გასცემდა. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, შშმ ბავშვებს 2007 წლიდან საოჯახო დახმარება გაუუქმდა, თუმცა, ვისაც ეს დახმარება უკვე დანიშნული ჰქონდა, მათ საოჯახო დახმარება შეუნარჩუნდათ. შესაბამისად, ისინი, ვისაც შშმ პირთა სტატუსი 2007 წლის 1 იანვრიდან მიენიჭათ, საოჯახო დახმარებას არ იღებდნენ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით, შშმ ბავშვების სახელმწიფო პენსია 70 ლარს შეადგენდა. ამ პირების ნაწილი, რომელთაც შშმ სტატუსი 2007 წლის 1 იანვრამდე მიენიჭათ, დამატებით 22 ლარს, ანუ ჯამში 92 ლარს იღებდა.
2013 წლის 16 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N279 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური პაკეტი, 2013 წლის სექტემბრიდან, 100 ლარით განისაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს არ ჰქონდათ ერთნაირი სოციალური პაკეტი, მათ ნაწილს პენსია გაეზარდა 30 ლარის ოდენობით, ნაწილს კი 8 ლარით.
ჩვენ, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი კაკაჩიას ვესაუბრეთ. მისი განმარტებით, „სახელმწიფო პენსია 2013 წლის სექტემბრიდან ყველას გაეზარდა. შშმ ბავშვების პენსია 100 ლარი გახდა. პენსიები ყველას ერთნაირად ვერ გაეზრდებოდა, რადგანაც შშმ სტატუსის მქონე ბავშვები აქამდე განსხვავებული სოციალური პაკეტით სარგებლობდნენ“. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ჩვენ შემდეგი სტატისტიკური მონაცემებიც მოგვაწოდა: 2013 წლის აგვისტოს მონაცემებით 7863 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი იღებდა 70 ლარს, ხოლო 92 ლარს კი - 1569 შშმ ბავშვი.
დასკვნა
2013 წლის სექტემბრიდან შშმ პირთა სახელმწიფო პენსია გაიზარდა და 100 ლარი გახდა. 2007 წლიდან შშმ პირებისთვის საოჯახო დახმარება გაუქმდა, თუმცა, იმ პირებს, ვისაც 2007 წლის 1 იანვრამდე მიენიჭათ შშმ სტატუსი, საოჯახო დახმარება შეუნარჩუნდათ და მათ სახელმწიფო პენსიას საოჯახო დახმარების 22 ლარი დაემატა. პირები,რომელთაც აღნიშნული სტატუსი 2007 წლის 1 იანვრიდან მიენიჭათ, იღებდნენ მხოლოდ სახელმწიფო პენსიას (გაუქმებული საოჯახო დახმარების გარეშე) 70 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ შშმ სტატუსის მქონე პირები განსხვავებული სოციალური პაკეტით სარგებლობდნენ, 2013 წლის სექტემბერში მათ ნაწილს პენსია 8 ლარით, ნაწილს კი 30 ლარით გაეზარდა.
შესაბამისად, არამართებულია პრეზიდენტობის კანდიდატის დასკვნა, რომ პენსიები 30 ლარით უნდა გაზრდილიყო და რეალურად 8 ლარით გაიზარდა. პენსია 70 ლარიდან რეალურად გაიზარდა 100 ლარამდე, ანუ 30 ლარით. უბრალოდ, მათ, ვინც 22 ლარიანი დანამატით ისედაც სარგებლობდა და ჯამში იღებდა 92 ლარს (70 ლარს + 22 ლარი), პენსია 8 ლარით გაეზარდა. ხოლო, ვინც ამ დანამატით არ სარგებლობდა, მათთვის პენსია 30 ლარით გაიზარდა. ამასთან, შშმ ბავშვების უმრავლესობას პენსიის 30 ლარიანი მატება შეეხო. 2013 წლის აგვისტოს მონაცემებით 70 ლარს იღებდა 7863 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი, ხოლო 92 ლარს კი - 1569 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თარგამაძის განცხადება: „სექტემბრიდან ათასობით ოჯახი [შშმ ბავშვები] ელოდა 30 ლარით გაზრდილ პენსიას, ხოლო რეალურად მხოლოდ 8 ლარით გაიზარდა და გაუქმდა საოჯახო დამხარება“, არის მეტწილად მცდარი.