2013 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ თემაზე დებატები გაიმართა. უმრავლესობის დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ, სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე განაცხადა: „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის თუ წინა ხელისუფლებას 1 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, მიმდინარე წელს 12 მილიონია გამოყოფილი“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადებით და ის გადაამოწმა.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ 2011 წლის აპრილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დააფუძნა. 2012 წლის ბოლოდან კი აღნიშნული კომპანია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში  გადავიდა.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საქართველოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების პროცედურების გაუმჯობესება, პოლიგონების ტერიტორიის მოწესრიგება და შესაბამის საექსპლოატაციო რეჟიმში მოყვანა, პოლიგონებზე განსათავსებელი ნარჩენების აღრიცხვის სისტემის დანერგვა/სრულყოფა და ახალი სანიტარული პოლიგონების მშენებლობის განხორციელება ევალება.

ჯერ კიდევ 2012 წლის 19 დეკემბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ დისკუსიაში, რომელშიც მონაწილეობას ნაგავსაყრელების საკითხზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ, მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ,  "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" წარადგინა და მონაწილეებს აღნიშნული კომპანიის მიერ 2013 წელს განსახორციელებელი საქმიანობის გეგმები გააცნო.

2012 წლის 20 დეკემბერს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ იმდროინდელი დირექტორმა, ნუგზარ კევლიშვილმა, ასევე განაცხადა: "2013 წელს ვაპირებთ 8 ნაგავსაყრელი მოვაწესრიგ. ესენია: თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, ამბროლაურის, ზუგდიდის და ოზურგეთინაგავსაყრელები. მოხდება ამ ტერიტორიებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, საკონტროლო-გამშვები ჯიხურების მშენებლობა, ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩენების მიწით გადაფარვა, სანიაღვრე სისტემის შექმნა და ნაგავსაყრელების შემოღობვა. ამ მიმართულებით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოს ისტორიაში პირველად, დაფინანსება 12-ჯერ იზრდება. 2013 წელს 12 ილიონი ლარი იქნება გამოყოფილი". 

ინფორმაცია „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ ბიუჯეტის 12 მილიონამდე გაზრდის შესახებ შეიძლება ვნახოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში.

2013 წლის აგვისტოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  ჟურნალისტებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ამჟამინდელმა დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, მედიას კომპანიის მუშაობის 6 თვის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო გაწერილი შესრულებული სამუშაოები და მასზე დახარჯული თანხები. შესაბამისი ინფორმაცია, ასევე, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც.

დასკვნა

როგორც ჩვენი კვლევის შედეგად ირკვევა 2012 წელს მყარი ნარჩენების კომპანიას ნაგავსაყრელების მოსაწესრიგებლად და საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად 1 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. 2013 წელს კომპანიის დაფინანსება 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა. დღეისათვის, შესაბამისი სამუშაოების ნაწილი უკვე განხორციელდა და  თანხის დიდი ნაწილიც  უკვე ათვისებულია.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ტყემალაძის განცხადება: „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის, თუ წინა ხელისუფლებას 1 მილიონი ლარი ქონდა გათვალისწინებული, მიმდინარე წელს 12 მილიონია გამოყოფილი“, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია