საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა, 6 სექტემბერს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში წარადგინა. მან დაასახელა სამი ტელეკომპანია: „რუსთავი 2“, „მზე“ და „საქართველო“, სადაც წილების გადანაწილებაზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ტელეკომპანია “საქართველოს“ და „რუსთავი 2-ის“ დეტალური ფინანსური სქემა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემდეგ ანგარიშში აისახება. თინა ხიდაშელმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა: „2005-2006 წლებში „რუსთავი 2-ს“ და ტელეკომპანია „მზეს“მუდმივმოქმედ რეჟიმში ეცვლებოდათ მფლობელები და ეს ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე [მფლობელები] იყო... კანონის მე-60 მუხლი ცალსახად ამბობს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი საერთო სიხშირის ქონა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი“.
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა 2005-2006 წლებში ხდებოდა თუ არა წილების გადანაწილება ტელეკომპანია „მზის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელებს შორის, რამდენად უკავშირდებოდა აღნიშნული შპს „საქცემენტის“ სახელს და აღნიშნული ქმედება რამდენად წინააღმდეგობაში მოდიოდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონთან.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „საქცემენტი“ 2004 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (მიმდინარე სახელწოდება „ჰაიდელბერგ ცემენტი“). 2005 წლის სექტემბრის მონაცემებით მისი წილი ტელეკომპანია „მზის“ საწესდებო კაპიტალში 93% -ს შეადგენდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2006 წლის 6 იანვარს რუსთავი2-ის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებები შევიდა. ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საწესდებო კაპიტალში 60%-ს ფლობდა, 22% შპს „საქცემენტზე“ გაასხვისა.შესაბამისად, რუსთავი2-ის საწესდებო კაპიტალში წილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1)შპს „საქცემენტი“ – 22%
2)ქიბარ ხალვაში - 38%
3)შპს „პანორამა“- 40%
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ცვლილებები შევიდა ტელეკომპანია „მზის“ რეგისტრაციის მონაცემებშიც, რომელიც იგივე რიცხვით 2006 წლის 6 იანვრით თარიღდება და აქაც წილების გასხვისებაზეა საუბარი: შპს „საქცემენტმა“ ტელეკომპანია „მზის“ კუთვნილი წილიდან 78% ქიბარ ხალვაშზე გაასხვისა.შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში წილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1)ქიბარ ხალვაში - 78%
2)შპს „საქ ცემენტი“ – 15%
3)გელა კობაიძე - 7%
ტელეკომპანია „მზის“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებები ტელეკომპანიების პარტნიორების კრების ოქმის საფუძველზე შევიდა. ორივე შემთხვევაში ოქმი 2005 წლის 26 დეკემბრით თარიღდება. (იხ. ზემოთ მიმაგრებული pdf ფაილები)
თინა ხიდაშელი განცხადებაში მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლისდარღვევაზე მიუთითებს. მაუწყებლობის შესახებ კანონი 2004 წლის 23 დეკემბერს შევიდა ძალაში. მას შემდეგ აღნიშნული კანონის მე-60 მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა. აღნიშნული მუხლის თანახმად „პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში“. ურთიეთდამოკიდებულება მაუწყებლობის შესახებ კანონში შემდეგნაირად არის განმარტებული: „ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე, თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით“. მოცემულ შემთხვევაში, ქიბარ ხალვაში და შპს „საქცემენტი“ ერთდროულად ფლობდნენ მნიშვნელოვან წილებს, როგორც „რუსთავი2-ის“ საწესდებო კაპიტალში, ასევე ტელეკომპანია „მზის“ საწესდებო კაპიტალში. ეს კი მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლის დარღვევაზე მიუთითებს.
მეტი სიცხადისთვის, ჩვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, თამარ ხუხუნაიშვილს დავუკავშირდით და მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლის განმარტება ვთხოვეთ. როგორც თამარ ხუხუნაიშვილმა განგვიმარტა, თუ პირი (ფიზიკური ან იურიდიული) ფლობს ერთ ტელეკომპანიას სრულად ან წილს მის საწესდებო კაპიტალში, მას არ აქვს უფლება ფლობდეს სხვა ტელეკომპანიას ან მის საწესდებო კაპიტალში რაიმე წილს.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რა ზომები მიიღო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერანაირი სამართლებრივი აქტი, რომელიც ჩვენს მიერ გადამოწმებულ ფაქტს ეხმიანება. ჩვენ კითხვით მივმართეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას: „საჯარო რეესტრის 2006 წლის 6 იანვრის მონაცემებით, შპს „საქცემენტი“ და ქიბარ ხალვაში ერთდროულად ფლობენ ტელეკომპანია „მზის“ და ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ საწესდებო კაპიტალში წილს, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლს ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, რა რეაგირება ჰქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას?“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.
დასკვნასაჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2006 წლის 6 იანვარს „რუსთავი2-ის“ და ტელეკომპანია „მზის“ რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებები შევიდა. იმ პერიოდში „რუსთავი 2-ის“ 60% წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა კუთვნილი წილის 22% გაასხვისა შპს „საქცემენტზე“. ამის პარალელურად, შპს „საქცემენტმა“ ტელეკომპანია „მზის“ კუთვნილი წილის 93%-დან 78%-ს გაასხვისა ქიბარ ხალვაშზე. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა ტელეკომპანია „მზის“ და „რუსთავი2-ის“ დამფუძნებელთა და პარტნიორთა 2005 წლის 26 დეკემბრის კრების ოქმის საფუძველზე.
2006წლის 6 იანვრის მონაცემებით, ტელეკომპანია „მზის“ საწესდებო კაპიტალში შპს „საქცემენტი“ 15%-ის მფლობელია, ამასთან ის ფლობდა „რუსთავი 2-ის“ საწესდებო კაპიტალის 22%-ს. ამავე პერიოდში, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „მზის“ საწესდებო კაპიტალში 78%-ს ფლობდა და იმავდროულად „რუსთავი 2-ის“ საწესდებო კაპიტალის 38%-ის მფლობელი იყო. აღნიშნული ფაქტი კი წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლთან, რომელიც კრძალავს ერთზე მეტი სიხშირის ქონას, დამოუკიდებლად ან ურთიერთდამოკიდებულებაში მქონე პირთან ერთად.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადება, “2005-2006 წლებში ტელეკომპანია „მზეს“ და „რუსთავი2-ს“ ეცვლებოდათ მფლობელები, მაგრამ ეს იყო ერთი და იგივე. ეს კი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს [მე-60 მუხლი] ეწინააღმდეგება“, არის სიმართლე.