ახალი სასწავლო წლის დაწყება ქრისიტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ მოსწავლეებს ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახთან ყოფნის დროს მიულოცა. გიორგი თარგამაძემ ყურადღება უფასო სახელმძღვანელოების გარკვეული ვალდებულებებით გადაცემის საკითხზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ უკვე ძალიან ბევრი მშობლისგან მიიღო თხოვნა, რომ მთავრობის ყურამდე მიიტანოს პრობლემა, რაც მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გარკვეული ვალდებულებებით გადაცემას უკავშირდება. მისი თქმით: „ყველამ იცის, რომ ხელშეკრულებები ფორმდება. მშობლებს უდებენ ვალდებულებას, რომ მცირე განაკაწრის, მონახაზის ან ფურცლის ამოვარდნის შემთხვევაშიც კი, ან ჯარიმა, ან მთლიანად წიგნის ანაზღაურება მოუწევთ ამ მშობლებს“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სტრესისა და დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს, როგორც მოსწავლეებს, ისე მათ მშობლებს.
ფაქტ-მეტრი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის თემით დაინტერესდა და იმ ხელშეკრულებების საკითხის შესწავლა გადაწყვიტა, რომელიც სკოლასა და მშობელს შორის ფორმდება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2013-2014 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემოდა, განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის 8 აპრილს გაავრცელა.
ახალი სასწალო წლის დაწყებასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწავლო წიგნების უფასოდ გადაცემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეიქმნა, რაც მშობლისათვის ბავშვის მიერ სახელმძღვანელოს დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ვალდებულებაში გამოიხატება.
საკითხის დეტალურად შესწავლისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. პრეს-სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს გადაცემის მომენტში მშობელსა და სკოლას შორის მიღება-ჩაბარების აქტის სახით ერთგვარი ხელშეკრულება მართლაც ფორმდება.ის ყველა იმ პირობას და უფლება-მოვალეობებს არეგულირებს, რაც მშობელსა და სკოლას შორის წარმოიქმნება. სამინისტროს განმარტებით, ხელშეკრულება მიზნად მხოლოდ ბავშვისათვის წიგნის მოვლის, პატრონობის და გაფრთხილების უნარების გამომუშავებასა და სახელმძღვანელოს მომავალი სასწავლო წლისთვის შენარჩუნებას ისახავს. მოსწავლეებში უნდა არსებობდეს წიგნთან მოპყრობის კულტურა და ზარალის ანაზღაურების ვალდებულების არსებობაც სწორედ ამისკენაა მიმართული. პრეს-სამსახურმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ფორმა ახალი არ არის და წლების მანძილზე აპრობირებული მეთოდია. ამგვარი ხელშეკრულებებიადრეც ფორმდებოდა, როდესაც სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა მხოლოდ გარკვეული სოციალური შეღავათების მქონე მოსწავლეებისათვის (მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები) ხდებოდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების საკითხს, მშობლის წინაშე ეს ვალდებულება მხოლოდ მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოს მოვლა–პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დარღვევისა და მისი განზრახ ან/და სრულად განადგურების შემთხვევაში დგება (ამასვე ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტი) და არა „მცირე განაკაწრის, მონახაზის ან ფურცლის ამოვარდნის შემთხვევაში“, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატი მიუთითებდა.
უფასო სახელმძღვანელოების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ დეტალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის 2013 წლის 5 აგვისტოს # 103/ნ ბრძანება არეგულირებს. სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მომზადდა ხელშეკრულებები, რომლებიც ბრძანების ძირითად დებულებებს იმეორებს და მშობელსა და სკოლას შორის წარმოქმნილ უფლება-მოვალეობებს განმარტავს.
ბრძანების მიზანს სახელმწიფო ქონების დაცვის გზით სახელმწიფო მატერიალური ფასეულობების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრძანება ასევე ადგენს სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს, რაც აღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლითრეგულირდება. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა15 ქულიანი შკალით ფასდება. ამასთან, სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებია:
ამავე მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტითა ან/და“გ“ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ–ერთი დაზიანების არსებობის შემთხვევაში, სახელმძღვანელო ნული ქულით ფასდება.
ბრძანების თანახმად, მოსწავლეს გამოსაყენებლად უნდა გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუკი მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 8 ქულას ან მასზე ნაკლებია.
ბრძანებით ასევე რეგულირდება, რომ მოსწავლის ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოს მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. ასევე, მოსწავლე ვალდებულია: სახელმძღვანელო მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენოს, შეინარჩუნოს წიგნის მთლიანობა, გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოს, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა. აგრეთვე, აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოს მოსწავლისათვის გადაცემისას მოხდეს მისი დათვალიერება, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში კი ეცნობოს შესაბამის საჯარო სკოლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება (მე–4 მუხლის მე–3 პუნქტი).
აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე (იგულისხმება სასწავლო წლის დასრულება), ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერება/ შეწყვეტის შემთხვევაში სახელმძღვანელოები სკოლას უკან უნდა დაუბრუნდეს ბრძანების მესამე მუხლით გათვალისწინებული შკალის მიხედვით არაუმეტეს 3 ქულით გაუარესებულ მდგომარეობაში (აქ იგულისხმება “ყდის მდგომარეობის“, „სახელმძღვანელოს სისუფთავის“, „სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობის“ კატეგორიების ცალ-ცალკე შკალა. იხ. ცხრილი ზემოთ).
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, ასევე სახელმძღვანელოს დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში. ამის შემდეგ, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სახელმძღვანელო იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლოს. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მომდევნო სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულების დადების უფლება ერთმევა. აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში და შესაბამისად ხელშეკრულებაში საუბარია ზარალის მხოლოდ მთლიანად ანაზღაურებაზე (სახელმძღვანელოს იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი ჩანაცვლება) და არა რაიმე სხვა სახის ჯარიმაზე, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობდა.
ბრძანებაში ასევე გაწერილია, რომ ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტრომ შეიძლება მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრების შესახებ, თუმცა, ამ ობიექტური მიზეზების რაობა მითითებული არ არის.
დასკვნა
ჩვენი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად თან ახლავს და ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5აგვისტოს #103/ნ ბრძანების საფუძველზე რეგულირდება. აღნიშნულ ბრძანებაში გაწერილია ყველა ის კრიტერიუმი და შესაბამისი ქულა, რომლითაც სასკოლო წიგნის სასწავლო პროცესში ხელახალი გამოყენების ვარგისიანობა ფასდება და თუკი სასწავლო წლის დასრულებისა და სახელმძღვანელოს უკან დაბრუნების დროს აღმოჩნდება, რომ შეფასების შკალის მიხედვით წიგნის მდგომარეობა ჯამში 9 ქულაზე ნაკლებია, მაშინ უკვე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წინაშე მისი იდენტური რედაქციისა და შინაარსის სახელმძღვანელოთი ჩანაცვლების ვალდებულება ჩნდება.
თუმცა, აქ საგულისხმოა, რომ გიორგი თარგამაძის განცხადებით, მშობლის წინაშე ასეთი პასუხისმგებლობა მაშინაც კი დგება, თუკი სახელმძღვანელოს „მცირე განაკაწრი ან მონახაზი“აღმოჩნდება, რაც არაზუსტია. ასევე არ დასტურდება პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ჯარიმის არსებობის შესახებაც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არც სახელმძღვანელოს მოვლა–პატრონობის შეფასების კრიტერიუმები იძლევა ბოლომდე ნათელ წარმოდგენას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წიგნის მნიშვნელოვან, საშუალო ტიპის და უმნიშვნელო დაზიანებად და, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერპრეტირების გარკვეულ სივრცეს ტოვებს.
რაც შეეხება თარგამაძის გარკვეულწილად ნეგატიურ პათოსს ხელშეკრულების ფენომენთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა გასულ წლებშიც არსებობდა, როდესაც უფასო სასწავლო წიგნებიმრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე ომში დაღუპულსამხედრო მოსამსახურეთა შვილებს ეძლეოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრის პასუხისმგებლობას და კვლევის საგანს ზოგადად მთავრობის მიერ მოსწავლეებისათვის წიგნების უფასოდ გადაცემის ფენომენის შეფასება არ წარმოადგენს, ერთ მომენტზე მაინც გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას.თუ ვივარაუდებთ, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს აბრუნებენ 9 ქულიან კონდიციაში, მომდევნო წელს ყველა ასეთი წიგნი დიდი ალბათობით სკოლას იმავე მდგომარეობაში ვერ დაუბრუნდება და, შესაბამისად, მომდევნო სასწავლო წლისათვის „გამოსაყენებლად გამოუსადეგარი“ იქნება. ბრძანებისა და ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს, თუ რას მოიმოქმედებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში, ანაზღაურების ვალდებულებას მშობელს დააკისრებს, თუ სახელმძღვანელოს თავად დაბეჭდავს და ახლით თავადვე ჩაანაცვლებს. ამ კითხვაზე შესაბამისი და ამომწურავი პასუხი ჩვენ ვერც განათლების სამინისტროში მივიღეთ.
ფაქტ–მეტრი ასკვნის, რომ გიორგი თარგამაძის განცხადება: „ყველამ იცის, რომ ხელშეკრულებები ფორმდება. მშობლებს უდებენ ვალდებულებას, რომ მცირე განაკაწრის, მონახაზის ან ფურცლის ამოვარდნის შემთხვევაშიც კი ან ჯარიმა ან მთლიანად წიგნის ანაზღაურება მოუწევთ ამ მშობლებს“, არის ნახევრად სიმართლე.