2013 წლის 18 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალ „ტაბულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომლის მმართველობის დროსაც ბიუჯეტი 9 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა 7-8%-ით იზრდებოდა, რომლის პირობებშიც გადასახადები შემცირდა. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში. ...ჩვენ ვერ შევძელით გადაგვეჭრა ძირითადი სოციალური პრობლემები, მაგალითად, უმუშევრობა. თუმცა სამჯერ გავზარდეთ მთლიანი ეროვნული პროდუქტი, პენსია და ბიუჯეტი გავზარდეთ 10-ჯერ.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის ამ განცხადებით და მისი სიზუსტე სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გადაამოწმა.
ბიუჯეტი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებმა [დამტკიცებული ხარჯების გასაწევად ბიუჯეტიდან გამოყოფილმა განსაზღვრულმა ფულადმა თანხებმა] 2012 წელს 7,806.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 6.5-ჯერ მეტია 2003 წლის მაჩვენებელზე [1,207.1 მლნ. ლარი].
თუ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბიუჯეტის ზრდაში საბიუჯეტო შემოსავლები იგულისხმა, არც ეს მაჩვენებელია 2012 წელს 2004 წელთან შედარებით 10-ჯერ გაზრდილი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2003 წელს 933.3 მლნ. ლარს შეადგენდა, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები. ხოლო 2012 წელს, ბიუჯეტის შემოსავლებმა 7 მილიარდზე ოდნავ მეტი შეადგინა, რაც დაახლოებით 7.5-ჯერ მეტია 2003 წლის მონაცემზე.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპი
გასული 9 წლის განმავლობაში [2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით] მშპ-ის რეალურმა წლიურმა ზრდის ტემპმა [იგივე ეკონომიკის ზრდის ტემპი] საშუალოდ 6.1% შეადგინა, რაც საკმაოდ ახლოს არის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დასახელებულ ციფრთან. ქვემოთ მოყვანილ ცხრილსა და გრაფიკზე მოცემულია მშპ-ის რეალური ზრდის ტემპები პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
გადასახადების შემცირება
2005 წელს საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად გადასახადების უმრავლესობა გაუქმდა. 2005 წლამდე საქართველოში იყო 21 საგადასახადო განაკვეთი, დღეის მდგომარეობით კი მათი რიცხვი მხოლოდ 6-ია.
- დღგ – (20%-დან შემცირდა 18%-მდე)
- საშემოსავლო გადასახადი – (20%)
- მოგების გადასახადი – (20%-დან შემცირდა15%-მდე)
- სააქციზო გადასახადი (განაკვეთი ცვლადია)
- ქონების გადასახადი (1%)
- საბაჟო გადასახადი (0%; 5% და 12%)
2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სოციალური გადასახადი და შეიქმნა ერთიანი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც თავდაპირველად 25%-ს შეადგენდა, ხოლო 2009 წლიდან შემცირდა 20%-მდე. გადასახადის განაკვეთი დივიდენდებსა და პროცენტებზე დღეისთვის შეადგენს 5%-ს, ნაცვლად 2005 წელს არსებული 10%-ისა.
ასევე ადრე არსებული 16 სახის საიმპორტო ტარიფის ნაცვლად ამჟამად მოქმედებს მხოლოდ 3 სახის ტარიფი (0%, 5% და 12%). გარდა ამისა ქვეყანაში არ მოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვები (ქვოტები) იმპორტსა და ექსპორტზე.
“Paying Taxes 2013” ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. საქართველოს სრული საგადასახადო განაკვეთი 16,5%-ია, მაშინ როდესაც საშუალო რეგიონული მაჩვენებელი 41,3%-ია. დაბალი საგადასახადო განაკვეთის მიხედვით საქართველო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა კოსოვო[1] 15,4%-ით, ხოლო პირველზე – მაკედონია 9,4%-ით.
მთლიანი ეროვნული პროდუქტი
„საქსტატი“ მთლიან ეროვნულ პროდუქტს [მეპ (GNP) - ქვეყნის რეზიდენტების მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მთლიანი საბაზრო ღირებულება] არ ითვლის, თუმცა ითვლის მთლიან ეროვნულ შემოსავალს [მეშ (GNI) - ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე და დანარჩენი მსოფლიოდან ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიღებული წმინდა პირველადი შემოსავლებისა და საკუთრებიდან მიღებული წმინდა შემოსავლების ჯამი]. როგორც წესი, ეს მაჩვენებლები (მეპ და მეშ) ძალიან უმნიშვნელოდ განსხვავდებიან ხოლმე ერთმანეთისგან და დღეს მსოფლიო ბანკი ეკონომიკური განვითარების ინდიკატორად მშპ-სთან ერთად იყენებს მეშ-ს და არა მეპ-ს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია მეშ-ის ოდენობები გასული 10 წლის განმავლობაში. თუკი 2012 წლის მონაცემს შევადარებთ 2003 წლის მონაცემს [ანუ მეშ-ის ოდენობას „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეყნის სათავეში მოსვლამდე], ის 3-ჯერ გაზრდილია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი ეროვნული პროდუქტიც დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი.
პენსია
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2004 წლამდე, პენსიის ოდენობა 14 ლარი იყო, ხოლო 2012 წელს - 120 ლარი. შესაბამისად, პენსიის ოდენობა დაახლოებით გაიზარდა 8.5-ჯერ. ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე მოცემულია პენსიის ოდენობები გასული 13 წლის მანძილზე.
დასკვნა
მონაცემთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2004 წლიდან:
- საქართველოს ბიუჯეტში ასიგნებები 6.5-ჯერ, ხოლო შემოსავლები 7.5-ჯერ გაიზარდა, რაც იმას მოწმობს, რომ არც ბიუჯეტის შემოსავლები და არც ასიგნებები არ გაზრდილა 10-ჯერ, როგორც ამას პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს.
- მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპი წელიწადში საშუალოდ 6.1% იყო და არა 7-8%, როგორც ამას პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს.
- შემცირდა გადასახადთა რაოდენობა [21 დან დარჩა 6 სახის გადასახადი], ასევე შემცირდა გარკვეული სახის გადასახადები.
- მთლიანი ეროვნული შემოსავალი [ასევე მთლიანი ეროვნული პროდუქტი], გაიზარდა 3-ჯერ.
- პენსია გაიზარდა 8.5-ჯერ ნაცვლად პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დასახელებული 10-ჯერ გაზრდისა.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პუნქტებში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მოყვანილი ზოგიერთი ციფრი არაზუსტია, ისინი მაინც საკმაოდ ახლოს იმყოფებიან რეალურ მონაცემებთან. შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება: „ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომლის მმართველობის დროსაც ბიუჯეტი 9 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა 7-8%-ით იზრდებოდა, რომლის პირობებშიც გადასახადები შემცირდა. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში..., ...ჩვენ ვერ შევძელით გადაგვეჭრა ძირითადი სოციალური პრობლემები, მაგალითად, უმუშევრობა. თუმცა სამჯერ გავზარდეთ მთლიანი ეროვნული პროდუქტი, პენსია და ბიუჯეტი გავზარდეთ 10-ჯერ“, არის მეტწილად სიმართლე.
_________________________
[1] საქართველო არ ცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას