პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ, გაზეთ "აჭარის" 7 სექტემბრის რედაქციაში, მარინა მათიაშვილთან ინტერვიუშიგანაცხადა: "ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს ათეულობით განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია, რომ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფო უსამართლოდ მოექცა მოქალაქეებს".
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ნინო ბურჯანაძის განცხადების სიზუსტე.
ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში საუბრობსადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე(შემდგომში "ევროპული სასამართლო"), რომელიც 1959 წელს შეიქმნა და გადაწყვეტილებები გამოაქვს იმ ინდივიდუალურ და სახელმწიფოთა საჩივრებზე, რომლებიც ეხებაადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშიან მის დამატებით ოქმებში (კონვენციის ოქმი დოკუმენტია, რომელიც ერთი ან რამდენიმე უფლებით განავრცობს კონვენციის თავდაპირველ რედაქციას, ან შეასწორებს მის ცალკეულ დებულებებს; დღევანდელი მდგომარეობით, მიღებულია14 დამატებითი ოქმი) მოცემულ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევას.
კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებები და თავისუფლებები მოიცავს სიცოცხლის, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, გამოხატვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის და საკუთრების დაცვის უფლებებსა და თავისუფლებებს. კონვენციით იკრძალება წამება და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა, იძულებითი შრომა, თვითნებური ან უკანონო პატიმრობა და დისკრიმინაცია კონვენციით დაცული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას. ევროპული სასამართლო საქმის წარმოებისას ადგენს, დაირღვა თუ არა კონვენციით ან დამატებითი ოქმებით გარანტირებული უფლებები და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, განსაზღვრავს ხელმომწერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს.
იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენი საქმე განიხილა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებით და რამდენ მათგანში გამოიკვეთა საქართველოს მხრიდან კონვენციის მუხლების დარღვევა, ჩვენსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგელობის დეპარტამენტსმივმართეთ და საქართველოს წინააღმდეგ 2005-2013 წლებში წარმოებული საქმეების მონაცემების შესახებ ინფორმაცია ვთხოვეთ; ვინაიდან დღეს არსებული სასამართლო ხელისუფლება სათავეს 2005 წლის სასამართლო რეფორმის განხორციელებიდან იღებს, ჩვენც 2005-2013 წლებზე გავამახვილეთ ყურადღება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულიინფორმაციისმიხედვით, 2005-2013 წლებში ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილია 169 გადაწყვეტილება/განჩინება. აქედან, 44 საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა.
იქიდან გამომდინარე რომ ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს იმ ნაწილის, რომელშიც ეს განცხადება გაკეთდა, კონტექსტი და პათოსი მხოლოდ „სამართლიანი სასამართლოა“, ჩვენ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადავამოწმეთ 44 საქმიდან რამდენ მათგანში იკვეთებოდა საქართველოს სასამართლოების მიერ მოქალაქეთა მიმართ უსამართლოდ მოპყრობის ფაქტი - რასაც შეეძლო კონვენციით დაცული უფლებების/აკრძალვების დარღვევა გამოეწვია. ასეთი შემთხვევის მაგალითი იქნებოდა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების (მე-5 მუხლი) ან/და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევის ფაქტის გამოვლინება, ვინაიდან, მხოლოდ მათ განხორციელებაში იკვეთება სასამართლოს როლი.
ფაქტ-მეტრის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული 44 საქმიდან ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ 6 საქმეზედაადგინა საქართველოს სასამართლოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ფაქტი, რაც მიუთითებს, რომ 44 საქმიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს სასამართლოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად.
საკითხზე უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად გთავაზობთ ამონარიდებს ყველა იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც გამოტანილ იქნა 2005 წლიდან წარდგენილ საჩივრებზე და რომელიც მიუთითებდა საქართველოს სასამართლოების მიერ კონვენციით გარანტირებული უფლებების უმართებულოდ გამოყენებას.
1.კაკაბაძედასხვებისაქართველოსწინააღმდეგ- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
76-ე პარაგრაფი: "სასამართლო მიიჩნევს, რომ გზა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოისმინა ეს საქმე სსსკ-ის 208-ე (§7) მუხლის თანახმად, ზედაპირული პროცედურით, დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ მანდატურთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე და არ მისცა მომჩივნებს შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მოსმენას, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის ელემენტარული პროცედურული მოთხოვნების სრულ უარყოფას, როგორებიცაა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითი პროცესის, დაცვის მომზადებისთვის საჭირო ადეკვატური დროისა და საშუალებების, კვალიფიციური იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებები".
2.ჯანიაშვილისაქართველოსწინააღმდეგ- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
86-ე პარაგრაფი: "ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაედგინათ სპეციფიკური ფაქტების არსებობა, რომლებიც გაამართლებდა წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელებას და განეხილა ალტერნატიული არასაპატიმრო ზომა".
3.ჭიჭინაძესაქართველოსწინააღმდეგ- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
59-ე პარაგრაფი: "სასამართლოს მიაჩნია, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და არის ჩარევა განმცხადებლის მიერ მაზნიაშვილზე მდებარე სახლით სარგებლობის უფლებაში, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე პროცესის განახლების არასწორ გამოყენებას, რაც არ არის გამართლებული არსებითი ან გარდაუვალი ხასიათის გარემოებებით და ამით განმცხადებელს დააწვა ზედმეტი და არაპროპორციული ტვირთი".
60-ე პარაგრაფი: "შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და I დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას".
4.საღინაძედასხვებისაქართველოსწინააღმდეგ- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
139-ე პარაგრაფი: "თბილისის საქალაქო სასამართლომ [...] იმოქმედა სათანადო გულმოდგინების გარეშე და გამოსცა შაბლონული გადაწყვეტილება წინასწარ დაბეჭდილი, აბსტრაქტული ტერმინებით გაჯერებული სამოტივაციო ნაწილით".
5.რამიშვილიდაკოხრეიძესაქართველოსწიმააღმდეგ- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
134-ე პარაგრაფი: "მოსამართლე აშკარად ეხმარებოდა პროკურორს სასამართლო მოსმენის დროს".
6.კობელიანისაქართველოსწინააღმდეგ- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
19-ე პარაგრაფი: "სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში სასამართლო წარმოების პერიოდი იყო მეტისმეტად ხანგრძლივი და არ აკმაყოფილებდა „გონივრული ვადის“ მოთხოვნას. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის (§1) დარღვევას".
მე-6 მუხლის დარღვევას ეხებოდა საქმეებიდადიანიდამაჩაბელისაქართველოსწინააღმდეგდაკვიციანისაქართველოსწინააღმდეგ,თუმცა, აღნიშნულ საქმეებში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების არ აღსრულებისათვის. საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ახდენსაღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტროს წინაშე; შესაბამისად, ამ ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებები არ უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას.
მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ საქმეზეგიგოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ,თუმცა, ამ საქმეში პრობლემატურ საკითხს კანონში სამართლებრივი ხარვეზი იწვევდა და არა სასამართლოს მიერ უსამართლო ქმედება მოქალაქის მიმართ.
ნინო ბურჯანაძე ინტერვიუში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს "გირგვლიანის საქმეზე" (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) და აცხადებს, რომ ეს საქმე ევროპული სასამართლოს სხვა კრიტიკულ გადაწყვეტილებებთან ერთად საკმარისი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო. აღნიშნული განცხადების გამო საჭიროდ ჩავთვალეთ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალებით დავინტერესებულიყავით და დაგვედგინა, ამ საქმეში რამდენად იკვეთებოდა ქართული სასამართლოების მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უმართებულოდ გამოყენება.
საქმეში "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და 38-ე მუხლების (საქმის განხილვა) დარღვევა და სახელმწიფოს 50,388 ევროს გადახდა დააკისრა მომჩივანის სასარგებლოდ.
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ "გამოძიებას აშკარად აკლდა ჯეროვანი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა გამოძიების შემდგომ მსვლელობაზე... პროკურატურამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, დაეცვა დაზარალებულების ინტერესები და უზრუნველეყო გამოძიებაზე ჯეროვანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება... მომჩივნებს თვითნებურად წაერთვათ უფლება, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო პროცესში, ხოლო, თვითონ პროცესმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ შიდა სახელმწიფო ორგანოებს აშკარად არ ჰქონდათ სურვილი დაედგინათ, ობიექტურად და დამაჯერებლად, სრული ჭეშმარიტება 2006 წ. 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და სიკვდილის გარემოებების შესახებ".
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა, ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უმართებულოდ გამოყენების ფაქტი და სასამართლოსთან დაკავშირებით აღნიშნა: "რაც შეეხება საქმის სასამართლოში განხილვის სამართლიანობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ არის ჯეროვნად დამუშავებული, რადგან განმცხადებლებს არ წარმოუდგენიათ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მათ განცხადებებს დაამტკიცებდა. მაშასადამე, კონვენციის 6§1 მუხლიდან გამომდინარე, ამ ნაწილში განმცხადებელთა საჩივარი უსაფუძვლოა და კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი".
დასკვნა
ნინო ბურჯანაძე მართალია, როდესაც ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს ათეულობით განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია, რომ „სახელმწიფო უსამართლოდ მოექცა თავის მოქალაქეებს“. თუმცა, ვინაიდან ნინო ბურჯანაძის განცხადებისა და ინტერვიუს ამ ნაწილის კონტექსტი ძირითადად ეხება ქართული სასამართლოების სამართლიანობას და მათი მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს, ის ცალსახად არაზუსტია. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი 44 გადაწყვეტილებიდან მხოლოდ 6-ზეა დადგენილი საქართველოს სასამართლოების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ უსამართლოდ მოპყრობის ფაქტი. ჩვენ ვასკვნით, რომ ნინო ბურჯანაძის განცხადება "ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს ათეულობით განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია - სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფო უსამართლოდ მოექცა მოქალაქეებს", არის მეტწილად მცდარი.