2013 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა, განაცხადა: „იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა [რეგისტრაციიდან] მოხსნილ ამომრჩეველთა სია პირადი ნომრებით. ეს არის კანონის და მოქალაქეების პირადი ინფორმაციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა“.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა ზურაბ ხარატიშვილის განცხადება სიმართლეს.
2013 წლის 10 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია ვებ-გვერდის საშუალებით გამოაქვეყნა. სია შეიცავს რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია პერსონალურიმონაცემისდამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მეორე მუხლის „ა“ ნაწილის მიხედვით, პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.პირიიდენტიფიცირებადია,როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ,კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრითანპირისმახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალურინიშნებით.
საიდენტიფიკაციო ნომერში მოიაზრება პირადი ნომერიც (მეორე მუხლის „ს“ ნაწილი). შესაბამისად, უფლებამოსილმა პირებმა უნდა უზრუნველყონ საიდენტიფიკაციო ნომრის დაცვა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი არ განსაზღვრავს, თუ პირის რომელი ინფორმაცია არის საჯარო.
საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებულ ნაწილს საქართველოს საარჩევნო კოდექსი განმარტავს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის 1 ნაწილის „ქ“ პუნქტისა და 1841 4 ნაწილის მიხედვით საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება პირის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი და ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი და სქესი.
ამ ფაქტს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გამოეხმაურა, რომლის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო კოდექსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება პირადი ნომერი, რომელიც ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იურისდიქციაში.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ხარატიშვილის განცხადება: „იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოხსნილ ამომრჩეველთა სია პირადი ნომრებით. ეს არის კანონის და მოქალაქეების პირადი ინფორმაციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა“, არის სიმართლე.