2013

წლის 26 ივნისის პარლამენტის პლენალურ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგლა აგულაშვილმა, განაცხადა: „ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა: პოლონეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, ჩეხეთმა დააწესეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. მაგალითად, ევროკავშირში შესვლის შემდეგ, პოლონეთში 12 წლიანი შეზღუდვა დაწესდა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით“.

გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, რათა გაემყარებინა არგუმენტები „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მხარდასაჭერად. კანონპროექტის მიხედვით,

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; ბ) უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს“.

ამავე კანონპროექტით, კანონს უნდა დაემატოს 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 1 იანვრამდე მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, თუ ეს კანონპროექტი ამოქმედდება, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლება აღარ ექნებათ. კანონი იმ უცხოელი პირების მიმართ არ ვრცელდება, რომლებსაც მის ამოქმედებამდე საკუთრებაში შეძენილი აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. კანონპროექტის განხილვისას ვადა შეიცვალა და განისაზღვრა 2014 წლის პირველ იანვრამდე. ეს ცვლილება, როგორც ამას თავად პარლამენტარები განმარტავენ, რეალურად წარმოადგენს მორატორიუმს, რომელიც ძალაში იქნება მანამ, სანამ არ განისაზღვრება ახალი რეგულაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიყიდვის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, თუ რა რეგულაცია იქნება მიღებული სამომავლოდ, დღეს კი, ფაქტია, რომ 2014 წლის ბოლომდე ამ კანონით სრულად იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მორატორიუმის პერიოდს ვადარებთ აღმოსავლეთ ევროპის ხსენებული ქვეყნების იმ პერიოდებს, რომელშიც მათ დაწესებული ჰქონდათ აკრძალვები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს არ ეზღუდებათ უფლება განახორციელონ ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროში და იჯარით აიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. თუ იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუნდაც მისი 100% წილის მფლობელი იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, მას შეუძლია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ვინაიდან, იგი სრულად ექცევა საქართველოს იურისდიქციაში, მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში და სამართლებრივი ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ნამდვილად არის, ან იყო თუ არა მსგავსი აკრძალვები მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ჩეხეთში და რას გულისხმობდა ეს აკრძალვები

2004 წლის 1 მაისს პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ. რუმინეთი ევროკავშირში 2007 წელს შევიდა. აღნიშნული საკითხის შესწავლისას ჩვენ გავეცანით „პოლიტიკის კვლევის ევროპული ცენტრის (CEPS)“ ანგარიშებს - „სასოფლო-სამეურნეო უძრავი ქონების შეზღუდვაზე ახალი წევრი ქვეყნების მიერ შენარჩუნებული გარდამავალი შეზღუდვების მიმოხილვა“ და „ბულგარეთის და რუმინეთის მიერ შენარჩუნებული გარდამავალი შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე

“.

2004

წელს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებისას, კანდიდატმა ქვეყნებმა (ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი), მოითხოვეს, რომ მიუხედავად ევროკავშირის თავისუფალი ბაზრისა, მათთვის მიეცათ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების შენარჩუნების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის შეძენასთან დაკავშირებით. ეს თხოვნა განპირობებული იყო მაშინ ჯერ კიდევ კანდიდატი ქვეყნების სურვილით შეენარჩუნებინათ სოფლის მეურნეობის სფეროს შიდა სოციო-ეკონომიკური სტრუქტურა და არ დაეშვათ უცხოელების მიერ მიწების მასიური შესყიდვა. ამის მიზეზი, მათი აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო მიწებზე ფასის განსხვავება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით და, ამასთან ერთად, მათ შიდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ბაზარზე არსებული პრობლემები.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირმა მისცა უფლება მიეღოთ გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ისინი შეძლებდნენ შეენარჩუნებინათ მათი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. ჩეხეთისთვის და უნგრეთისათვის ეს გარდამავალი პერიოდი დადგინდა 7 წლის ვადით, ხოლო პოლონეთისთვის - 12 წლით.

CEPS-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, ხსენებულ გარდამავალ პერიოდშიც, შეზღუდვებით მიღებული ეფექტი მინიმუმამდე იყო დაყვანილი რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგში, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა, დაშვებული იყო არაერთი გამონაკლისი, რაც უცხოელებს აძლევდა საშუალებას მაინც შეესყიდათ მიწები.

განვიხილოთ ეს ქვეყნები ცალ-ცალკე:

პოლონეთში 2004 წლამდე (ევროკავშირში შესვლამდე), უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეს, თუ სურდა ეყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საჭირო იყო მოეპოვებინა თანხმობა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღებდა თანხმობას. ასეთი თანხმობის მიღების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლეოდა მიწის შესყიდვის უფლება. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, პოლონეთმა გარდამავალ პერიოდში შეინარჩუნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვები, თუმცა, დაშვებული იქნა გამონაკლისები.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო შეეძინა პოლონეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, იმ შეთხვევაში, თუ:

  • პირი დაქორწინებული იყო პოლონეთის მოქალაქეზე, ცხოვრობდა პოლონეთში მინიმუმ ორი წლის მანძილზე და თუ ქონება შესყიდვის შემდეგ იქნებოდა ორივე მეუღლის საერთო საკუთრებაში;
  • პირი ცხოვრობდა პოლონეთში მინიმუმ 5 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მიიღო მუდმივი რეზიდენტის სტატუსი.

გარდა ამისა, პოლონეთში განსაზღვრული იყო რეგიონები, სადაც მიწის შეძენის შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქეებზე, რომლებიც გადაწყვეტდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას, თუ მათ ეს მიწა სამწლიანი ან შვიდწლიანი იჯარით ექნებოდათ აღებული. სამწლიანი იჯარის შემთხვევაში, მიწის შესყიდვა შესაძლებელი იყო ლიუბლინის, ლოძის, მალოპოლსკის, მაზოვეცკის, პოდკარპატსკოეს, პოდლასკიეს, სლასკის და სვიეტოკრშისკის ვოევოდინებში. ხოლო შვიდი წლის ვადით იჯარის შემთხვევაში, მიწის შესყიდვა დაშვებული იყო კუიავსკო-პომორსკოეს, ოპოლსკოეს, ლიუბუშკოეს, პომორსკოეს, მაზოვეცკოეს, ვარმინსკო-მაზურსკოეს, ველიკოპოლსკოეს და დასავლეთ პომორსკოეს ვოევოდინებში (Województwo).

ჩეხეთის რესპუბლიკაში 1995 წლიდან მოქმედებდა „No. 219/1995 Coll., The Foreign Exchange Act“, რომლის მიხედვით, უცხოელებისთვის დაწესებული იყო უძრავი ქონების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში შეძენის შეზღუდვა. თუმცა, არსებობდა მნიშვნელოვანი გამონაკლისებიც. გარდამავალ პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, შეზღუდვები ასევე გავრცელდა ევროკავშირის მოქალაქეებზეც. მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეს, შეეძლო სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა.

კერძოდ, უცხოელს:

  • შეეძლო შეესყიდა მიწა, თუ მას გააჩნდა ჩეხეთის მოქალაქეობა, ან ჰყავდა ჩეხეთის მოქალაქე, ან ჩეხეთში მუდმივად მცხოვრები მეუღლე;
  • შეეძლო მიეღო მიწა უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც წარმოიქმნებოდა თანასაკუთრების შემთხვევაში;
  • შეეძლო შეეძინა მიწა, თუ ის ვერ იქნებოდა განცალკევებული სხვა ქონებისგან, რომელიც უკვე იმყოფებოდა მის მფლობელობაში;
  • თუ ის იყო ევროკავშირის მოქალაქე ფერმერი, შეეძლო შეეძინა მიწა, თუ ის რეგისტრირებული იყო როგორც თვითდასაქმებული ფერმერი და ცხოვრობდა ჩეხეთში მინიმუმ სამი წლის მანძილზე (ეს დამატება შევიდა 2004 წელს).

უნგრეთში 1994 წლიდან მოქმედებს კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ - Act LV of 1994, სადაც განსაზღვრულია შეზღუდვები უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე. ჩვენ გავეცანით კვლევას - „„მიწის საკუთრების პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია უნგრეთში“, სადაც ნათქვამია, რომ 1990-იან წლებში უნგრეთში მიმდინარეობდა ცხარე დებატები იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰქონოდათ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნგრეთში სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლება. 1994 წელს, არჩევნების შედეგად ხელისფლებაში ახალი კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ მიწის საკუთრებაზე უფლების კანონი შეიცვლებოდა. ეს საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის ცხარი დებატების საგანს წარმოადგენდა. 1997 წელს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი რეფერენდუმზე გაეტანათ, ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების საკითხთან ერთად. თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციის პროტესტის შედეგად, ეს შეკითხვა მთავრობამ რეფერენდუმაზე მაინც არ გაიტანა. ამის მიუხედავად, საბოლოოდ, 2001 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ, 7 წლის განმავლობაში, შენარჩუნდებოდა შეზღუდვები უნგრეთში მუდმივად არმცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის. თუმცა, დაწესებული იქნა გამონაკლისები.

კერძოდ, გამონაკლისების მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეს შეეძლო შეეძინა სასოფლო-სამეურნეო მიწა, თუ ის იქნებოდა თვითდასაქმებული ფერმერი, ლეგალურად იმყოფებოდა უნგრეთის ტერიტორიაზე სამი წლის მანძილზე და ეწეოდა ფერმერულ საქმიანობას. გარდა ამისა, უცხოელებისთვის ასევე მოქმედებდა უპირატესი შესყიდვის უფლება.

ამასთან ერთად, დაშვებული იყო გამონაკლისები ფერმერული მეურნეობებისა (სახლი და მიწა, რომელზეც ის დგას) და სამეცხოველეო დანიშნულების ფერმერული ნაგებობების მფლობელობაზე:

  • უცხოელს შეეძლო ფერმერული მეურნეობის შეძენა დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი არ აღმატებოდა 6000 კვ.მ-ს, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით, თუ ეს მიწები არ იქნებოდა სახნავ-სათესი დანიშნულების;
  • არარეზიდენტ იურიდიულ პირს, ან ფიზიკურ პირებს, შეეძლოთ შეეძინათ არა სახნავ-სათესი დანიშნულების მიწები, იმ მიზნით, რომ ჰქონოდათ ფერმერული შენობა-ნაგებობის გამართვის შესაძლებლობა, რომლებიც საჭიროა ინტენსიური მეცხოველეობის პროდუქციის სისტემის მოსაწყობად.

რაც შეეხება რუმინეთს, რომელიც ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდა, 1997 წელს რუმინეთის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა საგანგებო დეკრეტი no. 92/1997,

რომელიც მიმართული იყო პირდაპირი ინვესტიციების წახალისებისკენ. ამ დეკრეტის მე-6 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ ინვესტორს, მუდმივ მაცხოვრებელს ან არაადგილობრივ იურიდიულ პირს, შეეძლო შეეძინა უძრავი ან მოძრავი ქონება, იმ მოცულობით, რაც საჭირო იქნებოდა მათი საქმიანობის წარმოებისთვის, მათი სოციალური მიზნების მიხედვით, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2005 წლიდან საგანგებო დეკრეტი no. 92/1997 ჩაანაცვლა აქტმა - „Act of Accession, Law no 312/2005“. 2007 წლიდან ეს კანონი, 7 წლის განმავლობაში, გარდამავალ პერიოდში, ევროკავშირის მოქალაქეებზეც გავრცელდა. რუმინეთში არსებული გამონაკლისების მიხედვით:

  • შეზღუდვა არ ვრცელდება დამოუკიდებელ ფერმერზე, რომელიც არის ევროკავშირის მოქალაქე (ან მოქალაქეების არმქონე პირი, რომლის რეგისტრაციის ადგილია რუმინეთი ან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანა) და აფიქსირებს სურვილს მუდმივად იცხოვროს რუმინეთში. ამ კატეგორიის პირებს აქვთ უფლება შეიძინონ მიწა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თუ მათ შეუძლიათ დაადასტურონ მიწის დამუშავების შესაძლებლობა.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც რუმინეთში აფუძნებს კომპანიას, შეუძლია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო მიწა შეზღუდვების გარეშე, მიუხედავად კაპიტალის წარმომავლობისა.
  • რიგ შემთხვევებში, უცხოურმა იურიდიულმა პირმაც შეიძლება შეიძინოს სასოფლო, ან სატყეო მეურნეობის მიწა. კომერციულმა კომპანიამ, მიუხედავად იმისა, რუმინეთშია ის დაფუძნებული თუ არა, შეიძლება შეიძინოს უფლებები უძრავ ქონებაზე იმ მოცულობით, რა მოცულობაც აუცილებელია მათი საქმიანობის განსახორციელებლად, მათი სოციალური მიზნების მიხედვით და შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

შეზღუდვების ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ქვეყნები, მთლიანად ევროკავშირის სამართლის რეგულაციის სფეროში ექცევიან.

დასკვნა

ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითების შესწავლიდან ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირში ახლადგაწევრიანებული ამ ოთხი ქვეყნიდან სამში (პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი) ნამდვილად არსებობდა შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს შეზღუდვები არ წარმოადგენდა სრულ აკრძალვას არც მათ ევროკავშირში შესვლამდე. ამ ქვეყნებში არსებობდა სხვადასხვა გამონაკლისები, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აძლევდა საშუალებას შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამ ქვეყნებში შეზღუდვა მიწის შესყიდვაზე ევროკავშირში შევლის შემდეგაც იქნა შენარჩუნებული გარდამავალ პერიოდში, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი გამონაკლისები. რაც შეეხება უნგრეთს, აქ, სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში მიმდინარე ცხარე დებატების ფონზე, საბოლოოდ, 2001 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებიდან 7 წლის მანძილზე შენარჩუნებული იქნებოდა შეზღუდვები, თუმცა ეს არ იქნებოდა სრული აკრძალვა და უცხოელებს მაინც ექნებოდათ შესაძლებლობა შეეძინათ მიწა, თუ ისინი კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებდნენ.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადად გვაჩვენა, რომ დეპუტატის მიერ ხსენებული ოთხი ქვეყნიდან სამი მიწის ყიდვაზე შეზღუდვა არ წარმოადგენდა სრულ აკრძალვას, არც ევროკავშირში შესვლამდე და არც მას შემდეგ. რაც შეეხება მეოთხე ქვეყანას (უნგრეთს), აქ გაწევრიანებმდე სამი წლით ადრე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში, შეზღუდვებთან ერთად დაშვებული იქნებოდა გამონაკლისებიც.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გიგლა აგულაშვილი ამ ქვეყნების ხსენებით ცდილობს გაამართლოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გაყიდვის აკრძალვა (2014 წლის ბოლომდე მორატიუმი სწორედ გამონაკლისების გარეშე უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას გულისხმობს), ეს მაგალითები ამ კონტექსტში არასწორად მიგვაჩნია. ჩვენთან, კანონპროექტის მიხედვით, სახეზეა მიწის გასხვისების სრული აკრძალვა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილი აქვს მიწის საკუთრებაზე შეზღუდვას და არა სრულ აკრძალვას.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით, რომ გიგლა აგულაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის პირვანდელი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ გიგლა აგულაშვილთან. დეპუტატი არ დაეთანხმა ჩვენს კვლევას და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში წარსულში მიწის მიყიდვა უცხოელებზე სრულად იყო აკრძალული. ჩვენ ვთხოვეთ ბატონ გიგლას, რომ წერილობით წარმოედგინა მისი არგუმენტები და ამ არგუმენტების დამადასტურებელი წყაროები, რომელთა გაცნობისა და სისწორეში დარწმუნების შემთხვევაშიც, ჩვენ სტატიას და ფაქტ-მეტრის ვერდიქტს შესაბამისად შევასწორებდით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა გიგლამ არ გამოგვიგზავნა მისი არგუმენტები, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ კიდევ უფრო ღრმად დეტალებში წასვლა საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტ-მეტრის ვერდიქტი არ იცვლება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი