წლის 30 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ, განაცხადა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ადამიანი პრეპარატების შესყიდვამდე ვერ მიდის, რადგან წინასწარი გამოკვლევა 1000 ლარზე მეტი ჯდება. დეპუტატ საყვარელიძის თქმით, C ჰეპატიტი დიდ პრობლემას წარმოადგეს საქართველოში. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ზუსტი არ არის ქვეყანაში C ჰეპატიტით 200,000 ადამიანია დაავადებული. რეალური რიცხვი კი 2-3 ჯერ მეტია. მისი თქმით, რაღაც პოზიტიური ნაბიჯები საპატიმრო დაწესებულებებში ამ მიმართულებით იდგმება. ასევე, ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტრო პრეპარატების გაიაფებაზე მუშაობს, მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ადამიანი მედიკამენტამდე ვერ მიდის, რადგან, წინასწარი სრულყოფილი გამოკვლევა ძვირი ჯდება.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, მკურნალობის დაწყებამდე საჭირო წინასწარი გამოკვლევები 1000 ლარს მართლაც აღემატება, თუ არა.
ამ მიზნით, ჩვენ შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრს მივმართეთ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი იმ დაწესებულებათაგანია, სადაც C ჰეპატიტს კვალიფიციურად იკვლევენ და მკურნალობენ. ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევა, რომელიც ანტივირუსული (ინტერფერონით) მკურნალობის დაწყებამდეა საჭირო, დაახლოებით 1500 ლარი ღირს. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელი გამოკვლევების ხარჯები თითქმის ანალოგიურია სხვა ცენტრებშიც, სადაც C ჰეპატიტს იკვლევენ და მკურნალობენ. ცენტრში ასევე გვითხრეს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე პროგრამა, რომელიც ამ გამოკვლევებს დააფინანსებს. ეს ინფორმაცია ასევე დაგვიდასტურა ჯანდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც განგვიმარტა, რომ C ჰეპატიტთან დაკავშირებული გამოკვლევები და მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული; ჯერ-ჯერობით რაიმე პროგრამა, რომელიც ან გამოკვლევებს, ან თუნდაც მკურნალობას დააფინანსებს, არ არსებობს. რაც შეეხება დაზღვევის მიერ C ჰეპატიტის გამოკვლევების ანაზღაურებას, ეს პირადად სადაზღვევო პაკეტის ტიპზეა დამოკიდებული, რომელსაც კლიენტი თავად სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას ირჩევს.
დასკვნა
დეპუტატ ფრიდონ საყვარელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის საკითხი დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, ვინაიდან ამ ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მაღალია. ასევე, ძალიან მაღალია მკურნალობის ხარჯები, რომლის გაიაფებისთვისაც ჯანმრთელობის სამინისტრო მუშაობს, თუმცა, მარტო მედიკამენტების გაიაფება საკმარისი არ არის. ადამიანები ვერ მიდიან მედიკამენტებამდე, რადგან მარტო გამოკვლევა ჯდება 1000 ლარზე მეტი.
ჩვენს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სრულყოფილი გამოკვლევა დაახლოებით 1500 ლარი ჯდება. ეს ხარჯები დაახლოებით მსგავსია სხვა ცენტრებშიც, სადაც C ჰეპატიტს იკვლევენ და მკურნალობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს საქართველოში არ არსებობს რაიმე მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ამ გამოკვლევის ხარჯებს დააფინანსებდა.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ფრიდონ საყვარელიძის განცხადება: ‘’C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ადამიანი ვერ მიდის პრეპარატამდე, რადგან გამოკვლევა 1000 ლარზე მეტი ჯდება,’’ არის სიმართლე.