წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის შემმოწმებელი დროებითი კომისიის ანგარიშის წარდგენისას, მთავარმა მომხსენებელმა ნოდარ ებანოიძემ (ხარაგაულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება“) კონტროლის პალატაში საშტატო ერთეულების ხელოვნურად გაზრდის ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს აღნიშნულ სტრუქტურაში ოფიციალურად დამტკიცებულ საშტატო ნუსხასთან შედარებით რეალურად ბევრად ნაკლები ადამიანი მუშაობდა. ხოლო ის თანხა, რომელიც არარსებული თანამშრომლებისთვის ხელფასის სახით იყო გაწერილი, პრემირებისთვის გამოიყენებოდა.
ნოდარ ებანოიძის საპასუხოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა: „რაც შეეხება თანამშრომლების შტატების გაბერვას, ბატონო ნოდარ, თქვენს რაიონში, საიდანაც თქვენ ბრძანდებით მაჟორიტარი დეპუტატი, 130 ადამიანი მუშაობდა არჩევნებამდე, ახლა მუშაობს 240 ადამიანი. აი, ეს არის რეალურად თანამშრომლების შტატების გაბერვა“.
გიორგი ვაშაძესთან საუბრისას დავაზუსტეთ, რომ განცხადებისას მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ერთად იგულისხმა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა რაოდენობა მართლაც გაიზარდა თუ არა და გიორგი ვაშაძის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს მივმართეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა გოგსაძემ, სატელეფონო საუბრისას განგვიმარტა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკრებულოში დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს, მათგან სამუშაო ადგილი არცერთს არ დაუტოვებია და რადგანაც ის არჩევითი ორგანოა, არც ვინმე დამატებია. რაც შეეხება საკრებულოს აპარატს, აქ არჩევნებამდე 9 ადამიანი იყო დასაქმებული და ეს მაჩვენებელი დღემდე იგივეა.
თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდანაც გამოვითხოვეთ. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 154 თანამშრომელი იყო დასაქმებული. 2013 წლის 9 ივლისის მონაცემებით კი 137 საშტატო ერთეული ფიქსირდება. თუმცა, ამას ხელშეკრულებით აყვანილი 56 თანამშრომელი ემატება, რომლებიც ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე დაკავებული სამუშაო ადგილებიდან ავტომატურად გათავისუფლდებიან. ანუ, დღეის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 193 თანამშრომელია დასაქმებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კობა ლურსმანაშვილთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ხელშეკრულებით დამატებითი კადრების აყვანა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, შეიქმნა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მუშა ჯგუფები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით გარკვეულ კვლევით სამუშაოებს ატარებენ. აგრეთვე, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული კონტიგენტი საკმარისი არ აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებულებით სამაშველო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა.
დასკვნაროგორც ზემოთ ვნახეთ, ამ მომენტისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯამში 36 ადამიანია დასაქმებული (27 დეპუტატი და 9 აპარატის თანამშრომელი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი - 193 (აქედან 137 საშტატო ერთეულია, ხოლო 56 კი ხელშეკრულებით აყვანილი დროებითი თანამშრომელი). მთლიანობაში კი დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 229 თანამშრომელი მუშაობს.
2012წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ხარაგაულის რაიონის მუნიციპალიტეტში (საკრებულოსა და გამგეობაში ერთად) ჯამში მუშაობდა 190 და არა 130 თანამშრომელი, ამ მომენტისათვის კი მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანობაში არის 229 და არა 240. წინა წელთან შედარებით თანამშრომელთა რაოდენობრივი ზრდა მართლაც ფიქსირდება, თუმცა, არა ისეთი, როგორზეც გიორგი ვაშაძემ მიუთითებს. ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ინფორმაციას მიხედვით, ზრდა არა საშტატო ერთეულის მატებამ, არამედ დროებითი თანამშრომლების დაქირავებამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, ზრდა მაინც ფიქსირდება და გიორგი ვაშაძეს განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, რაოდენობის მატება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე მოდიოდა თუ შტატების დამატებაზე.
ამრიგად, ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება: „რაც შეეხება თანამშრომლების შტატების გაბერვას, ბატონო ნოდარ [ებანოიძე], რაიონში, საიდანაც თქვენ ბრძანდებით მაჟორიტარი დეპუტატი, 130 ადამიანი მუშაობდა არჩევნებამდე, ახლა მუშაობს 240 ადამიანი“, არის ნახევრად სიმართლე.