იტვირთება

2013

წლის 15 მაისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,  ჩიორა თაქთაქიშვილმა, განაცხადა: „საერთაშორისო სამართლით ომს არ იწყებს კონკრეტული პირი. მესმის, რომ თქვენ გამოძრავებთ ზიზღი და აგრესია ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ  ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო იქნება დადანაშაულებული სახელმწიფო ომის დაწყებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ვალდებულება აღიაროს "სამხრეთ ოსეთის" და "აფხაზეთის" დამოუკიდებლობა.“

„ფაქტ-მეტრი“დაინტერესდა, თუ რამდენად წარმოშობს „საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში“ ქვეყნისთვის ვალდებულებას აღიაროს "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" დამოუკიდებლობა.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის  პროფესორი,  ჯეიმს კროუფორდი მის ნაშრომში „სახელმწიფოებრიობა

“ აღნიშნავს: საერთაშორისო სამართლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის აღიარება, წარმოადგენს სახელმწიფოს/სახელმწიფოთა დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არა სამართლებრივ ვალდებულებას.

საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებს ავალდებულებს: არ აღიარონ ისეთი ტერიტორიული ერთეულის დამოუკიდებლობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით შეიქმნა. ასეთი ტერიტორიული ერთეულის აღიარება მესამე ქვეყნის მიერ დაზარალებული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში უკანონო ჩარევას წარმოადგენს, რაც  გაეროს წესდებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ პრინციპებს

ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს რომ, ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფოებრივი სტატუსი (ე.წ საერთაშორისო სამართლის სუბიექტუნარიანობა) აღიარების აქტისა და სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმებისგან დამოუკიდებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, სახელმწიფომ/სახელმწიფოებმა ტერიტორიული ერთეულის დამოუკიდებლობა აღიარონ, მაგრამ საერთაშორისო სამართლის თანახმად, მხოლოდ აღიარება არაა საკმარისი იმისათვის, რომ ტერიტორიული ერთეული დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს  და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსი შეიძინოს.

თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარებით, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებით, შექმნა  სახელწიფო - კოსოვო, რომელიც საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

აღსანიშნავია, რომ კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას საფუძვლად  დაედო იუგოსლავიის დაშლის კონტექსტი, კოსოვოელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ეთნიკური წმენდა და გენოციდი.

შედეგად, კოსოვოში განვითარებულმა მოვლენებმა, 80-ზე მეტ სახელმწიფოს მიაღებინა გადაწყვეტილება ეღიარებინათ ამ ტერიტორიული ერთეულის დამოუკიდებლობა.

საქართველოს  წინაშე  ტერიტორიული ერთეულის (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობის აღიარების ვალდებულება იმ შემთხევაშიც არ დადგება თუ მან "ომი თავისივე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო". თუმცა, ჰიპოთეტურად, კოსოვოს შემთხვევა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თუკი დადასტურდება, რომ აგრესია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" წინააღმდეგ საქართველომ განახორციელა, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, დღის წესრიგში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დადგეს.

დასკვნა

საერთაშორისო სამართლის დოქტრინაში არ მოიძებნა ნორმა, რომელიც „ომის დამწყებ“ სახელმწიფოს ავალდებულებს, თავისი ტერიტორიული ერთეულების დამოუკიდებლობა აღიაროს. თუმცა, არსებობს შემთხვევა, სადაც ტერიტორიულმა ერთეულმა (კოსოვო) დამოუკიდებლობა დედა სახელმწიფოს (სერბეთი) აღიარების გარეშეც მოიპოვა.

სამართლებრივ კვლევაზე დაყრდნობით ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ  ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება: „[თუ] საქართველო იქნება დადანაშაულებული  სახელმწიფო, ომის დაწყებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ვალდებულება აღიაროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3141 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი