ახალგაზრდებში, ბავშვებში კატასტროფულად არის გაზრდილი სიმსივნური დაავადებები. რატომაა ეს? მწვანე საფარი არის ქალაქში ძალიან ცოტა, 3-4 კვ.მ-ია ერთ სულ მოსახლეზე

ალეკო ელისაშვილი: ახალგაზრდებში, ბავშვებში კატასტროფულად არის გაზრდილი სიმსივნური დაავადებები. რატომაა ეს? მწვანე საფარი არის ქალაქში ძალიან ცოტა, 3-4 კვ.მ-ია ერთ სულ მოსახლეზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ანუ დაავადების ახალი შემთხვევები საქართველოს მასშტაბით, 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იზრდება (გამონაკლისია 2022 წელი). იმ ასაკობრივ კატეგორიაში (ახალგაზრდებში, ბავშვებში), რომელზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, ბოლო წლების განმავლობაში უფრო სტაბილური ვითარებაა და მონაცემი თითქმის უცვლელად ნარჩუნდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო 2021 წლის სტატისტიკური ცნობარის მიხედვითაც, 0-15 წლამდე და 15-20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე ახალ შემთხვევათა მხოლოდ 1.4% მოდიოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისზე საუბრობს. ჩვენ განვიხილეთ მთლიანი საქართველოს მასშტაბით სიმსივნეების ახალი შემთხვევები, რადგან ცალკე დედაქალაქის მონაცემი საქსტატს გამოყოფილი არ აქვს.
რაც შეეხება თბილისში მწვანე საფარის რაოდენობას ერთ სულ მოსახლეზე, დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მონაცემით, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3 მ2 მწვანე სივრცე მოდიოდა, რას ევროპის საშუალო მაჩვენებელს (15-22მ2) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ისიც სიმართლეა, რომ თბილისის ჰაერი მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული. განსაკუთრებით მყარი ნაწილაკებით (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდით (NO2) და ოზონით (O3).მართალია, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეული არ არის. ასევე სიმართლეა, რომ ონკოლოგიურ დაავადებებსა და გარემოს დაბინძურებას შორის გარკვეული კორელაცია არსებობს.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულაზე“ სტუმრობისასა სხვა საკითხებთან ერთად ონკოლოგიური დაავადებების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ახალგაზრდებში, ბავშვებში, კატასტროფულადაა გაზრდილი სიმსივნური დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები.წლების სტატისტიკა რომ ნახოთ, ბოლო დროს არის კოშმარი...რატომაა ეს სიმსივნური დაავადებები?ერთი, რომ მწვანე საფარი ქალაქში არის ძალიან ცოტა, 3-4 კვ.მ-ია ერთ სულ მოსახლეზე, როცა ნორმალურ ქალაქებში, მაგალითად, სტოკჰოლმში სიმწვანე არის 70 კვ.მ ერთ სულ მოსახლეზე...ასიათასობით და ათიათასობით მანქანა რომ დგას ერთ ადგილზე, იქ არის გამონაბოლქვი, ეს გამონაბოლქვი არ ნიავდება, მძიმე მეტალები, მათ შორის, ტყვია, რასაც ბენზინი და სხვა საწვავი შეიცავს, ილექება ერთი მეტრის სიმაღლეზე, ზუსტად ამ სიმაღლეზე სუნთქავენ ბავშვები“.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სიმსივნით დაავადების 13 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2023 წელს იგივე მონაცემი 12 800 იყო, 2022 წელს სიმსივნის დიაგნოზი 11 200 პაციენტს დაესვა. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სიმსივნის ახალი შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება.

გრაფიკი 1: საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნეების რიცხოვნობა (ათასი), ახალი შემთხვევების სტატისტიკა


წყარო: საქსტატი

რაც შეეხება მოზარდებში (0-14 წლამდე) სიმსივნის გავრცელებას, 2024 წელს სიმსივნე 100 ბავშვს გამოუვლინდა, საქსტატის მიხედვით, 2015 წლიდან მოყოლებული, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემთხვევათა რაოდენობა არ იზრდება. ბოლო წლებში ეს მონაცემი ყველაზე მაღალი 2014 წელს იყო, როცა სიმსივნის დიაგნოზი 600 მოზარდს დაუდასტურდა (2014 წლის მაღალი მაჩვენებელი, დაავადების რეგისტრირების ახალ სისტემაზე გადასვლით არის განპირობებული).

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო 2021 წლის სტატისტიკური ცნობარის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ყველა ლოკალიზაციის კიბოს 10432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 53% ქალებში, 47% კი კაცებში აღირიცხა.

ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 67% ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში (30-70 წელი) იყო რეგისტრირებული, შემთხვევათა 29% - 70 წელზე უფროსს ასაკობრივ ჯგუფში. 0-15 წლამდე და 15-20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა შემთხვევათა მხოლოდ 1.4%.

რაც შეეხება თბილისში მწვანე სივრცის რაოდენობას, ან ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტს, აღნიშნულის ოფიციალური სტატისტიკა ღია წყაროებში არ იძებნება.

საბჭოთა სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 მ2 უნდა ყოფილიყო, თუმცა, თბილისში ეს მაჩვენებელი არც საბჭოთა პერიოდში იყო დაცული. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და 13 მ2 შეადგინა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ურბანულ ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული სივრცეების რაოდენობა 3 მ2-ზე ნაკლებია. ამავე გეგმის რეკომენდაციით, 2030 წლისთვის აღნიშნული მონაცემი სამჯერ უნდა გაუმჯობესდეს და 10 მ2-ს მიაღწიოს. თუმცა ევროპულ სტანდარტთან შედარებით, ეს მონაცემიც ძალიან დაბალია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის რაოდენობა 9მ2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, იდეალური რაოდენობა 50 მ2-ია.

რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს, ევროპის საშუალო მაჩვენებელი 15-22 მ2-ია ერთ სულ მოსახლეზე. კონკრეტულად, ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებულ სტოკჰოლმი, როგორც კვლევებით დასტურდება, ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია ევროპაში. ქალაქის 43% მწვანე სივრცეებს უჭირავს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის რაოდენობა 70 მ2-ია.

ალეკო ელისაშვილი სიმსივნეების გავრცელებას გარემოს დაბინძურებას უკავშირებს. ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დაბინძურებული გარემო ნამდვილად არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად დაასახელა.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემები ცხადყოფს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები თბილისში არსებობს, მათ შორის - მყარი ნაწილაკებით (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდით (NO2) და ოზონით (O3).

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ანგარიშის მიხედვით, მყარი ნაწილაკები PM10 და PM2.5 უმცირესი ზომის ნაწილაკებია, რომელთა (აეროდინამიკური) დიამეტრი, შესაბამისად, 10 და 2.5 მიკრომეტრზე (მკმ) ნაკლებია. ეს ნაწილაკები შესუნთქვით ხვდება ადამიანის ორგანიზმში და უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. მყარი ნაწილაკების პოტენციურ ნეგატიურ ეფექტებს შორის არის სუნთქვის პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და განვითარების პრობლემები ბავშვებში. მათი ხანგრძლივი ზემოქმედება დაკავშირებულია ფილტვის და სხვა სახის სიმსივნის გაზრდილ რისკთან. გარდა ამისა, არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ მყარი ნაწილაკების ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კოგნიტიურ დაქვეითებას და დემენციას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მთლიანობაში, მყარი ნაწილაკების ზემოქმედება იდენტიფიცირებულია, როგორც ნაადრევი სიკვდილის და ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების გამომწვევი.

აზოტის დიოქსიდის ჯანმრთელობაზე პოტენციურ ნეგატიურ ეფექტებს შორისაა სასუნთქი გზების გაღიზიანება, ფილტვის დაავადებების გამწვავება, ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, რესპირატორული ინფექციების გაზრდილი რისკი, გულსისხლძარღვთა პრობლემები და განვითარების პრობლემები ბავშვებში. ასევე, ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს პოტენციური კავშირი აზოტის დიოქსიდის ხანგრძლივ ზემოქმედებასა და კოგნიტიურ დაქვეითებასა და დემენციას შორის, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

აზოტის ოქსიდები წარმოიქმნება და გამოიყოფა წვის პროცესში, განსაკუთრებით ზომიერ და მაღალ ტემპერატურაზე. ურბანულ გარემოში, როგორიცაა თბილისი, ტრანსპორტი აზოტის ოქსიდების ემისიების მთავარი კონტრიბუტორია (62%), ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ პროცესებს, რომლებიც წარმოქმნიან სითბოს ან ენერგიას, როგორიცაა საყოფაცხოვრებო გათბობა/ საყოფაცხოვრებო ენერგიის მოხმარება (23%) და წვის სტაციონარული წყაროები (9%). დანარჩენი (6%) გამოიყოფა პროცესების მეშვეობით, რომლებიც იყენებენ სითბოს ან ენერგიას.

ოზონი ჰაერის მეორადი დამაბინძურებელია. კერძოდ, ოზონი წარმოიქმნება ატმოსფერული ქიმიური პროცესების შედეგად, რომელშიც სხვადასხვა ნაერთი მონაწილეობს, როგორიცაა აქროლადი ორგანული ნაერთები, აზოტის ოქსიდები, ნახშირბადის მონოქსიდი და წყალი. ამ რეაქციების მაინიციირებელია მზის სინათლე, რომელიც განაპირობებს ოზონის წარმოქმნას რადიკალების წარმოქმნის გზით. ამ პროცესებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული პრეკურსორის რაოდენობა, არამედ ნაერთების ნარევის შემადგენლობა რომელიც რთულ ურთიერთქმედებაში შედის ერთმანეთთან.

2024 წლის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს თბილისში საბაზისო დონესთან შედარებით მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შემცირებულია, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მხრივ, მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუარესებულია და მონიტორინგის 15 პუნქტზე წლიურ ნორმას (40 მკგ/მ3) აღემატება. აზოტის დიოქსიდის (NO₂) გაფრქვევების შემცირების მხრივ, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი და ავტომობილების ზრდის მაღალი ტემპი, რაც ამჟამად ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ანგარიშის შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და მისი ჯანმრთელობაზე გავლენის შეფასების მიმართულებით პროგრესი მინიმალურია.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს და განსაკუთრებით აუცილებელია აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის შემცირება, რომლის ძირითადი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. ასევე, სიმართლეა, რომ მწვანე საფარის რაოდენობა თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 5 მ2-ს არ აღემატება და შესაბამისად, ევროპის საშუალო მაჩვენებელს (15-22 მ2-ია) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ისიც სიმართლეა, რომ ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დაბინძურებული გარემოა, თუმცა ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი იმ ასაკობრივ კატეგორიაში (ბავშვები და მოზარდები), რომელსაც ალეკო ელისაშვილი ასახელებს, უფრო ნაკლები ტემპით იზრდება, ვიდრე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში. ისიც აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში, ჩვენ მთლიანი საქართველოს სტატისტიკური მონაცემი გვაქვს გამოყენებული და არა დედაქალაქის, რომელიც საქსტატის სტატისტიკაში, ცალკე გამოყოფილი არ არის. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.