ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში

თაზო დათუნაშვილი: ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის სიმართლე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მონაცემებით, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 19.1%-ს შეადგენს, რაც 708,764 ადამიანსა და 184,064 ოჯახს მოიცავს.
ბოლო წლებში ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა — 2019 წელთან შედარებით ზრდა დაახლოებით 66%-ია.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ თაზო დათუნაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა: „ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საარსებო შემწეობის პროგრამის მიზანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. თუ ოჯახს სოციალური დახმარება სჭირდება, ის მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს და რეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. შემდგომ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რაც სარეიტინგო ქულის დადგენის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ ქულის მიხედვით განისაზღვრება ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა სახის შეღავათები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველ პირთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1 301 179 პირი [396 839 ოჯახი] არის რეგისტრირებული, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 35%-ს შეადგენს. მათგან 708,764 ადამიანი (184,064 ოჯახი) საარსებო შემწეობას იღებს, რაც მოსახლეობის 19.1%-ს შეადგენს[i]. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 947-ით (298 ოჯახით) გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 18,268 ადამიანით (4,512 ოჯახით) არის გაზრდილი.

2020-2025 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 281,391-ით, დაახლოებით 66%-ით, არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან (%)


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ბოლო წლებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში, ზრდა ძირითადად მოქალაქეთა მხრიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მიმართვიანობის მატებას უკავშირდება. გარდა ამისა, ბენეფიციართა რაოდენობის მატებაზე პირდაპირი გავლენა ხელისუფლების მიერ გატარებულმა სოციალურ პოლიტიკამ და პროგრამების გაფართოებამ იქონია. კერძოდ, 2021 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე, ასევე ფულადი დახმარების ოდენობა. 2022 წლის გაზაფხულიდან კი ამოქმედდა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე. პროგრამის მონაწილეები, საარსებო შემწეობის გარდა, ყოველთვიურად იღებენ დამატებით 300 ლარს, ხოლო მათი ოჯახები 4 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველის სტატუსსა და შესაბამის ბენეფიტებს.

როგორც სტატისტიკური ინფორმაციის, ასევე კონტექსტის სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ თაზო დათუნაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[i] აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ ოჯახების/პირების რაოდენობასაც.