საქართველოში ვიზიტად მყოფმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრები გამართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საამიროებიდან 6 მლრდ დოლარიან ინვესტიციას ელიან.
გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა - მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა, შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2025 წლის იანვარში გაფორმდა. ოფიციალურ დონეზე არაფერია გადაწყვეტილი, არაბულ ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI)-ზე დაიწერა, რომ თბილისში პროექტ კრწანისის პარკის მიხედვით, 590 ჰა ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართები აშენდება, ხოლო გონიოში 260 ჰა ტერიტორიაზე სასტუმროები, პარკები და რეზიდენციები. წყაროს ცნობით ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 5.7 მლრდ უნდა ყოფილიყო.
ლევან დავითაშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყებოდა და მისი სავარაუდო ხანგრძლივობა 3-5 წელი იქნებოდა.
როდის, როგორ, რა ფორმით და რა მოცულობით განხორციელდება დასახელებული პროექტი, წინასწარ თქმა შეუძლებელია. დასახელებული თანხა - 6 მლრდ დოლარი აქამდე საამიროებიდან განხორციელებულ ჯამურ ინვესტიციების მოცულობას - 1.2 მლრდ დოლარს, ხუთჯერ აღემატება.
36 მლნ დოლარიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, 2024 წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მე-13 ადგილი დაიკავა, თუმცა ჯამურად 1996-2024 წლებში შემოსული 1.2 მლრდ-იანი ინვესტიციის ხარჯზე მე-7 ადგილზე იმყოფება.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1996-2024 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საამიროებიდან ინვესტიციების შემოსვლა ფაქტობრივად 2007 წლიდან იწყება (1996-2006 წლებში ჯამურმა ინვესტიციამ საამიროებიდან 1 მლნ დოლარზე ნაკლები შეადგინა). 2007 წელს ინვესტიციების მოცულობამ 120 მლნ-ს, ხოლო 2008 წელს 307 მლნ დოლარს მიღწია და პირველი ადგილი დაიკავა. საამიროებმა 163 მლნ-იანი ინვესტიციით პირველი ადგილი 2009 წელსაც შეინარჩუნა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საამიროებიდან ინვესტიციებმა მაქსიმალურ 147 მლნ დოლარიან მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია. 2017 წლის შემდეგ ინვესტიციები აბუ-დაბიდან 42 მლნ დოლარს აღარ გადასცდენია. 2025 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციებმა 44 მლნ დოლარს მიაღწია, მაგრამ მხოლოდ ორი კვარტლის მაჩვენებელი ტენდენციის ცვლილებას ჯერჯერობით ვერ ადასტურებს.
გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რომელმა ქვეყანამ რა სფეროში ჩადო ინვესტიცია, ამის შესახებ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალზე ინფორმაცია 2016 წლიდან მოიპოვება. 2016 წელს საამიროებიდან შემოსული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი 57 მლნ-ზე მეტი სასტუმროებსა და რესტორნებში ჩაიდო, 5 მლნ-ზე მეტი ვაჭრობაში, უძრავი ქონების მიმართულებით კი თითქმის 10 მლნ დოლარიანი ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა. 2017 წელს საამიროებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია 50 მლნ დოლარის ოდენობით პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობებში განხორციელდა, 42 მლნ უძრავ ქონებაში ჩაიდო, 25 მლნ - სასტუმროებსა და რესტორნებში, 12 მლნ - მშენებლობაში, 6 მლნ - ვაჭრობაში.
შემდეგ წლებში საემიროებიდან ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ინტერესის სფეროები მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. 2024 წელს 28 მლნ დოლარი სასტუმროებსა და რესტორნებში ჩაიდო, 16 მლნ - ტრანსპორტში, 13 მლნ - საფინანსო სფეროში, ვაჭრობიდან 4 მლნ-ის გადინება დაფიქსირდა, უძრავი ქონებიდან - 7 მლნ-ის.
კონკრეტული პროექტების მიხედვით, ყველაზე ცნობილი ინვესტიცია ბილტმორის სასტუმროა, რომლის მშენებლობაც 140 მლნ დოლარი დაჯდა და 2016 წელს გაიხსნა. ამჟამად არაბული Ras Al Khaimah Investment Authority-ის მფლობელობაშია ასევე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასიც.
ორ ქვეყანას შორის, ბოლო წლებში უფრო სტაბილურად ვაჭრობის მიმართულება განვითარდა. ბრუნვის დიდი ნაწილი მობილური ტელეფონების იმპორტზე მოდის.
2024 წელის მდგომარეობით, საქართველოდან საამიროებში ექსპორტზე 42 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, საამიროებიდან იმპორტმა კი ექსპორტს 8-ჯერ გადააჭარბა და 335 მლნ დოლარს მიაღწია.
გრაფიკი 3: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, გაერთიანებულ საამიროებთან იმპორტი გაორმაგდა, თუმცა ექსპორტი ერთი მესამედით შემცირდა.
მცირე ექსპორტში პირველ ადგილს 9 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მეორე ადგილზე 5 მლნ დოლარით საფრენი აპარატებია, ხოლო მესამეზე 4 მლნ დოლარით ტრაქტორები და სატვირთოები. 42მლნ-დან 26 მლნ რეექსპორტია.
რაც შეეხება იმპორტს, მისი ნახევარი 166 მლნ დოლარი მობილურ ტელეფონებზე მოდის. საამიროებიდან მობილური ტელეფონების იმპორტის მოცულობა იმავე ქვეყნიდან მეორე ადგილზე მყოფ მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მოცულობას 10-ჯერ და მესამე ადგილზე მყოფ გამომთვლელ მანქანების იმპორტის მოცულობას 12-ჯერ აჭარბებს. ათეულში ასევე გვხვდება თამბაქოს ნაწარმი, ნავთობპროდუქტები და მეტალოკონსტრუქციები.
2013-2024 წლებში, 2015 წლის გამოკლებით, საამიროებიდან მობილური ტელეფონები იმპორტში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა და მისი წილი ზოგჯერ 50%-საც სცდებოდა.
საამიროები თავად ტექნიკის მწარმოებელი არაა და მობილური ტელეფონები, რომლებიც საქართველოში შემოდის, ძირითადად ვიეტნამსა და ჩინეთშია აწყობილი.
საამიროებმა ექსპორტში 0.6%-იანი წილით მე-20, იმპორტში 2%-იანი წილით მე-9, ხოლო მთლიან ბრუნვაში 1.6%-იანი წილით მე-14 ადგილი დაიკავა.
გრაფიკი 4: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2024 წელს (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ფულად გზავნილებში საამიროების წილი 2024 წლის მდგომარეობით 0.6%-ია (21 მლნ დოლარი 3.4 მლრდ-დან). ვიზიტორთა რაოდენობაში კიდევ უფრო ნაკლები 0.2% (15 ათასი 6.5 მლნ-დან), თუმცა საამიროების მოქალაქე ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველია და 2024 წლის მონაცემებით ერთი ვიზიტორი ქვეყანაში საშუალოდ 3940 ლარს ხარჯავდა.
საამიროები უფრო პოპულარული საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმოჩნდა და 2024 წელს მან თურქეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ 4%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.
საამიროები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმზიდველი არ ყოფილა. 2023 წელს ეს ქვეყანა 28 მლნ ადამიანმა მოინახულა, რითაც ის მე-12 ადგილზე გავიდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით - 52 მლრდ დოლარი კი მეექვსეზე.
საამიროები ნავთობით მდიდარ იმ გამონაკლის ქვეყანათა სიაშია, რომელმაც ეკონომიკის დივერსიფიკაცია მოახდინა და მხოლოდ წიაღისეულის ფასებზე აღარაა დამოკიდებული. სხვა სფეროებს კი ძირითადად ტურიზმი, ავიაცია და ლოჯისტიკა წარმოადგენს. დუბაი 35 მლრდ დოლარად აშენებს აეროპორტს, რომელსაც 5 ასაფრენი ბილიკი ექნება და რომლის საპროექტო მგზავრთა ნაკადი წლიურად 260 მლნ-ს მიაღწევს. 2024 წელს ყველაზე დატვირთული ატლანტას აეროპორტი (აშშ. ჯორჯიას შტატი) 108 მლნ მგზავრს მოემსახურა. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საამიროებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 78 ათას დოლარს აღწევს და ამ მაჩვემებლით მე-15 ადგილს იკავებს (რიგითობაში კუნძულოვანი და არადამოუკიდებელი ქვეყნები: კაიმანი, ბერმუდა, ფარერები... გათვალისწინებული არ არის).
საქართველოს და საემიროებს ერთმანეთთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. საამიროების არსებული ეკონომიკური პოტენციალი ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელს ხდის, ჩანს პოლიტიკური დაინტერესებაც, თუმცა საბოლოო ჯამში მართლაც შემოვა, თუ - არა ახალი ინვესტიციები, რა მოცულობით და რა პერიოდში, ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.