შალვა პაპუაშვილი: [ეუთოს] მისიის ხელმძღვანელმა ზეპირად ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს
ანალიზი
ჟურნალისტებთან საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, „საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს“.
აღნიშნულ საკითხს „ფაქტ-მეტრმა“ დეტალური, სიღრმისეული სტატია უკვე მიუძღვნა.
ეუთო/ოდირი, მისიის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ ახდენს არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას. სადამკვირვებლო მისიის მანდატი არის იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ეს ცალსახად აღნიშნულია ეუთო/ოდირის როგორც წინასწარ, ისე საბოლოო ანგარიშში. მეტიც, საბოლოო ანგარიშის თანმდევ პრეს-რელიზში ხაზგასმულია, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“.
მეტიც, ამავე პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
ანგარიშში საუბარია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ მასშტაბურ დარღვევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მისიის შეფასებითვე, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებსა და ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან. მისიის მერ გამოვლენილ შემთხვევებს შორის გახლავთ ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირება (დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში); ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, მოწყვლადი ჯგუფების დაშინება და ხმების მოსყიდვა; მარკირების შემოწმების ან გამოყენების უგულებელყოფა (დაკვირვების შემთხვევათა 7% და 4%-ში); კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობა, გამოყენებული ვიზუალური მასალა და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე; სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლების შეზღუდვა და საჩივრების არასათანადო განხილვა და სხვ.
სადამკვირვებლო მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.
დასკვნის სახით ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისივე შეფასებით, არსებითად დიდი რიცხვია, საარჩევნო „პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 27 ოქტომბერს ეუთო/ოდირის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა, საარჩევნო პროცესის შეფასებისას, ფორმულირება „არჩეული ხელმძღვანელობა“ გამოიყენა: „მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას“. შალვა პაპუაშვილს ადრეც გამოუყენებია ეს განცხადება იმის სამტკიცებლად, რომ ეუთოს დასკვნით, „საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმულირებები ეუთო/ოდირის არც წინასწარ და არც საბოლოო ანგარიშში არ გვხვდება. სამაგიეროდ, მოყვანილია მთელი რიგი ფუნდამენტური და მასშტაბური დარღვევებისა, რომლებზეც თავად სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საუბრობს. ეს დარღვევები არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარდა.
აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ 2016 და 2020 წლებში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შეფასებებისგან განსხვავებით, როდესაც ეუთო/ოდირი გარკვეულ კრიტიკულ დასკვნებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ამგვარად არჩევნების შედეგების სანდოობაზე მიუთითებდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მსგავსი ჩანაწერი აღარ გვხვდება.