შალვა პაპუაშვილი: „უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ, საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
2025 წლის 2 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აკმაყოფილებდეს იმ პირობებს, რომლებიც არ შეუქმნის საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციული ნაკადებისა და დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. მისი თქმით, ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან კარგი, „სამაგალითო“ მაჩვენებლები აქვს.
„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.
2018 წელს ევროკომისიამ დაამტკიცა რეგულაცია 2018/1806, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უვიზო რეჟიმის შეჩერების კრიტერიუმებს განსაზღვრავს.
კერძოდ, რეგულაციის მე-8 მუხლის თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
- მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში შესვლაზე უარის თქმის ან ევროკავშირში უკანონოდ ყოფნის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება;
- თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი მატება სტატუსის აღიარების დაბალი მაჩვენებლის პირობებში;
- რეადმისიაზე თანამშრომლობის შემცირება;
- საზოგადოებრივი წესრიგისთვის მომატებული რისკები, მათ შორის, კრიმინალური შემთხვევების ზრდა.[1]
თუ ზემოხსენებულიდან ერთი ან მეტი გამოწვევა ზედიზედ, ორი თვის განმავლობაში, ფიქსირდება, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიას ატყობინებს.
გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ევროკომისია რეგულარულად აფასებს მესამე ქვეყნების შესაბამისობას რეგულაციის 1-ელი მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან, რომელთა დაკმაყოფილების საფუძველზე, მესამე ქვეყანას უვიზო რეჟიმი მიენიჭა. ეს კრიტერიუმები, მათ შორის, ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას მოიცავს.
ქვეყნის შეუსაბამობა ერთ ან მეტ კრიტერიუმთან შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციირების საფუძველი გახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ საჭიროებს ევროკავშირის სრული შემადგენლობის თანხმობას და ამისთვის მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის (ანუ 2/3-ის) მხარდაჭერაა საკმარისი.
რეგულაცია 2018/1806-ის შესაბამისად, ევროკომისია ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და მათ აფასებს რამდენიმე მიმართულებით:
- სავიზო პოლიტიკის თანხვედრა;
- დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით;
- საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა;
- საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
- მიგრაციისა და რეადმისიის ტენდენციები;
- საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.
როგორც ვხედავთ, უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის, მიგრაციული ნაკადები და კრიმინალი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორი.
ევროკომისიის ბოლო, რიგით მეშვიდე, ანგარიში, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2022 წელთან შედარებით 8%-იანი შემცირების მიუხედავად, 2023 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კვლავ მაღალი იყო და 24 375-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, წლიდან წლამდე, შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იმატებდა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მიერ დადგენილი 50%-იანი ზღვარი გარკვეულ ქვეყნებში (მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში) არაერთხელ გადაილახა. მაგალითად, ევროკომისიის მეორე ანგარიშის მიხედვით, „2018 წლის პირველ ნახევარში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა - 2018 წლის პირველ ნახევარში მიღებული იყო 9,680 თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 4,770“. ანუ დღეისათვის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, გაზრდილია, დაახლოებით, 150%-ით.
2024 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს 8%-ით შემცირდა შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი - 4,015-დან 3,680-მდე. თუმცა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არარეგულარულად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, 12%-ით გაიზარდა - 22,005 ადამიანიდან 24,595 ადამიანამდე. ამავდროულად, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება უვიზო რეჟიმის შემოღებამდე არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, 2016 წელს შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი - 810, ხოლო უკანონოდ მყოფი ადამიანების რიცხვი 5,240 იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაცია 2018/1806-ის შესაბამისად, ახალ მონაცემებს ადარებენ წინა წლის ანალოგიური პერიოდის ან უვიზო რეჟიმის შემოღებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში არსებულ მონაცემებთან, საქართველოს მაჩვენებელი თავშესაფრის მოთხოვნის, შესვლაზე უარის თქმის თუ უკანონო დარჩენის კუთხით, „სამაგალითო“ სულაც არ არის.
გარდა ამისა, საკუთარ განცხადებაში შალვა პაპუაშვილი უგულებელყოფს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი გახდეს.
ევროკომისიის ბოლო ანგარიშში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს. მეტიც, ანგარიშის თანახმად, „საქართველოს არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“.
კომისიის შეფასება განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმის მიმართ. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ „საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომლის გამოყენებაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს“. ანგარიშში მოყვანილია 2024 წლის მაისში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და აღნიშნულია, რომ ეს კანონები „ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას“ და „არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს“.
ანგარიშში ასევე მოცემულია რვა რეკომენდაცია, რომლებიც, მათ შორის, ზემოხსენებული კანონების გაუქმებასაც მოიცავს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ „საქართველომ უნდა მიიღოს მყისიერი ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება“.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.