საქართველო პირნათლად ასრულებს [ევროინტეგრაციის გზაზე] ნაკისრ ვალდებულებებს

მამუკა მდინარაძე: საქართველო პირნათლად ასრულებს [ევროინტეგრაციის გზაზე] ნაკისრ ვალდებულებებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

ევროინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობა შეაფასა თავად ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო იმ მიზეზით შეაჩერა, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებების კურსი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. კერძოდ, 2024 წლის 30 ოქტომბერს მიღებული კომუნიკაციის დოკუმენტით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ამავე კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე, ოფიციალური პირების მხრიდან ანტიევროპული რიტორიკის გაძლიერებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ უკუსვლა განიცადა ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ კლასტერს მიკუთვნებულ, საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. კერძოდ, ევროკომისიის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ უკან დაიხია მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით.
ევროკავშირის მოწოდებების გათვალისწინების ნაცვლად, გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა და განაგრძო ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებელი ნაბიჯების გადადგმა. ამ ნაბიჯებს შორის იყო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებები, ასევე, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.
ამასთან, ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ბოლო, მეშვიდე, ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია და პირდაპირ აცხადებს, რომ 2024 წელს მიღებული კანონები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - „ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას“ და „არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს“. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ რისკის ქვეშ დააყენა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი - უვიზო რეჟიმი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

ანალიზი

2025 წლის 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ევროინტეგრაციის გზაზე ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს. მისივე თქმით, „ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის, საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს“.

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და გამოხატა მზადყოფნა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭოს. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი გახდა, რაც ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ყოველწლიურ შეფასებას გულისხმობს.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან, შესრულებულად მხოლოდ სამი ჩათვალა. კერძოდ, შესრულებულად ჩაითვალა:

  • პრიორიტეტი N 9 - ძალისხმევის გაძლიერება გენდერული თანასწორობის ზრდისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით;
  • პრიორიტეტი N 11 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ეროვნული სასამართლოების მიერ;
  • პრიორიტეტი N 12 - სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება და პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა; ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, 12 პრიორიტეტიდან, მხოლოდ სამი შეასრულა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც, ძირითადად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხებოდა. ევროკომისიის ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.

თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არათუ არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები, არამედ ევროკავშირის ღირებულებებსა და წევრობის კრიტერიუმებთან შეუთავსებელი კანონები მიიღო და ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა. მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის მიერ შესრულებულად გამოცხადებულ მე-9 პრიორიტეტზეც უკან დაიხია, როდესაც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირება გააუქმა, ხოლო შემდგომ კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერი“ საერთოდ ამოიღო.

„ქართული ოცნების“ ქმედებებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია, რაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია 2024 წლის 30 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ კომუნიკაციაში. კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე, ოფიციალური პირების მხრიდან გაძლიერებულმა ანტიევროპულმა რიტორიკამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას, გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ვალდებულებების შეუსრულებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მანამდე, „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს მიღებულ დასკვნებში ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ მიღებული კანონი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან მიმართებით, უკუსვლას წარმოადგენს. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში, არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.

ამის შემდეგ, საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებაზე მაღალი დონის განცხადებები ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა. 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აშკარა უკუსვლაა, ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, ხოლო ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან... საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.

2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა სერიოზული შეშფოთება „საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“. საბჭომ დაადასტურა, რომ „მსგავსი მოქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.

ევროკავშირის მოწოდებების გათვალისწინებისა და ცხრა ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 19 დეკემბერს მიღებულ დასკვნებში, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და მისი გადაწყვეტილების გამო, სინანული გამოთქვა.

გარდა ამისა, 2025 წელს მიღებულია ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონპროექტები, რომელთა შორის იყო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებები. ევროკავშირის შეფასებით, „ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველ შესასრულებელ ნაბიჯად განსაზღვრა, რაც საკითხის სიმწვავეზე მიუთითებდა, „ქართული ოცნება“ თავად გახდა ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების წყარო. თანდათანობით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებმა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, კიდევ უფრო მძაფრი, შეიძლება ითქვას, მტრული ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ დოკუმენტებშიც აისახა. 2024 წლის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველად ღიად დაასახელა დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები საქართველოში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის წყაროდ (გვ.30). ამავე ანგარიშში გაკეთდა არაერთი მითითება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონტექსტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე მიუთითებდა, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ბრალდებები, მათ შორის, ევროპულ ინსტიტუტებს მიემართებოდა.

ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს არაერთხელ მოუწია მათ წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებების გაქარწყლება. 2025 წლის 25 ივლისს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) გაავრცელა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად უარყო და დაგმო ხელისუფლების დეზინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, ხოლო „ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, თითქოს ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობად“ შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის პროცესისადმი ერთგულების ნიშნად, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხშირად მოჰყავთ არგუმენტი, რომ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებით, 2030 წლისთვის საქართველო გასაწევრიანებლად მზად იქნება. ამ კონტექსტში ხაზი უნდა გაესვას, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტს არ წარმოადგენს და მისი 100%-ით შესრულებაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ უზრუნველყოფს. ასოცირების შეთანხმება არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი ევროკავშირსა და ხელმომწერ სახელმწიფოს შორის, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ყოველგვარი ევროპული პერსპექტივის მინიჭების გარეშე. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა, ევროკავშირს ასოცირების შეთანხმება გაფორმებული აქვს სხვა არაევროპულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, იორდანიასთან, ეგვიპტესთან, ჩილესთან და სხვ. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეწყვეტილია ასოცირების შეთანხმებითვე გათვალისწინებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი და მის ფარგლებში არსებული თემატური ქვეკომიტეტები.

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაწესებული პროცესია და ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რათა ყველა სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობას (acqui communautaire) დაუახლოვდეს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ფუნდამენტური პირობები (fundamentals of the accession process), რომელთა შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების თანახმად კი, საქართველომ უკუსვლა სწორედ ფუნდამენტური საკითხების კუთხით განიცადა.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის გარდა, „ქართული ოცნების“ ქმედებები ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) აღებულ ვალდებულებებსაც ეწინააღმდეგება. VLAP-ის შესრულებას ევროკომისია აფასებს ოთხი ბლოკის მიხედვით, რომელთა შორის ერთ-ერთი საგარეო ურთიერთობებსა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ევროკომისიის ბოლო, რიგით მეშვიდე, ანგარიში, რომელიც 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, ამ მიმართულებით საკმაოდ კრიტიკულია და პირდაპირ აცხადებს, რომ 2024 წელს მიღებული კანონები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - „ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას“ და „არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს“. ამავე ანგარიშში მოცემულია რვა რეკომენდაცია, რომლებიც, მათ შორის, ზემოხსენებული კანონების გაუქმებას მოიცავს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ „საქართველომ უნდა მიიღოს მყისიერი ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა თავიდან აიცილოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება“.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ შეასრულა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, არამედ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონები მიიღო და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავადვე ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას ნაკისრი ვალდებულებების „პირნათლად შესრულების“ თაობაზე, აფასებს ვერდიქტით ტყუილი.


პერსონები
მამუკა მდინარაძე

ყველა სიახლე