[პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

თამარ ჩერგოლეიშვილი: [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება არის სიმართლე

ანალიზი:

21 მაისს პოლიტიკური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-პლატფორმაზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა - „ოჯახის სიწმინდე კი არა, 25 წლის პირველ კვარტალში პედოფილიის 51 შემთხვევა აღირიცხა. ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში მკვეთრად შემცირებული რიცხვია - ძალიან ხშირად, ეს დანაშაული მსხვერპლის მიერ იმალება“.

„ფაქტ-მეტრმა“ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს მასშტაბით, დანაშაულის სტატისტიკას თვეებისა და წლების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „პედოფილია“ ცალკე კატეგორიად არ გვხვდება. არასრულწლოვანთა ან, უფრო სპეციფიკურად, 14 წელს მიუღწეველ პირთა მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაულები რიგი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებებში არის გაწერილი. ეს დანაშაულებია: მუხლი 137 - გაუპატიურება; მუხლი 138 – სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება; მუხლი 139 - სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება.

გარდა ჩამოთვლილი მუხლებისა, კოდექსში წარმოდგენილია ორი მუხლი, რომლებიც უშუალოდ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს აღწერს. ესენია: 140-ე მუხლი - სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; 141-ე მუხლი - გარყვნილი ქმედების ჩადენა ძალადობის გარეშე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიდან - რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის განყოფილებაში - შსს მხოლოდ 140-ე და 141-ე მუხლების შესახებ ინფორმაციას არეგისტრირებს. შესაბამისად, განცხადების ავტორი სწორედ ამ ორი მონაცემის ჯამურ მაჩვენებელზე დაყრდნობით აფასებს პედოფილიის სურათს.

[01-01]-დან [03-31]-მდე რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 140-ე მუხლით გათვალისწინებული 22, ხოლო 141-ე მუხლით გათვალისწინებული 29 - ჯამში 51 დანაშაული დარეგისტრირდა.

სტატისტიკა 2025 წლის პირველი კვარტლის მიხედვით

სისხლის სამართლის მუხლი

სულ რეგისტრირებული

გახსნილი

გახსნის %

სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან მუხლი 140

22

6

27,27 %

გარყვნილი ქმედება მუხლი 141

29

14

48,28 %

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ვინაიდან ის არ არის კატეგორიზებული დამამძიმებელი გარემოებების მიხედვით, არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ხასიათის ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა - გაუპატიურება (მუხლი 137), სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 138) და სქესობრივი კავშირის იძულება (მუხლი 139) — გამოყოფილი არ არის. ეს მონაცემები თავმოყრილია საერთო სტატისტიკურ ერთეულში, დიფერენციაციის გარეშე. სტატისტიკის ეს ფორმატი მეთოდოლოგიის ცალსახა ხარვეზია და მნიშვნელოვნად ზღუდავს პრობლემის მასშტაბების სწორად აღქმის შესაძლებლობას, რათა რეალისტურად შეფასდეს ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული საფრთხეები.

არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულებზე, გარკვეულ (თუმცა შეზღუდულ)[1] წარმოდგენებს გვიქმნის კონკრეტული მუხლების მიხედვით დაზარალებული პირების სტატისტიკა.

2025 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ რეგისტრირებული შემთხვევებისა და დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირების სტატისტიკა, დევნის დაწყების მაჩვენებელი იხ. ცხრილში:

(იანვარი-მარტი - 2025)


ამრიგად, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვს, რომელიც, როგორც თავად განცხადების ავტორიც აღნიშნავს - მკვეთრად შემცირებული რიცხვია, სულ მცირე აკლია იანვარ-მარტში - გაუპატიურების შედეგად დაზარალებული 4 არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების შედეგად დაზარალებული 4 არასრულწლოვანი და სხვაგვარი მოქმედების იძულების შედეგად დაზარალებული 1 არასრულწლოვანი.

საგანგაშოა ისიც, რომ დაზარალებულად ცნობათა რაოდენობა საგრძნობლად დაბალია რეგისტრირებულ შემთხვევებთან შედარებით. მაგალითად, თუ მხოლოდ 140-ე და 141-ე მუხლების სტატისტიკას დავაკვირდებით, 51 აღრიცხული რეგისტრირებული შემთხვევიდან მხოლოდ 27 დაზარალებული გამოიკვეთა.[2] ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 23 პირის წინააღმდეგ დაიწყო.

ევროპის საბჭოს მონაცემებით, ევროპაში ყოველი ხუთიდან ერთი ბავშვი „რაიმე სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ეს მოიცავს სექსუალური ხასიათის შეხებას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩასადენად ბავშვის მიტყუებას, ექსჰიბიციონიზმს, პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ექსპლუატაციას, ონლაინ სექსუალურ გამოძალვასა და იძულებას.“ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველი სამი მსხვერპლიდან ერთი, მომხდარი ძალადობის შესახებ არავის უყვება. ამის მიზეზი, ძირითადად, არის სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნება, შიში, რომ არ დაუჯერებენ ან შიში შესაძლო შედეგების მიმართ (საპასუხო ქმედება, გავლენა ოჯახზე, რეპუტაციაზე, კარიერაზე). ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ბავშვებმა არ იციან, ვის უნდა უამბონ ამის შესახებ.

სტატისტიკისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობის ამგვარად მაღალი საშუალო მაჩვენებელი მთელს ევროპაში მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს. პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვაგვარი საზოგადოებრივი კამპანიებითა თუ ინსტიტუციური რეფორმებით უპირისპირდება. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის პედოფილიის წინააღმდეგ მიმართული მუხლი/მუხლები შესაძლოა სხვადასხვა დეფინიციებსა და ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავდეს, ჰქონდეს განსხვავებული მიდგომა ონლაინ და ოფლაინ მომხდარ ქმედებებზე და ა.შ. დამატებითი ფაქტორია კულტურული და საზოგადოებრივი საკითხები - რამდენად მარტივად შეუძლია მსხვერპლს, სხვადასხვა საზოგადოებაში, საკუთარი დანაშაული პოლიციას შეატყობინოს. შედეგად შეუძლებელი ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს მაჩვენებლის ერთმანეთთან შედარება იმგვარად, რომ ეს შედარება მართებული აღმოჩნდეს.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ წინამდებარე სტატიაში პოლიტიკოსის მიერ მოცემული სტატისტიკის საგანგაშოდ მოხსენიების ნაწილის, სხვა, მეტად განვითარებული სახელმწიფოების სტატისტიკასთან შედარების საშუალებით, შეფასებას ვერ შეძლებს.

ამრიგად, განმცხადებელი სწორია, როდესაც აღნიშნავს, რომ „ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში მკვეთრად შემცირებული რიცხვია“, ასევე, განცხადებაში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემი ბოლომდე ზუსტი არ არის და პედოფილიის სურათის შესაფასებლად არასაკმარისია, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამაზე თავად განცხადების ავტორიც მიუთითებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] დაზარალებულთა სტატისტიკა, თავის მხრივ, შესაძლოა, არ აღწერდეს რეალურ მსხვერპლთა რაოდენობას, რომელზე წარმოდგენის შესაქმნელად უკეთესი იქნებოდა მონაცემთა დანაშაულის რეგისტრაციის სტატისტიკაში აღწერა.

[2] აღსანიშნავია, რომ დანაშაულის რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურად დაზარალებულის იდენტიფიცირებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს ან მტკიცებულებების ნაკლებობაზე, ან დაზარალებულის უარზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან.