ლევან დავითაშვილი: სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 854 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 24%-ით და 2022 წელთან შედარებით 29%-ით ნაკლებია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.
შუ აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, 2022 წლიდან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, სომხეთში ექსპორტი რომელიმე ერთი კონკრეტული პროდუქციის ხარჯზე არ გაზრდილა, თუმცა ჯამური რეექსპორტის ზრდაში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მაინც შეინიშნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი მხოლოდ რეექსპორტის ხარჯზე არ გაზრდილა. 2019-2024 წლებში რეექსპორტი 43%-ით და ადგილობრივი ექსპორტი ბევრად უფრო სწრაფად 126%-ით გაიზარდა.
2024 წელს იმპორტი მკვეთრად შემცირდა და 8-წლიან მინიმუმს გაუთანაბრდა. ვარდნის ძირითადი მიზეზი სპილენძის მადნებზე შემცირებული მოთხოვნა გახდა. სპილენძის მადნების გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით, იმპორტიც გაორმაგებულია.
2024 წელს დაფიქსირებული 854 მლნ-იანი ბრუნისთვის „თითქმის 1 მილიარდის“ წოდება ცოტა გადაჭარბებულია. რაც შეეხება ტენდენციას, ექსპორტი მხოლოდ 2023 წელთანაა შემცირებული და ყველა სხვა დანარჩენ ცალკე აღებულ წელთან შედარებით გაზრდილია. მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტი 2023 წლის მაჩვენებელსაც აჭარბებს. ესეც რომ არა, 2022-2023 წლები, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენების გათვალისწინებით შესადარებლად ნაკლებად რელევანტურია. საგარეო ვაჭრობის მეორე კომპონენტის, იმპორტის შემთხვევაში, ვარდნა პრაქტიკულად ერთ პროდუქტს - სპილენძის მადნებს, უკავშირდება.
ძირითადად სწორი ინფორმაციის გახმოვანების, თუმცა ბრუნვის ნაწილში მცირედი გადაჭარბებისა და ტენდენციის ნაწილში გარკვეული დეტალების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარია და ეს მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.
სომხეთი იმ მცირე ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც საქართველოს ძირითადად დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია. 2013-2024 წლებში, საქართველომ სომხეთში 4.3 მლრდ დოლარის პროდუქცია გაიტანა და სომხეთიდან 3.7 მლრდ-ის შეიძინა.
2024 წელს ბრუნვის მოცულობამ 854 მლნ დოლარი შეადგინა (618 მლნ-ის ექსპორტი და 237 მლნ-ის იმპორტი). სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია როგორც 2023, ასევე 2022 წელთან მიმართებით, თუმცა 2019 წელთან შედარებით, 22%-ითაა გაზრდილი. ცალკე აღებული ექსპორტი 2022 წლის მაჩვენებელსაც აჭარბებს და მხოლოდ 2023 წელს ჩამორჩება. თუ ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) ცალკე გამოვყოფთ, ის რეკორდულ ნიშნულზე იქნება.
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს სავაჭრო სტრუქტურაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. მოკლე დროში რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ზრდის მასშტაბმა მაქსიმუმს ყირგიზეთსა და ყაზახეთში მიაღწია, თუმცა ომის გავლენები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც შეინიშნება.
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სომხეთში ექსპორტი 128%-ით, იმპორტი 47%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 78%-ით გაიზარდა. ასეთი მნიშვნელოვანი აქსელერაცია, უფრო გეოპოლიტიკური ფაქტორებით აიხსნება, ვიდრე წმინდა ეკონომიკურით, რის გამოც 2022-2023 წლების შესადარებლად ნაკლებად რელევანტურია.
გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რატომ და რის ხარჯზე გაიზარდა სომხეთში ექსპორტი? საერთო სურათის გათვალისწინებით, პირველი, რისი გახსენებაც შეიძლება, მსუბუქი ავტომობილებია, თუმცა ეს მოსაზრება ამ შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივაა მართებული. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ექსპორტირებულ პროდუქციაში მსუბუქ ავტომობილებს პირველი ადგილი უკავია, მისი წილი 2024 წლისთვის 16%-მდეა შემცირებული, მაშინ, როცა 2019 წელს 50%-ს აჭარბებდა. უფრო მეტიც, ავტოექსპორტში თანხობრივადაც კი 2022-2024 წლებიდან 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2023 წელმა გადააჭარბა.
გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა სომხეთში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ზუსტი რიცხვის დასახელება, რა მოცულობით გაზარდა ომის გავლენებმა სავაჭრო ბრუნვა, რთულია. თანხობრივადაც და პროცენტულადაც ბრუნვა ყველაზე მეტად ხუთ ქვეყანასთან: გერმანიასთან, იაპონიასთან, შეერთებულ შტატებთან, ყირგიზეთსა და ყაზახეთთან გაიზარდა[1]. ხუთივე შემთხვევაში ზრდის მთავარი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილები გახდა. სომხეთთან საქართველოს ამ მასშტაბის ზრდა არ ჰქონია, მაგრამ ექსპორტის სტრუქტურა მაინც ომის გავლენებზე მიანიშნებს.
2022 წლიდან საკმაოდ დიდი ზრდა ბულდოზერებში, ტრაქტორებში, ნავთობპროდუქტებსა და სპირტიან სასმელებში შეინიშნება. თუ 2024 წელს 2019 წელს შევადარებთ, მთლიანი ექსპორტი 43%-ით და მსუბუქი ავტომობილების გამოკლებით 164%-ით იქნება გაზრდილი. ყირგიზეთსა და ყაზახეთისგან განსხვავებით, 2022 წლიდან სომხეთში ექსპორტის ზრდა მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ პროდუქციაზე არ ყოფილა დამოკიდებული, მაგრამ რეექსპორტის 276 მლნ დოლარით ზრდა (2023 წელს 2019 წელთან შედარებით) მაინც შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებს დავუკავშიროთ, რომელიც გარკვეულწილად 2024 წელსაც შენარჩუნდა.
ცხრილი 1: TOP 10 საექსპორტო პროდუქცია სომხეთში დალაგებული 2023 წლის მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბულდოზერებიც და ნავთობპროდუქტებიც რეექსპორტს წარმოადგენს, მაგრამ სპირტიანი სასმელები ძირითადად ადგილობრივ ექსპორტს განეკუთვნება. 2024 წელს მთლიანი ექსპორტის კლების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი 166-დან 197 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და პანდემიამდელ პერიოდს 126%-ით აღემატება. ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილს 40 მლნ-ით სპირტიანი სასმელები იკავებს, 12 მლნ-ით მეორეზე მინერალური წყლებია და 9 მლნ-ით - მესამეზე თაბაშირის ნაწარმი.
გრაფიკი 3: ადგილობრივი ექსპორტი[2] სომხეთში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თუ ექსპორტი 2023 წელთან შედარებითაა შემცირებული, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ ცალკე აღებულ წელს აღემატება, იმპორტი 8-წლიან მინიმუმზეა. მისი მოცულობა 2023 წელთან შედარებით 30%-ით და რეკორდულ 2022 წელთან შედარებით 61%-ითაა შემცირებული. ვარდის მიზეზი უმეტესწილად სპილენძის მადნების იმპორტის კლება გახდა.
გრაფიკი 4: იმპორტის სტრუქტურა სომხეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2016-2021 წლებში სპილენძის მადნების წილი სომხეთიდან იმპორტში საშუალოდ 81%-ს შეადგენდა. 2022 წელს თანხობრივად გაიზარდა, წილობრივად შემცირდა, ხოლო 2024 წელს თანხობრივადაც და წილობრივადაც 12-წლიან მინიმუმზე დავიდა.
2020-2022 წლებში სპილენძის მადნები საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა. სარეკორდო 2022 წელი აღმოჩნდა, რა დროსაც ექსპორტმა მილიარდს გადააჭარბა. იმავე წელს რეკორდულად მაღალი იყო იმპორტიც და მან 775 მლნ-ს მიაღწია. მთავარ მომწოდებელ ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა და გასაღების მთავარ ბაზარს ჩინეთი. 2023 წლიდან იმპორტიც და ექსპორტიც ერთდროულად შემცირდა.
თუ შესადარებლად მიმდინარე წელსაც ავიღებთ, პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრუნვა უმნიშვნელოდ - 1.8%-ით (165-დან 168 მლნ-მდე) იქნება გაზრდილი. ამასთან, ზრდა მხოლოდ იმპორტს ეხება, ექსპორტი 10%-ით- 127-დან 114 მლნ-მდეა შემცირებული, მათ შორის - ადგილობრივი ექსპორტი 39-დან 36 მლნ-მდე.
854 მლნ-სა და 1 მლრდ-ს შორის სხვაობა უმნიშვნელო არაა, თუმცა მაინც შეიძლება გავაკეთოთ დაშვება, რომ ის თითქმის 1 მლრდ-ია. უფრო საინტერესოა, რა მოუვიდა ბრუნვას. ექსპორტი 2023 წელთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი გაორმაგებულია. 2022-2023 კი ომის გავლენების გამო შესადარებლად ნაკლებად გამოსადეგია. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტი 8- წლიან მინიმუმზეა და პანდემიამდელ პერიოდსაც ჩამორჩება, თუმცა ამ შემთხვევაშიც აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმპორტი ძირითადად სპილენძის მადნების ხარჯზე შემცირდა და სხვა დანარჩენი პროდუქციის იმპორტი 2019 წელთან შედარებით სამჯერაა გაზრდილი. ძირითად ნაწილში მართებული ინფორმაციის გაჟღერების, მაგრამ ამავე დროს მცირე გაზვიადებისა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის გამოტოვების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.