ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წელს ევროკავშირის მთლიანი ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა. 27 წევრი ქვეყნიდან 22-ში ზრდა დაფიქსირდა, 5 მათგანში ვარდნა. მდგომარეობა 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2023 წელს ევროკავშირის ეკონომიკა მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა და ვარდნა 9 წევრ ქვეყანაში დაფიქსირდა. ვერც 27-დან 5 და ვერც 27-დან 9 „ძალიან დიდ ნაწილად“ ვერ ჩაითვლება.

ევროკავშირში მშპ-ის ზრდის ტემპი მსოფლიო საშუალოს ჩამორჩება, თუმცა 2012 წლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2020 წელს, ვარდნა აღარ დაფიქსირებულა. ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება და ეკონომიკური რეცესია კი შინაარსობრივად სხვადასხვა ტერმინებია.

ევროკავშირის ტერიტორიაზე რეცესიასა და ეკონომიკურ კრიზისს არც სხვა ეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს. 2025 წლის თებერვალში ევროკავშირში უმუშევრობის დონემ 5.8% შეადგინა, ეს მაშინ, როცა პანდემიამდე, 2019 წლის თებერვალში უმუშევრობის დონე 7%-ს აღწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მთლიანად რეცესია არ ფიქსირდება, სახელმწიფოთა ნაწილში ვარდნა დაფიქსირდა 2023 წელსაც და 2024 წელსაც, რაც უკვე კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ 27-დან 4 წევრზე ვრცელდება და არა ძალიან დიდ ნაწილზე.

სტატისტიკური მონაცემების გარდა, მნიშვნელოვანია კონტექსტიც. დასავლეთთან ბოლო პერიოდში გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, მსგავსი ტიპის მცდარი ინფორმაცია შეიძლება აღქმულ იქნას ისე, რომ ევროკავშირში მდგომარეობა უარესდება და იქ საქართველოს ადგილი არაა, მაშინ, როცა მიუხედავად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპისა, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით დათვლითაც კი უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთში, თუმცა სხვაობა თანდათან მცირდება.

ევროკავშირში გარკვეული პრობლემების რეალურად არსებობის, მაგრამ ამავე დროს ფაქტობრივი უზუსტობის - ნეგატიური ფონის გაზვიადებულად წარმოჩენისა და კონტექსტის დამახინჯების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპის დღეს, 9 მაისს ევროკავშირის ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირში სულ 27 სახელმწიფოა გაწევრიანებული. ევროპის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 წელს მინუსში 5 მათგანის ეკონომიკა გავიდა. ეს ქვეყნებია: გერმანია -0.2%, ესტონეთი -0.3%, ლატვია -0.4%, ავსტრია -1.2% და ფინეთი -0.1%. დანარჩენი 22 ქვეყნიდან უმრავლესობაში საკმაოდ დაბალი, მაგრამ მაინც ზრდა დაფიქსირდა. მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა. ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საშუალო არითმეტიკული 1.6%-ია, ანუ თანაბარი ზომის ეკონომიკები რომ ყოფილიყვნენ, ზრდა 1.6% იქნებოდა, მაგრამ რეალურად მთლიან ზრდის ტემპზე გერმანიის 0.2%-იანმა კლებამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე მალტის 6%-იანმა ზრდამ.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში (2024 წელს ზედა გრაფიკი და 2023 წელს ქვედა გრაფიკი)



წყარო: ევროპის სტატისტიკის სამსახური

1%-იანი ზრდა ნებისმიერი საზომით დაბალია. 27-დან 5 ქვეყნის გამინუსებაც პრობლემაა. თითქმის ყოველი მეხუთე წევრი სახელმწიფოს ეკონომიკა შემცირდა. შემცირდა გერმანიის მშპ-ც, რომელიც ევროპაში სიდიდით #1 და მსოფლიოში #3 ეკონომიკაა, თუმცა სურათი არც ისეთი დრამატულია, როგორც მას ირაკლი კობახიძე ხატავს. ევროკავშირში შემავალი 27 სახელმწიფოდან 22-ში, ანუ 81%-ში ზრდა დაფიქსირდა, უმეტეს შემთხვევაში მცირე, მაგრამ მაინც ზრდა.

არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, 2023 წელთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია. 2023 წელს კავშირის წევრი 9 სახელმწიფოს ეკონომიკა შემცირდა და მთლიანი გაერთიანების ზრდამ მხოლოდ 0.4% შეადგინა.

5-დან 4 სახელმწიფოში: გერმანია, ავსტრია, ფინეთი და ესტონეთი ეკონომიკა 2023 წელსაც შემცირდა და 2024 წელსაც. გადაბმულად ორწლიანი ვარდნა უფრო კომპლექსური და სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მსგავსი პრობლემა 27-დან 4 სახელმწიფოში ფიქსირდება და არა ძალიან დიდ ნაწილში.

2022 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, თანაც ისე, რომ მინუსში არავინ გასულა. პანდემიამდე, 2019 წელსაც 28-ვე წევრის (ბრიტანეთი 2020-დან გავიდა) ეკონომიკა გაიზარდა. 2020 წლის ვარდნისა და 2021 წლის მაღალი ზრდის მიზეზები ეკონომიკური ფაქტორებით არ ყოფილა გამოწვეული, რის გამოც ეს წლები შესადარებლად ან მაგალითისთვის არ გამოდგება.

ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, ეს ფაქტია, თუმცა 2012 წლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 2020-ს, გაერთიანების ეკონომიკა მინუსში აღარ გასულა. ზრდის ტემპს შემცირება და რეცესია კი შინაარსობრივად სხვადასხვა ტერმინებია.

ევროკავშირის ტერიტორიაზე რეცესიასა და ეკონომიკურ კრიზისს არც სხვა ეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს. 2025 წლის თებერვალში ევროკავშირში უმუშევრობის დონემ 5.8% შეადგინა, ეს მაშინ როცა პანდემიამდე, 2019 წლის თებერვალში უმუშევრობის დონე 7%-ს აღწევდა.

თუ რატომაა ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროკავშირში დაბალი, ცალკე ვრცელი კვლევის საგანია. მოკლედ კი ეს შეიძლება ორი ძირითადი მიზეზით აიხსნას: 1) მდიდარი ქვეყნები, როგორც წესი, განვითარებადზე დაბალი ტემპით იზრდებიან, ეს მიდგომა მოქმედებს უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის; 2) ევროკავშირში არსებული ბიუროკრატია, რეგულაციები და შიდა პრობლემები, რასაც 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებიც დაემატა.

გრაფიკი 2: მშპ-ის ზრდის ტემპი ევროკავშირსა და მსოფლიოში


წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

2022-2024 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა ჯამში 5.2%-ით, მსოფლიო ეკონომიკა კი ორჯერ უფრო მეტად - 10.8%-ით, გაიზარდა. უფრო გრძელვადიან პერიოდში 2013-2024 წლებში ევროკავშირის - 27.1%-ით და მსოფლიოსი - 45.5%-ით.

გარდა ფაქტობრივი უზუსტობისა, მნიშვნელოვანია კონტექსტიც. ბოლო პერიოდში დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე იმაზე აპელირება, რომ ევროპაში კრიზისია, შეიძლება აღქმული იქნას ისე, რომ ევროპაში რაღაც ცუდი ხდება და აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდეც და მას შემდეგაც, საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპი ევროკავშირის ზრდის ტემპზე რამდენჯერმე მაღალია, მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მათ შორის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით), მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთში, თუმცა წლიდან წლამდე სხვაობა მცირდება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში 2023-2024 წლებში ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა და ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა, 2023 წელს ვარდნა დაფიქსირდა 9 ქვეყანაში ანუ 33%-ში, ხოლო 2024 წელს 5 ქვეყანაში ანუ 19%-ში და არა უმრავლესობაში. გარდა ამისა, პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, 2012 წლის შემდეგ, ევროკავშირის მთლიანი ეკონომიკა აღარ შემცირებულა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ზრდის ტემპი მცირედით, მაგრამ მაინც დაჩქარდა. ბოლო დროს არც სხვა ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულა და უმუშევრობის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდსაც ჩამოსცდა. ფაქტობრივი უზუსტობის - ნეგატიური ფონის გაზვიადებულად წარმოჩენისა და კონტექსტის დამახინჯების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე