გიორგი კალანდარიშვილი: …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება არის ტყუილი
2025 წლის 2 მაისს, გადაცემაში „აქტუალური თემა“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხმის ფარულობის დარღვევის თემა „უსაფუძვლო და უარგუმენტო“ იყო. მისი თქმით, არც ეუთო/ოდირის მისია არ მიუთითებდა იმაზე, რომ ხმის ფარულობა რაიმე ფორმით დაირღვა - ერთ, იზოლირებულ შემთხვევაშიც კი.
„წარმოაჩინეს თემა, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და აბსოლუტურად უარგუმენტოდ იმის თაობაზე, რომ თითქოს ხმის ფარულობა იქნა დარღვეული. ამის შემდგომ, ჩვენ დღევანდელ დღემდე გვესმის არაერთი განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ფარულობის საკითხი გახლდათ ერთ-ერთი მთავარი გარემოება თუ რატომ შეიძლება არჩევნები იყო მანიპულირებადი, მაშინ როდესაც, რეალურად, არც ერთი სასამართლო ინსტანციის პირობებში, არც საარჩევნო ადმინისტრაციაში დავების განხილვის ნაწილში, არც ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი“.
„ფაქტ-მეტრმა“ გიორგი კალანდარიშვილის განცხადება გადაამოწმა.
ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით.
ამ პრინციპის დარღვევა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს შორის, არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დასახელდა, არამედ ეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშშიც მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი ვიდეომტკიცებულება მოწმობს ხმის მიცემის კომპრომეტირების სხვადასხვა შემთხვევას. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მდებარე მარკერით გაფერადებული წრე მკაფიოდ ჩანდა ბიულეტენის მეორე მხარეს და ხმის მთვლელ მანქანაში მისი შეცურებისას, ამომრჩევლის ნება ინდენტიფიცირებადი იყო (იხილეთ ვიდეო მტკიცებულება). ასევე, უბნების დიდ ნაწილში „ქართული ოცნების“ კამერები იყო დამონტაჟებული და, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ უყურებდა ხმის მთვლელ აპარატს (იხილეთ ვიდეომტკიცებულება). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში, მოქალაქეები თავად ავრცელებდნენ იმ ფაქტს, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა.
ეუთო/ოდირის დასკვნა
მოგვიანებით, ეუთო/ოდირის დასკვნით ანგარიშში დეტალურად აღიწერა ის მიზეზები თუ მათი კომბინაციები, რამაც ფარულობის კომპრომეტირება განაპირობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო.
ანგარიშში რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც არის გამოყოფილი - კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტებისა თუ დამკვირვებლების დგომა საარჩევნო ყუთთან ან კაბინასთან ახლოს, ბიულეტენის მეორე მხრიდან მარკერის კვალის დანახვის შესაძლებლობა, ჩარჩო-კონვერტის არასწორი გამოყენება, უბანზე განთავსებული ვიდეოკამერები, რომელთაც ასევე შეეძლოთ ხმის ფარულობის კომპრომეტირება.
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ეუთო/ოდირს იმის დასაზუსტებლად მიმართა, დაკვირვების შემთხვევათა რამდენ პროცენტში შესაძლოა დარღვეულიყო ხმის ფარულობა. ეუთოს დასკვნაში მოცემული რიცხვების მექანიკური დაჯამება, მათ შორის შესაძლო გადაფარვის გამო, მათემატიკურად არ შეიძლებოდა. საპასუხო წერილით ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა დაადასტურა, რომ რიცხვების მექანიკური დაჯამება არსებული გადაფარვების გამო ნამდვილად არ შეიძლება. მისივე თქმით, "ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის [საარჩევნო უბნის] განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშვნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება, ხმის ფარულობის სხვა საკითხები ან მათი კომბინაცია, დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა".
ვრცლად ამ საკითხზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი, „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტით ტყუილი აფასებს, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთ სისტემურ პრობლემად დასახელდა, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო მისიის (ეუთო/ოდირი) მიერ.