საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2025 წლის 29 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრა. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას გასაგებ მიზეზთან ერთად, ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო და თეა წულუკიანის დროებით საგამოძიებო კომისიას აღნიშნული ფაქტი პირველად არ დაუდგენია.

კერძოდ, 2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 11 საათზე, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მიმოიხილა ფრონტზე არსებული იმდროინდელი მდგომარეობა. ამასთანავე პრეზიდენტმა ხაზი ცეცხლის გახსნის საკითხსაც გაუსვა. „როგორც იცით გუშინ სეპარატისტების მიერ თამარაშენის და სხვა ჩვენს კონტროლქვეშ მყოფი სოფლების დაბომბვაზე საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. მე მინდა ჩაგაბაროთ გუშინდელი ღამის ანგარიში. გუშინდელი ღამის განმავლობაში საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა გაათავისუფლეს წინაგარის რაიონი მთლიანად, ზნაურის რაიონი მთლიანად, სოფელი დმენისი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ყველაზე დიდი სოფელი ამ რეგიონში, სოფელი ღრომი, სოფელი ხეთაგუროვო და ალყა შემოარტყეს ქალაქ ცხინვალს, ასევე განთავისუფლებულია ქალაქი ცხინვალის უმეტესი ნაწილი და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში“, - განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა.

2008 წლის 24 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2008 წლის 7-8 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ცეცხლის გახსნის საკითხზე ისაუბრა: „7 აგვისტოს ესკალირებული იყო რამოდენიმე ჩვენი სოფელი, უშენდნენ ხეთაგუროვიდან და სხვა საცეცხლე წერტილებიდან, რუსეთის სამშვიდობო პუნქტებიდან, რასაც ისინი უარყოფდნენ. მაგრამ როცა ღამე უკე წამოვიდა ინფორმაცია, რომ მოდიოდა სამხედრო ტექნიკა როკზე, მაშინ უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცავდით ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულებას, შესაძლოა, ეს იყო ჩვენი შეცდომა. ჩვენ თამარაშენში, ქურთაში და სხვა სოფლებში არ გვქონდა მძიმე ტექნიკა და მძიმე შეიარაღება, რადგან ეს გათვალისწინებული იყო ამ სამშვიდობო ხელშეკრულებით. ძალების შეყვანა ამ დროს შეუძლებელი იყო, ვინაიდან გზას უკვე ბომბავდნენ. ერთადერთი გზა, რომ ისინი არ შემოსულიყვნენ დაუცველ სოფლებში, იყო საშუალო არტილერიის გამოყენება და დიდი გუბთის ხიდისა და როკის გვირაბის აფეთქება. როგორც კი ამ პოზიციებს გადმოლახავდნენ, შემოვიდოდნენ თამარაშენსა და ცხინვალში. ამიტომ, როცა მათ შემოსვლა დაიწყეს, რამდენიმე წუთის შემდეგ მივიღეთ მტრის მიმართულებით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობდით ოსური პოზიციებიდან გახსნილ ცეცხლს - ცხინვალის ცენტრიდან, მთავრობის სასახლიდან და მათი თავდაცვის სამინისტროდან. ჯარს უმკაცრესი მითითება მივეცი, გვეპასუხა ცეცხლისთვის, შეგვეჩერებინა ჯავშანტექნიკის შემოსვლა, არავითარ შემთხვევაში არ დაგვებომბა ცხინვალი ჰაერიდან და არავითარ შემთხვევაში არ დაგვერტყა სამოქალაქო ობიექტებისთვის ცხინვალიდან“.

ცეცხლის გახსნის თაობაზე კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2008 წლის 29 ნოემბერს გაიმართა. „ამ კითხვაზე, განვახორციელეთ, თუ - არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იმას, რომ აღნიშნული ფაქტი აქამდეც ცნობილი იყო, მათ შორის - საერთაშორისო საზოგადოებისთვის, „New York Times“-ის 2008 წლის 6 ნოემბრის სტატიაც ადასტურებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ქართულმა მხარემ სატელევიზიო ჩართვისას, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს 11:00-ზე დაიწყო, განაცხადა, რომ ქართული სოფლები იბომბებოდა და ამიტომაც „სამხრეთ ოსეთში“ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ბრძანება გაიცა“.

შესაბამისად, საკითხი, გასცა, თუ - არა სააკაშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება, არც არასდროს ყოფილა საკამათო და, მით უმეტეს, დასადგენი. მეტიც, ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის წერილი. წერილში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს:

„საკითხავია არა ის, გასცა, თუ - არა საქართველომ სამხედრო მოქმედებების ბრძანება, მათ შორის - იმ საარტილერიო წერტილებზე დამიზნებით, რომლებიდანაც საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლები იბომბებოდა. ჩვენ გავეცით [ასეთი ბრძანება].

არამედ საკითხავია: რომელი დემოკრატიული სახელმწიფო მოიქცეოდა სხვაგვარად, როდესაც მის მოქალაქეებს ხოცავენ და მის სუვერენულ ტერიტორიაზე იჭრებიან?“

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო ან დადგენას საჭიროებდა ის ფაქტი, გასცა, თუ - არა ცეცხლის გახსნის ბრძანება პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ტყუილია, რომ ეს მხოლოდ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდა.


პერსონები
მამუკა მდინარაძე

ყველა სიახლე