რომან გოცირიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით 30%-ით და 2022 წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით თანხობრივად თითქმის 600 მლნ-ით, პროცენტულად კი 30%-ით ნაკლებია. თუ საწყის წერტილად 2022 წელს ავიღებთ, მაშინ როცა ინვესტიციების მოცულობამ 2.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, კლება 900 მლნ დოლარზე მეტი - 41% იქნება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციები 55%-ით შემცირდა, დსთ-დან - 40%-ით, აშშ-დან - 45%-ით. ბრიტანეთიდან 23%-ით გაიზარდა, თუმცა ის ერთგვარი გამონაკლისი აღმოჩნდა, სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობიდანაც კლება დაფიქსირდა. კლება აღინიშნება სექტორების უმრავლესობაშიც.
კომპონენტების მიხედვით, ვარდნის მასშტაბი კიდევ უფრო დიდია სააქციო კაპიტალში ანუ ახალ ინვესტიციებში. 2023 წელთან შედარებით სააქციო კაპიტალი 60%-ით (1.2 მლრდ-დან 484 მლნ-მდე) შემცირდა. ეკონომიკის ზომის ზრდისა და ინვესტიციების შემცირების ფონზე კლება მშპ-სთან ფარდობაშიც ფიქსირდება. 2022 წელს აღნიშნულმა ფარდობამ 9% შეადგინა, 2023 წელს - 6.2% და 2024 წელს - 3.9%.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ „ტვ ფორმულას“ გადაცემაში „გაიღვიძე საქართველო“ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა: „პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით იკლო 30 პროცენტით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 40 პროცენტით“.
2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს ის 16%-ით - 1.9 მლრდ-მდე, ხოლო 2024 წელს დამატებით 30%-ით - 1.3 მლრდ დოლარამდე შემცირდა. სექტორების უმრავლესობაში, 2022-2023 წლებთან შედარებით კლება ფიქსირდება. მთლიან ინვესტიციებში შემცირებულია ახალი ინვესტიციების წილი, მნიშვნელოვანი კლებაა მშპ-სთან ფარდობაშიც.
2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 18 სექტორიდან 12 შემთხვევაში კლება ფიქსირდება, 13 შემთხვევაში - 2022 წელთან შედარებით, 9 შემთხვევაში - როგორც 2023, ასევე 2022 წელთან შედარებით. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება ერთადერთი სფერო აღმოჩნდა, სადაც წინა ორივე წელთან შედარებით მატებაა, მაგრამ მისი წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მხოლოდ 1.3%-ია.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 847 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წელს - 684 მლნ-ის და 2024 წელს 311 მლნ-ის. შესაბამისად, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით 54%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით, 63%-ითაა შემცირებული. ასეთი დიდი ვარდნა ძირითადად ორი ქვეყნის - ნიდერლანდების (საიდანაც ინვესტიციები 235 მლნ-ით 386-დან 152 მლნ-მდე შემცირდა) და ესპანეთის (საიდანაც 2023 წელს განხორციელებული 21 მლნ-იანი ინვესტირების შემდეგ, 2024 წელს 184 მლნ დოლარიანი გადინება დაფიქსირდა) ხარჯზე მოხდა.
დსთ-ს ქვეყნებიდან ინვესტიციები 40%-ითაა შემცირებული, მათ შორის რუსეთიდან - 77%-ით. ბრიტანეთიდან, 2023 წელთან შედარებით, 23%-იანი ზრდა აღინიშნება, 2022 წელთან შედარებით - 31%-იანი კლება. შეერთებული შტატებიდან კი ინვესტიციები თითქმის განახევრებულია, 98-დან 29 მლნ-მდეა შემცირებული ინვესტიციები ჩინეთიდანაც.
გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნებისა და ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
კომპონენტების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამ ნაწილად იყოფა: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. ის ფაქტი, რომ ინვესტორი მოგებას კომპანიაში ტოვებს (რეინვესტირება), მისასალმებელია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციებია. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჯამურად, სამივე კომპონენტის გათვალისწინებით, 30%-ით შემცირდა, სააქციო კაპიტალის ნაწილში კი - 60%-ით.
გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მისი მშპ-სთან ფარდობაა. 2022 წელს ამ კომპონენტმა 9% შეადგინა, 2023 წელს - 6.2% და 2024 წელს - 3.9%. თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2020 წელს, 2024 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში.
გრაფიკი 4: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
„ფაქტ-მეტრი“ ვარდნის მიზეზებზე მტკიცებით ფორმაში ვერ ისაუბრებს. როგორც წარსული პერიოდი აჩვენებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ხშირად ცალკეულ პროექტების აქტიური ინვესტირების ფაზის დასრულებას უკავშირდებოდა ხოლმე, ისეთებს როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის იგივე შაჰ-დენიზის გაზსადენი და შემდგომში ამ გაზსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
ინვესტიციებზე გავლენას პოლიტიკური გარემოც ახდენს, მაგრამ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა მასშტაბისაა ეს გავლენა. გასული წლის პირველ კვარტალში, მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახალი მიღებული ჰქონდა და პოლიტიკური გარემოც მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით შემცირდა. ეს კლება საბაზო ეფექტითაც ვერ აიხსნება, რადგან თუ არ ჩავთვლით პანდემიურ პერიოდს, 2010 წლის შემდეგ ეს იყო პირველ კვარტალში დაფიქსირებული ყველაზე მცირე ინვესტიცია. მეორე კვარტალში რუსული კანონის მიღებისა და მასობრივი ქუჩის აქციების ფონზე 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მესამე კვარტალში ისევ ძალიან დიდი - 55%-იანი ვარდნა და მეოთხე კვარტალში კვლავ გამწვავებული პოლიტიკური გარემოს ფონზე - 24%-იანი ზრდა.
რა მიზეზებითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ფაქტია, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნამდვილად შემცირდა 30%-ით და 2022 წელთან შედარებით - 41%-ით. ამასთან, ახალი ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელიც 9%-დან 3.9%-მდეა შემცირებული. ფაქტობრივი სიზუსტისა და განცხადების კონტექსტის მართებულობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.