ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ, რომ სოციალური ქულების მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია. ეს არ ნიშნავს, რომ შემწეობის მოხმარებაც ამგვარადაა გაზრდილი

მარინე გვიანიძე: ხშირად ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ, რომ სოციალური ქულების მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია. ეს არ ნიშნავს, რომ შემწეობის მოხმარებაც ამგვარადაა გაზრდილი, არამედ სოციალურ ქულებს ადამიანები იღებენ იმისთვის, რომ მიიღონ უშუალოდ ჯანდაცვის ის პროგრამული მომსახურებები, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი ბიუჯეტის მიერ.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარინე გვიანიძის განცხადება არის მცდარი.

აჭარაში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა მზარდია, ასევე გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. აჭარაში, მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, 2024 წლის იანვართან შედარებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა 6 452 ადამიანით, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობა 3 864 ადამიანით არის გაზრდილი.

ამრიგად, აჭარაში გაზრდილია, როგორც სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა, ასევე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაც. შესაბამისად, მარინე გვიანიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მცდარი.
ანალიზი:

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში მარინე გვიანიძემ განაცხადა: „ხშირად ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ, რომ სოციალური ქულების მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია. ეს არ ნიშნავს, რომ შემწეობის მოხმარებაც ამგვარადაა გაზრდილი, არამედ სოციალურ ქულებს ადამიანები იღებენ იმისთვის, რომ მიიღონ უშუალოდ ჯანდაცვის ის პროგრამული მომსახურებები, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი ბიუჯეტის მიერ“.

„ფაქტ-მეტრმა“ ამ თემაზე არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ანთაძის, განცხადება გადავამოწმეთ. იმ სტატიაში შესაბამისი მონაცემები 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით შევიდა. ამჯერად საკითხს კიდევ ერთხელ შევეხებით. თუმცა მანამდე ჩვენი აუდიტორიისთვის განვმარტავთ სოციალური ქულების მინიჭებასთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ოჯახი მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარება ესაჭიროება, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს და ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს. ამის შემდეგ, ოჯახში მიდის სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც „ოჯახის დეკლარაციაში“ ასახავს ვიზიტისას მიღებულ ინფორმაციას. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია განთავსდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა. პირი/ოჯახი რეგისტრირდება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. სწორედ აღნიშნული ქულის ოდენობა განსაზღვრავს, რა სახის ბენეფიტზე ექნება ხელმისაწვდომობა ოჯახს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადების ის ნაწილი, რომ ადამიანები ქულებს იმიტომ იღებენ, შემდეგ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთონ, მცდარია. ოჯახს სოციალური ქულა ცალსახად სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით კი არ ენიჭება, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დახმარების მიწოდების საფუძვლად ჩათვალა.

მაგალითად, ავიღოთ ქვეპროგრამა „სახსრების ენდოპროთეზირება“ (060203), რომელიც ხორციელდება „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში. აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დანართში ჩამოთვლილია კატეგორიები, რომლებსაც, ქვეპროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ. მათ შორის არიან ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულა. არ ფინანსდებიან პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი. ანუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ 40 000 ლარის ოდენობის წლიური შემოსავლის მქონე პირს, რომელსაც, შესაძლოა, ოჯახის რამდენიმე წევრის (მაგ. არასრულწლოვანის) რჩენა უწევს, სამედიცინო სერვისების დაფინანსება თვითონ შეუძლია, ანუ მისი ოჯახი სახელმწიფოსგან სოციალურ-ეკონომიკური ტიპის დახმარებას არ საჭიროებს. როგორც წესი, მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სწორედ იმიტომ მიმართავენ, რომ სოციალურ-ეკონომიკური სახის გამოწვევებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან და დახმარება სჭირდებათ.

ასევე, მარინე გვიანიძის თქმით, სოციალური ქულების მქონე მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს, რომ ფულადი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც ამგვარად იზრდება. მართალია, ბაზაში რეგისტრირებულთა და შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობა ერთნაირად არ იმატებს, მაგრამ, როგორც წესი, თუ რეგისტრირებულთა რაოდენობა გაიზარდა, ზრდადია შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც.

შეგახსენებთ, რომ ფულადი საარსებო შემწეობა გათვალისწინებულია მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებული იმ ოჯახების ყველა წევრისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვს:

30 001-ზე ნაკლები ქულა - 60 ლარი ოჯახის ყველა წევრზე;

30 001 და მეტი, მაგრამ 57 001 ქულაზე ნაკლები - 50 ლარი;

57 001 და მეტი, მაგრამ 60 001 ქულაზე ნაკლები - 40 ლარი;

60 001 და მეტი, მაგრამ 65 001 ქულაზე ნაკლები - 30 ლარი;

ასევე, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობის სახით ყოველთვიურად იღებს 200 ლარს, ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

დავაკვირდეთ, როგორია ბაზაში რეგისტრირებულთა და შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარის რეგიონში. სურათის უკეთ დასანახავად, 2024 წლის თორმეტივე თვესა და 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს გაგაცნობთ.

დიაგრამა 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები აჭარაში, 2024 წლის იანვარ-დეკემბერი და 2025 წლის იანვარ-თებერვალი


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლა

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ 2025 წლის თებერვალში აჭარაში მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო, ანუ სხვადასხვა სოციალური ქულა მინიჭებული ჰქონდა 39 672 ოჯახს, საიდანაც ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები იყო 15 779 ოჯახი. თუ ამ მაჩვენებლებს 2024 წლის იანვართან შევადარებთ, ვნახავთ, რომ გაზრდილია არა მხოლოდ რეგისტრირებული, არამედ მიმღები ოჯახების რაოდენობაც, შესაბამისად, 1 658 ოჯახით და 910 ოჯახით. საწყის პარამეტრებთან მიმართებით, რეგისტრირებულთა შემთხვევაში ეს - 4.6%-იანი, ხოლო შემწეობის მიმღებთა შემთხვევაში, 6.1%-იანი ზრდაა.

ვნახოთ, როგორია იმავე პერიოდში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხოვნობა. დინამიკა მოცემულია დიაგრამა 2-ზე.

დიაგრამა 2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა აჭარაში, 2024 წლის იანვარ-დეკემბერი და 2025 წლის იანვარ-თებერვალი


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლა

შენიშვნა: საარსებო შემწეობის მიმღები პირებისა და ოჯახების რაოდენობა მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შემწეობის თანხა.

როგორც ვხედავთ, შესამჩნევად არის გაზრდილი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა. კერძოდ, 2024 წლის იანვართან შედარებით, 6 452 ადამიანით მეტია რეგისტრირებული. საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობა კი გაზრდილია 3 864 ადამიანით. ამ შემთხვევაშიც, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა, საანგარიშო პერიოდის საწყის მაჩვენებელთან მიმართებით, უფრო მეტი - 5.7%-ითაა გაზრდილი, ვიდრე რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა, რაც 4.4%-ს შეადგენს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტი გულისხმობდა, თითქოს არასწორია, რომ, რადგან აჭარაში გაზრდილია ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ე. ი., გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. როგორც ვნახეთ, აჭარაში მოიმატა როგორც ერთმა, ისე მეორე კატეგორიამ.

ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარინე გვიანიძის განცხადება არის მცდარი.


პერსონები
მარინე გვიანიძე

ყველა სიახლე