იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.6%-ით (3.1-დან 3.6 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა. ნახატებისა და ქანდაკებების გამოკლებით, რომლების ერთჯერად ფაქტორებს წარმოადგენდა, ბრუნვა პირიქით, 1.1%-ით შემცირდა. მდგომარეობა თებერვალში გაუარესდა, რა დროსაც შემცირდა როგორც ექსპორტი (მათ შორის ადგილობრივი), ასევე იმპორტი.
იანვარში ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა, თებერვალში 7%-ით შემცირდა და ორი თვის ჯამში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალშიც, ისევე როგორც 2024 წელს, საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილი ყირგიზეთმა დაიკავა. ორ თვეში ყირგიზეთში 167 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა და მისმა წილმა ექსპორტში 19.9%-ს მიაღწია. მეორე ადგილზე (101 მლნ-ით) ყაზახეთი გავიდა. ათეულში შემდეგ პოზიციებს აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი და შვეიცარია იკავებენ.
ყაზახეთსა და ყირგიზეთში მკვეთრი, 33%-იანი და 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაშინ, როცა რუსეთში ექსპორტი 26%-ით შემცირდა, სომხეთში - 13%-ით, თურქეთში - 27%-ით და სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთში - 22%-ით. საბაზო ვითარების გათვალისწინებით (2024 წლის იანვარ-თებერვალში ბულგარეთში ექსპორტზე მხოლოდ 3.9 მლნ-ის პროდუქცია გავიდა, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ძვირფასი ლითონებისა და სპილენძის მადნების ხარჯზე ექსპორტმა 28 მლნ-ს მიაღწია), ბულგარეთში 640%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ექსპორტში მან მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.
გრაფიკი 1: ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთავარ საექსპორტო პროდუქტად მსუბუქი ავტომობილები რჩება, მთლიან ექსპორტში მისი წილი 34%-ს აღემატება, მაშინ როცა მეორე ადგილზე მყოფი ძვირფასი ლითონების წილი 4.7%-ია. ყირგიზეთში ექსპორტის 89% - 149 მლნ დოლარი 167 მლნ-დან, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მსუბუქი ავტომობილების წილი ყაზახეთში ექსპორტირებულ პროდუქციაშიც ძალიან მაღალია და 84%- ს შეადგენს.
სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში მესამე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს, მეოთხეს - ღვინო. სპირტიანი სასმელების ექსპორტი 16%-ით შემცირდა, ღვინის - 38%-ით (მათ შორის თებერვალში 44%-ით). მინერალური წყლების, აზოტოვანი სასუქების, ოქროსა და თხილის ექსპორტი გაიზარდა. ფეროშენადნობების მკვეთრად, 61%-ით შემცირდა და მეათე ადგილზე გადაინაცვლა.
ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტი ორი თვის ჯამში 1.3%-ით და თებერვალში 10.8%-ით შემცირდა. თუ მთლიან ექსპორტში 8.4%-იანი წილით რუსეთი მეხუთე ადგილზეა, ადგილობრივ ექსპორტში 17.3%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე 10.4%-იანი წილით თურქეთია, მესამეზე 8.7%-იანი წილით ჩინეთი. თითოეულ მათგანში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 20%-ზე მეტით შემცირდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში 36 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში - 16 მლნ-ის. რუსეთს გარეთ ღვინის გაყიდვები მხოლოდ 11-დან 13 მლნ-მდე გაიზარდა. ვარდნის სავარაუდო მიზეზად შეიძლება აქციზის ზრდა დავასახელოთ. 2024 წლის მაისიდან რუსეთმა ღვინის აქციზი ლიტრზე 34-დან 108 რუბლამდე გაზარდა, რაც დაახლოებით 1 ლარიდან 3 ლარამდე ზრდას ნიშნავს. თუ გასული წლის სტატისტიკას შევხედავთ, რუსეთში მთლიანად 183 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა, რომელიც თვეების მიხედვით არათანაბრად გადანაწილდა, კერძოდ, იანვარ-აპრილში 100 მლნ-ის და დარჩენილი 83 მლნ-ის მაის-დეკემბერში. გასული წლის იანვარ-აპრილში მარაგების დაგროვების ხარჯზე საშუალო თვიურმა ექსპორტმა 25 მლნ დოლარს მიაღწია და შემდეგ 10 მლნ-მდე შემცირდა, შესაბამისად, კლება ძირითადად საბაზო ეფექტს უკავშირდება. წინა წლებში რუსეთში ღვინის ექსპორტი თვეების მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. მაღალი ალბათობით, იგივე იქნებოდა გასულ წელსაც და შესაბამისად, არც ამ მასშტაბის (55%-ინი) პროცენტული კლება დაფიქსირდებოდა.
თურქეთში ექსპორტის ვარდნის მთავარი მიზეზი ფეროშენადნობები გახდა, რომლის ექსპორტიც ორ თვეში 19-დან 4 მლნ დოლარამდე შემცირდა. 35 მლნ-დან 24 მლნ-მდე შემცირდა ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი ჩინეთში.
ადგილობრივი ექსპორტის კლებისა და რეექსპორტის ზრდის ხარჯზე, მთლიან ექსპორტში 2023 წელს რეექსპორტის წილმა 50%-იან ზღვარს პირველად გადააჭარბა და ტენდენცია 2025 წლის იანვარ-თებერვალშიც შენარჩუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული რეექსპორტიც მომგებიანია, ეკონომიკური თვალსაზრისით, ადგილობრივ ექსპორტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ორ თვეში იმპორტი 19.6%-ით გაიზარდა, თუმცა თუ ერთჯერად ფაქტორებს გამოვრიცხავთ, 2.9%-იან კლებას მივიღებთ. 478 მლნ დოლარით იმპორტში ფორმალურად პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხის თითქმის ნახევარი ( 228 მლნ დოლარი) ნახატებზე მოდის. ნახატების გამორიცხვით ( 344 მლნ-ით), პირველ ადგილზე რუსეთი იქნებოდა. 17%-იანი კლების შემდეგ თურქეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თურქეთი, როგორც წესი, იმპორტშიც და სავაჭრო პარტნიორებშიც პირველ ადგილს იკავებს ხოლმე. 2025 წელს, ორთვიან ჭრილში ჯერჯერობით მესამეზეა. იანვარ-თებერვალში თურქეთიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტი 44-დან 24 მლნ დოლარამდე შემცირდა. ათეულში დარჩენილ პოზიციებს ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, იაპონია, იტალია და ბულგარეთი ინაწილებენ.
გრაფიკი 3: იმპორტი[1] (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სასაქონლო ჯგუფებიდან, ისევ და ისევ ერთჯერადი ფაქტორების გათვალისწინებით, პირველ ადგილს 481 მლნ-ით ნახატები იკავებს (ზრდა 535 000%), 327 მლნ-ით მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტიც 16.5%-ით შემცირდა, ნავთობპროდუქტების იმპორტი 8%-ით - 202 მლნ-მდეა გაზრდილი, ბუნებრივი გაზის 14.3%-ით - 145 მლნ-მდე.
იმის გათვალისწინებით, რომ 2013-2024 წლებში ნახატებისა და ქანდაკებების ჯამურმა იმპორტმა მხოლოდ 9 მლნ დოლარი შეადგინა და 2025 წლის იანვარში 500 მლნ-ზე მეტი, აღნიშნული ცალსახად ერთჯერადი ფაქტორია. მათი გამორიცხვით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 1%-ით იქნება შემცირებული. 1%-იანი კლება ბევრი არაა, მაგრამ თუ ცალკე აღებულ თებერვალს განვიხილავთ, კლება უკვე 7%-ს აღწევს, კიდევ უფრო მაღალია და 10%-ს აჭარბებს კლება ადგილობრივ ექსპორტში. ორი თვე ზუსტი ანალიზის გასაკეთებლად მცირე დროა, თუმცა არსებული მონაცემებით, უარყოფითი ტენდენციის ნიშნები უკვე შეინიშნება. მცირე დროითი შუალედისა და პროცენტულად მცირე კორექციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვარდნა შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება, თუ - არა.