ნათია თურნავა: ვალუტის შემოდინებამ ლარი გაამყარა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ლარი აშშ დოლართან მიმართებით მარტის პირველ 10 დღეში 3.62 თეთრით და წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით 3.96 თეთრით გამყარდა. დოლარისგან განსხვავებით, იმავე პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებით 6.79 და 8.89, ხოლო ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 2.13 და 6.19 თეთრით გაუფასურდა. ლარი ასევე გაუფასურდა პრაქტიკულად ყველა სხვა ევროპული ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით, იქნება ეს შვეიცარიული ფრანკი, პოლონური ზლოტი, ბულგარული ლევი, რუმინული ლეი, შვედური კრონა თუ ნორვეგიული კრონი.ბოლო ორ თვეში და განსაკუთრებით მარტის დასაწყისში, სხვა ძირითადი ვალუტების (ევროს, ფუნტის, იაპონური იენის) უმრავლესობასთან მიმართებით თავად დოლარი გაუფასურდა. დაეცა დოლარის ინდექსიც. შესაბამისად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი სწორედ დოლარის გაუფასურება გახდა. დოლარის ინდექსი 4%-ზე მეტით შემცირდა, ლარი კი დოლართან მიმართებით მხოლოდ 1.4%-ით გამყარდა.ზოგიერთ საერთაშორისო ვალუტასთან, მაგალითად - ჩინურ იუანთან და კანადურ დოლართან, ასევე მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან რუბლის გარდა, ლარი მართლაც გამყარდა, რისი მიზეზიც მეტწილად თავად ამ ვალუტების გაუფასურება გახდა.როგორ შეიცვალა ბოლო 10 დღეში ან ბოლო ორ თვეში ვალუტის შემოდინება, ამის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მხოლოდ ნაწილია ცნობილი, რაც დასკვნის გამოსატანად არასაკმარისი წინაპირობაა. ცნობილი ფაქტებიდან დადასტურებული ისაა, რომ საანგარიშო პერიოდში დოლარი გაუფასურდა. მთავარი, ან როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მთავარი მიზეზის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა: „ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც.“
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის პლატფორმაზე ბანკთა შორის ვაჭრობის საფუძველზე ადგენს. სებ-ს კურსზე ზემოქმედების ბერკეტებიც გააჩნია, თუმცა ოფიციალური კურსის გამოცხადებისას, არსებული რეალობით ხელმძღვანელობს და გამოცხადების მომენტში მის ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებს.
რეალურ გაცვლით კურსზე ერთდროულად მოქმედებს, როგორც ფუნდამენტური, ასევე მოკლევადიანი ფაქტორები. ფუნდამენტურში გრძელვადიან პერიოდში ფულადი ნაკადების შემოდინება-გადინება იგულისხმება: საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შემოსავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილები. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელობა მოლოდინებს ენიჭება, რომელიც, როგორც წესი, რაღაც პროცესს ან ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოსდევს ხოლმე.
ნათია თურნავას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია თუ რასთან შედარებით გამყარდა ლარი. 28 თებერვალს ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.82 ლარს შეადგენდა. 10 მარტს, განცხადების გაკეთების მომენტში - 2.78-ს, შესაბამისად, 10 დღეში 4 თეთრით, მეტი სიზუსტისთვის 3.62 თეთრით იყო გამყარებული. დოლარისგან განსხვავებით იმავე პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებით 6.71 თეთრით, ხოლო გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 2.13 თეთრით გაუფასურდა. ლარი ასევე გაუფასურდა შვეიცარიულ ფრანკთან, ბულგარულ ლევთან, დანიურ კრონთან, პოლონურ ზლოტთან, ჩეხურ კრონასთან, ნორვეგიულ კრონთან და სხვა ევროპული ქვეყნების ვალუტებთან მიმართებით.
მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან ლარი მარტის პირველ 10 დღეში ყველასთან გამყარდა, კერძოდ: 100 რუსულ რუბლთან 11.53 თეთრით, 1000 სომხურ დრამთან 9.74 თეთრით, აზერბაიჯანულ მანათთან 2.11 თეთრით, თურქულ ლირასთან 1.1 თეთრით.
თუ შესადარებლად წლის დასაწყის, პირველ იანვარს ავიღებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3.92 თეთრით იქნება გამყარებული, თუმცა ვალუტების უმრავლესობასთან, ევროსთან, გირვანქა სტერლინგთან და შვეიცარიულ ფრანკთან ამ შემთხვევაშიც გაუფასურება ფიქსირდება.
ძირითადი საერთაშორისო და ევროპული ვალუტებიდან გამყარება ფაქტობრივად მხოლოდ აშშ დოლართან, ჰონკონგურ დოლართან, კანადურ დოლართან და ჩინურ იუანთან ფიქსირდება. (10 ყველაზე გამოყენებად ვალუტებს შორის ავსტრალიური და ახალ ზელანდიური დოლარებიც შედის, თუმცა ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს ჯამური წლიური სავაჭრო ბრუნვა 6 მლნ დოლარზე ნაკლებია.)
ცხრილი 1: ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი საერთაშორისო და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ვალუტის მიმართ[1]
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მეზობელი ქვეყნების ვალეტებთან წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი რუბლთან გაუფასურდა, დანარჩენთან გამყარდა. სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან ლარი ყაზახურ ტენგესთან გაუფასურებულია და ყირგიზულ სომთან გამყარებული. რუსულ რუბლთან მკვეთრი 20%-იანი გაუფასურება თავად რუბლის გამყარებითაა გამოწვეული. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2025 წლის იანვრის დასაწყისში აშშ დოლარის ღირებულება 100 რუბლს, ზოგ შემთხვევაში 110 რუბლსაც აჭარბებდა, მარტში კი ის 87 რუბლამდე შემცირდა.
ცხრილი 2: ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი მეზობელი სახელმწიფოებისა და სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის მიმართ
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
13 მარტის მდგომარეობით, ცნობილია მხოლოდ იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების მონაცემები. იანვარში ექსპორტი გაიზარდა, თებერვალში შემცირდა. შემცირებულია ფულადი გზავნილებიც. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ინფორმაცია უცნობია, რის გამოც „ფაქტ-მეტრი“ ვერ დაადგენს იმას, რამდენადაა გაზრდილი ან შემცირებული იანვარ-თებერვალში ფულადი ნაკადები, თუმცა შეიძლება იმაზე მსჯელობა, რატომ გამყარდა ლარი დოლართან და რატომ გაუფასურდა სხვა საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებით.
აშშ დოლარი ბოლო ორ თვეში საერთაშორისო ვალუტების უმრავლესობასთან გაუფასურდა. თუ წლის დასაწყისში 1 ევრო 1.04 დოლარი ღირდა, დღეს 1.09 დოლარი ღირს, გირვანქა სტერლინგის ფასი 1.25-დან 1.29-მდეა გაზრდილი, შვეიცარიული ფრანკი 1.11-დან 1.13-მდე.
კონკრეტული სავალუტო წყვილის გარდა, არსებობს აშშ დოლარის ინდექსიც, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების შეწონილი გეომეტრიული ინდექსი.
დოლარის ინდექსი მსოფლიო ვალუტების ნაწილთან ღირებულებით დამოკიდებულებას ასახავს. კორელაცია 6 ვალუტასთან: ევროსთან, გირვანქა სტრელინგთან, შვეიცარიულ ფრანკთან, შვედურ კრონასთან, იაპონურ იენთან და კანადურ დოლართან დგინდება. მათში ყველაზე მაღალი 57.6%-იანი წილი ევროს უკავია. თუ წლის დასაწყისში ინდექსი 108.5-ს შეადგენდა, 10 მარტს ნათია თურნავას მიერ განცხადების გაკეთების მომენტში 103.8-მდე იყო შემცირებული.
მაშინ, როცა დოლარის ინდექსი 4%-ზე მეტით შემცირდა, ლარი დოლართან მიმართებით მხოლოდ 1.4%-ით გამყარდა, სხვა ძირითადი საერთაშორისო ვალუტების უმრავლესობასთან, ასევე პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, რაც აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ დოლართან მიმართებით გამყარების მთავარი მიზეზი თავად დოლარის გაუფასურება გახდა.
ნათია თურნავამ ლარის დოლართან მიმართებით გამყარება პირდაპირ ვალუტის შემოდინებას დაუკავშირა და არაფერი უთქვამს დოლარის გაუფასურებაზე, მაშინ, როცა დოლარის გაუფასურება ლარის დოლართან მიმართებით გამყარების მთავარი, ან როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.