ირაკლი კობახიძე: ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი 195 000-ით გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ირაკლი კობახიძე 2024 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას 2021 წლის წლიურ მაჩვენებელს ადარებს. ანუ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. გარდა ამისა, დასაქმების მაჩვენებელში სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად კვარტალური მაჩვენებლები შესაბამის კვარტლის მაჩვენებლებს უნდა შედარდეს, ხოლო წლიური მონაცემები - წლიურს.
რეალური სურათი ასე გამოიყურება - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 2019 წელთან (პანდემიამდე პერიოდთან) შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 106.6 ათასით არის გაზრდილი. „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 190.3 ათასით გაიზარდა, რაც წლიურად საშუალოდ დაახლოებით 15.8 ათას ახალი სამუშაო ადგილია. ამრიგად, დასაქმებულთა რაოდენობა 195 ათასით არათუ ბოლო 3 წელში, არამედ „ქართული ოცნების“ 12-წლიან პერიოდშიც კი არ გაზრდილა.
2022 წლიდან დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმება ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.
ამრიგად, ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს მანიპულაციურად ადარებს და არსებულ პროგრესს მკვეთრად გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით: „ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი 195 000-ით გაიზარდა“.
ირაკლი კობახიძე განცხადებაში 2024 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას 2021 წლის წლიურ მაჩვენებელს ადარებს. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება არამართებულია, ვინაიდან დასაქმების მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს. სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, წინა პერიოდებთან მიმართებაში გამოვლენილი ტენდენციის სწორად გასაანალიზებლად, წლიური მონაცემები დარდება წლიურს, ხოლო კვარტალური მაჩვენებლები წინა წლ(ებ)ის ანალოგიურ კვარტალს. გარდა ამისა, მონაცემები შედარებულია 2021 წელთან, როდესაც პანდემიის და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების გამო, დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ბოლო 10-წლიან პერიოდში [2015-2024] დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა.
იმისთვის, რომ დასაქმების მაჩვენებლები სწორად გაგვეანალიზებინა, 2024 წლის წლიური მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდის, ანუ 2019 წლის მაჩვენებელს შევადარეთ. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობა 106.6 ათასით გაიზარდა, აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 62.9 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 42.7%-დან 47.1%-მდე გაიზარდა. დასაქმების დონის ზრდა უმეტესწილად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით არის განპირობებული, თუმცა გარკვეულწილად გავლენა ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებამაც იქონია.
რაც შეეხება დასაქმების მხრივ ბოლო წლებში არსებულ ტენდენციას, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო. 2023 და 2024 წლებში დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.(იხილეთ გრაფიკი 1).
ირაკლი კობახიძე პანდემიური პერიოდის მაჩვენებელს იღებს შესადარებლად, როდესაც დასაქმების დონე მინიმუმამდე იყო შემცირებული, რითაც დასაქმების მხრივ მიღწეულ პროგრესს მკვეთრად გადაჭარბებულად წარმოაჩენს. არათუ 3 წლის განმავლობაში, არამედ „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიან პერიოდშიც კი 195 ათასი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 190.3 ათასით არის გაზრდილი.
გრაფიკი 1: დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე, 2015-2024 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა 2022-2024 წლებში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. პირველ რიგში, პანდემიის დასრულებას და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ლოგიკურად მოჰყვა. ამასთან, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს და შრომის ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა უნდა განვიხილოთ, არა როგორც რეალური დასაქმების პროგრამა, არამედ როგორც სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სტატისტიკურად ზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც.
ამრიგად, დასაქმების მაჩვენებლების პანდემიის პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების გამო ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ მუშაობდა, შედარება მანიპულაციურია და დასაქმების მხრივ არსებულ ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. გარდა ამისა, ასევე არამართებულია კვარტალური მაჩვენებლის წლიურ მაჩვენებელთან შედარება. რეალური სურათი კი ასე გამოიყურება: 2024 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, ანუ გასული 5 წლის განმავლობაში, დასაქმებულთა რაოდენობა 106.6 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.