1.7 ლარი არ არის უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვების თანხა, კვების თანხა არის ბევრად ნაკლები

ბესიკ დონაძე: 1.7 ლარი არ არის უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვების თანხა, კვების თანხა არის ბევრად ნაკლები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის სიმართლე.

2025 წლის თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 26 430 800 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით, ცხელი სადილით დედაქალაქში მცხოვრები 42 438 სოციალურად დაუცველი პირი ყოველდღიურად უნდა უზრუნველყონ. შესაბამისად, უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის მომსახურებისთვის დღიურად 1.7 ლარია გათვალისწინებული. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ 1.7 ლარი მთლიანად ბენეფიციართა კვებას არ ხმარდება.

არც დედაქალაქის ბიუჯეტში, არც სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, რომ უფასო სასადილოების მომსახურების თანხა მთლიანად მხოლოდ ბენეფიციართა კვებისთვის არის განკუთვნილი.

უფასო სასადილოების ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ტანდემი“) კომუნიკაციით, „ფაქტ-მეტრმა“ გაარკვია, რომ აღნიშნული თანხა უფასო სასადილოების მომსახურების თანხაა, რომელშიც სასადილოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ხარჯი შედის და ერთი ბენეფიციარის კვებას დღიურად დაახლოებით 1.3 ლარი ხმარდება.

როგორც აღმოჩნდა, უფასო სასადილოს ბენეფიციარის დღიურ მომსახურებაზე გამოყოფილი ისედაც მწირი - 1.7 ლარიდან, მათ სადილზე კიდევ უფრო მცირე თანხა იხარჯება.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის სიმართლე.


ანალიზი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ბესიკ დონაძე ტელეკომპანია „ფორმულაზე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც გაუარესებულ სოციალურ ფონზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვებისთვის გამოყოფილ თანხასაც შეეხო: „1.7 ლარი არ არის კვების თანხა, კვების თანხა არის ბევრად ნაკლები. ამ თანხაში, რომელიც არის მომსახურების თანხა, ამ თანხაში შედის მომსახურე პერსონალის ხელფასები, ამაში შედის კომუნალური გადასახადები, ამაში შედის შენობა-ნაგებობის იჯარა და სასადილოსთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა“.

თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსებას, დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და მათ აღრიცხვას თბილისის მერის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება 1-819 არეგულირებს.

ბრძანების მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება.

რაც შეეხება სიაში განმცხადებლების შეყვანის რიგითობას, ის განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. უპირატესობა ენიჭება იმ განმცხადებელს, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე დარეგისტრირდა. თავდაპირველად, პირი დამატებით სიაში ხვდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება დამატებითი სიიდან ხორციელდება. დამატებითი სიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს.

2025 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის (კოდი 06 02 14) 26 402 900 ლარია გათვალისწინებული. ამავე მიზნით, გასულ წელს 26 430 800 ლარი დაიხარჯა.

თბილისში 64 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, 2025 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული სასადილოები 42 439 ბენეფიციარს ემსახურება.

ბოლო წლების უფასო სასადილოების ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა და ერთი ბენეფიციარის მომსახურებაზე დღიურად გათვალისწინებული თანხა შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: უფასო სასადილოების ბიუჯეტი (მლნ ლარი), ბენეფიციართა რაოდენობა და დღიური თანხა


წყარო: თბილისის მერიის ბიუჯეტი

როგორც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი ცხადყოფს, მიმდინარე წელსაც, ისევე, როგორც 2022 წლიდან მოყოლებული, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარის დღიური მომსახურების თანხა 1.7 ლარს შეადგენს.

განცხადებაში ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ სინამდვილეში, ბენეფიციარის კვებას დღეში 1.7 ლარზე ნაკლები ხმარდება, „ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია, 1.7 ლარი დღიურად მხოლოდ უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვებაზე იხარჯება თუ მთლიანად სასადილოს მომსახურების ხარჯებს მოიცავს.

ბიუჯეტში უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხა უფასო სასადილოების მომსახურების თანხად არის მოხსენიებული, არსად არ არის მითითება, რომ ეს მხოლოდ კვებისთვის განკუთვნილი თანხაა. მსგავსი მითითება არც სატენდერო დოკუმენტაციაში გვხვდება.

მეტი დეტალის გასაგებად ჩვენ უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერში (NAT240021684) გამარჯვებულ კომპანია - „ტანდემს“, დავუკავშირდით, რომელმაც დიდუბის რაიონში გამოცხადებული ტენდერი მოიგო და მასთან 1 365 100 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უფასო სასადილოს 2 100 ბენეფიციარი ცხელი სადილით უნდა უზრუნველყოს.

კომპანიის დირექტორმა თამილა მელითაურმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აღნიშნა, რომ 1.7 ლარი არის სასადილოების მომსახურების თანხა, რომელშიც სასადილოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ხარჯი შედის (იჯარა, კომუნალური გადასახადები, სასადილოს მომსახურე პერსონალის ხელფასები). მისივე თქმით, უშუალოდ სადილისთვის დღიურად ერთი ბენეფიციარისთვის დაახლოებით 1.3 ლარი იხარჯება.

მან ისიც აღნიშნა, რომ ტენდერის პირობების შესრულებაში ის უწყობს ხელს, რომ პირადად მას საკუთარი მეურნეობა აქვს და სადილისთვის საჭირო პროდუქტების უმრავლესობა თვითონვე მოჰყავს.

შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობა და კალორაჟი წინასწარ არის განსაზღვრული. უფასო სასადილოს ბენეფიციარს დღეში ერთხელ ცხელი სადილი ეძლევა, რაც სხვადასხვა წვნიანის, ბურღულის ფაფის, კომპოტის და პურისგან შედგება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო ოთხი წელია, უფასო სასადილოს ბენეფიციარის დღიური მომსახურება 1.7 ლარი ჯდება. ეს იმ ფონზე, როცა საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია - 9.6%, 2022 წელს - 11.9%, 2023 წელს - 2.5%, 2024 წელს კი 1.1% იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა, რაც თვიურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5%), ხილი და ყურძენი (4.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1%), პურპროდუქტები (0.2%), ზეთი და ცხიმი (2.8%), რძე, ყველი და კვერცხი (2.0%). როგორც ვხედავთ, ფასები სწორედ იმ პროდუქტებზეა გაზრდილი, რომლისგანაც ძირითადად შედგება უფასო სასადილოების რაციონი.

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები
ბესიკ დონაძე

ყველა სიახლე