ღვინის ექსპორტის მესამედი არატრადიციულ ბაზრებზე მოდის

ლევან მეხუზლა: ღვინის ექსპორტის მესამედი არატრადიციულ ბაზრებზე მოდის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან მეხუზლას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გაყიდა და რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 66%-ს გადააჭარბა. რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის ჯამურმა წილმა 77%-ს, დსთ-ს ქვეყნებსა და უკრაინაში ერთად ექსპორტის წილმა კი 78.2%-ს მიაღწია.
ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო, მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად თანხებს მხოლოდ არატრადიციულ ბაზრებზე ხარჯავს, საიდანაც ექსპორტით მიღებული შემოსავლის მესამედს იღებს.
„ფაქტ-მეტრმა“ ტერმინ „ტრადიციული ბაზრების“ განმარტება ღვინის ეროვნულ სააგენტოში დააზუსტა. სააგენტოს ცნობით, ტრადიციულ ბაზრებად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მოიაზრებოდა ბალტიის ქვეყნების გარდა.
რეალურად, არატრადიციული ბაზრების წილი 1/4-ზე ნაკლებია. (მაგალითად დასახელებული 5 ქვეყნის: პოლონეთი, ჩინეთი, აშშ, გერმანია და ბრიტანეთი 15%-ზე ნაკლები). მესამედი ეს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდან მიღებული შემოსავალია. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომამდე არატრადიციული ბაზრების წილი მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ომის დაწყების შემდეგ ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა.
ფაქტობრივი უზუსტობისა და ბოლო პერიოდში ტენდენციის გაუარესების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან მეხუზლას განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ 14 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა ბიზნესპარტნიორში განაცხადა (26:02-დან): „არც ერთი თეთრი ჩვენს მიერ არ იხარჯება ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე“... „ჩვენ სტატისტიკიდანაც დავინახავთ რომ დაახლოებით მესამედი შემოსავლის მოდის სწორედ იმ ბაზრებიდან მეტიც, მესამედზე მეტი, მოდის შემოსავლების სწორედ იმ ბაზრებიდან, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ის ციფრი 270 მლნ [ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი] რაც გაჟღერდა, რაც ნამდვილად ეგრეა, ამის მესამედი მოდის სწორედ იმ ქვეყნებიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.“

2024 წელს ექსპორტზე 276 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, მათ შორის 183 მლნ დოლარის რუსეთში. ემბარგოს მოხსნის შემდეგ, 2013 წლიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რუსეთში ღვინის ექსპორტი მუდმივად იზრდებოდა როგორც თანხობრივად ასევე წილობრივად. 2024 წელს რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 66%-ს მიაღწია, რაც ბოლო 12 წლის რეკორდია. რეკორდი მოხსნა და 70%-ს გადააჭარბა რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში ტონაჟითაც.

პანდემიამდეც და ომამდეც, მეორე ადგილს უკრაინა იკავებდა, ომის შემდეგ ის პოლონეთმა ჩაანაცვლა და თავად უკრაინამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2024 წელს პირველი 10 საექსპორტო პარტნიორიდან 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ამ 6 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 79.4% შეადგინა. ბალტიის ქვეყნების გამოკლებით კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წილი 78.3%-ს შეადგენს.

გრაფიკი 1: ღვინის ექსპორტი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ე.წ. არატრადიციულ ბაზრებზე საუბრობდა. „ფაქტ-მეტრმა“ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად უწყებასთან დააზუსტა, რომ ტრადიციულ ბაზრებად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მოიაზრებოდა ბალტიის ქვეყნების გამოკლებით.

არატრადიციულ ბაზრებზე, ანუ იმ ბაზრებზე, სადაც სააგენტო მარკეტინგული კამპანიისთვის ფულს ხარჯავს, 2024 წელს ღვინის ექსპორტის წილმა 21.8% შეადგინა, რაც მესამედს - 33.3%-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. რეალურად მესამედზე ოდნავ მეტი 33.8% ჯამურად არარუსულ ბაზარზე გავიდა.

ლევან მეხუზლამ არატრადიციული ბაზრების მაგალითისთვის 5 ქვეყანა დაასახელა: პოლონეთი, ჩინეთი, აშშ, გერმანია და ბრიტანეთი. კონკრეტულად ამ 5 ქვეყნის წილმა 2024 წელს 14.9% შეადგინა. ომამდე, 2021 წელს ლევან მეხუზლას მიერ დასახელებული 5 ქვეყნის ჯამური წილი 16.7%-ს შეადგენდა, პანდემიამდე, 2019 წელს კი 15.2%-ს.

გრაფიკი 2: ღვინის ექსპორტი თანხობრივად (მლნ. აშშ დოლარი) და წილობრივად


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დსთ-ს ქვეყნებსა და უკრაინას სტაბილურად 75%-ზე მაღალი წილი უკავიათ. ომამდე გარკვეული შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ 2022-დან კვლავ ზრდა დაიწყო. უკრაინაში გაყიდვები შემცირდა, თუმცა გაიზარდა რუსეთში. 2021 წელს რუსეთის წილმა 54.7% და უკრაინის წილმა 10.5% შეადგინა, 2024 წელს რუსეთის წილმა 66.2% და უკრაინის წილმა 4.5%. რეალურად ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებიდანაც 4 ქვეყნის გამორჩევა შეიძლება: რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის, 2024 წელს 213 მლნ-ის ღვინო სწორედ ამ ოთხ ქვეყანაში გაიყიდა და მთლიან ექსპორტში 77%-ზე მაღალი წილი ამ ოთხმა ქვეყანამ დაიკავა.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გარდა, დარჩენილი ბაზრის დიდი ნაწილი მართლაც უკავია ლევან მეხუზლას მიერ დასახელებულ ქვეყნებს, მაგრამ თუ 2019 წელთან შედარებით, ამ ქვეყნებში ექსპორტი მხოლოდ 7 მლნ-ით გაიზარდა, ტრადიციულ ბაზრებზე ზრდამ 40 მლნ-ს მიაღწია.

ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება რისკის შემცველია. რუსეთის შემთხვევაში მას პოლიტიკურ ფაქტორებიც ემატება. გარდა ამისა, რუსეთშიც უკრაინაშიც და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც საექსპორტო ღვინის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში. 2024 წელს რუსეთში 1 ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 2.74 დოლარს შეადგენდა, უკრაინაში - 2.77-ს, ბელარუსში - 2.85-ს. ევროკავშირის ქვეყნებში საშუალოდ - 3.14-ს, ჩინეთში - 3.50-ს, ბრიტანეთში - 4.32-ს და შეერთებულ შტატებში - 5.95 დოლარს. არის გამონაკლისებიც. იმავე პოლონეთში რომელიც უკვე სამი წელია, გაყიდვებში მეორე ადგილზეა 2024 წელს საშუალო გასაყიდი ფასი ლიტრზე 2.48 დოლარს შეადგენდა, ხოლო დსთ-ს წევრ ყაზახეთში 3.24 დოლარს. ტაივანში საექსპორტო ფასმა ლიტრზე 49 დოლარს მიაღწია, თუმცა მთლიანი საექსპორტო შემოსავალი მიზერული იყო - 11 ათასი დოლარი. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას სინგაპურზეც, სადაც მართალია ფასმა 40 დოლარს მიაღწია, მაგრამ ექსპორტი 203 ათას დოლარს არ გასცდენია.

გრაფიკი 3: საშუალო საექსპორტო ღირებულება 1 ლიტრ ღვინოზე აშშ დოლარში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ მთლიანი ექსპორტით ათეულს ავიღებთ, მათში პირველი სამი ქვეყანა საექსპორტო ფასით ბოლო სამ ადგილზე იქნება. რუსეთი, რომელსაც 2/3-იანი წილი უკავია, საექსპორტო ფასით მხოლოდ პოლონეთს უსწრებს.

საერთო ჯამში, ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის 1/3 ახალ ბაზრებზე კი არა რუსეთის გარდა დანარჩენ ქვეყნებზე ნაწილდება. რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის წილი ერთად 77%-ს აჭარბებს. ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ჯამურად, ბალტიის ქვეყნების გარდა, 78%-ს. შესაბამისად, დარჩენილი ქვეყნების წილი 1/4-ზე ნაკლებია და ომის დაწყების შემდეგ არათუ ზრდის, კლების ტენდენციაც კი შეინიშნება. ბოლო 7 წელიწადში არატრადიციული ბაზრების წილმა მაქსიმუმს 24.8%-ს 2021 წელს მიაღწია, 2023-2024 წლებში კი 21.8%-მდე შემცირდა.

უშუალოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული ქვეყნების წილი კი 15%-ის ფარგლებში მერყეობს. ფაქტობრივი უზუსტობისა და ბოლო პერიოდში ტენდენციის გაუარესების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან მეხუზლას განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები
ლევან მეხუზლა

ყველა სიახლე