ირაკლი კობახიძე: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა იანვარში 39.3%-ით გაიზარდა.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 19.3%-ით - 339-დან 404 მლნ-მდე, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 11.6%-ით - 167-დან 186 მლნ-მდე და რეექსპორტი 26.7%-ით - 172-დან 218 მლნ-მდე გაიზარდა.კიდევ უფრო მეტად 45.5%-ით (1.1-დან 1.6 მლრდ-მდე) გაიზარდა იმპორტი, თუმცა იმპორტზე საუბრისას გასათვალისწინებელია მისი სტრუქტურა. ნახატების იმპორტი 2 მლნ პროცენტით გაიზარდა და 481 მლნ დოლარს მიაღწია, 75 ათას პროცენტიანია ზრდის შემდეგ 33 მლნ-ს გადააჭარბა ქანდაკებების იმპორტმა.2013-2024 წლებში (120 თვეში) ნახატებისა და ქანდაკებების ჯამურმა იმპორტმა 9.2 მლნ შეადგინა, 2025 წლის იანვარში კი 63-ჯერ მეტი - 514 მლნ დოლარი. ნახატებისა და ქანდაკებების გამორიცხვით იმპორტი 1%-ით იქნებოდა შემცირებული და სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ 3.7%-ით იქნებოდა გაზრდილი ნაცვლად დასახელებული 39.3%-ისა.ხელოვნების ნიმუშები, ამ შემთხვევაში ნახატები და ქანდაკებები, ტრადიციულ სავაჭრო პროდუქციას არ წარმოადგენს და მისი ერთჯერადი იმპორტი სავაჭრო ბრუნვის რეალურ ზრდად ვერ ჩაითვლება.რიცხობრივად სწორად დასახელებული მონაცემის, თუმცა ერთჯერადი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი - 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 19.3%-ით - 404 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 45.5%-ით - 1.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 39.3%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მონაცემები რიცხობრივად სწორია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვაჭრობის სტრუქტურაც განვიხილოთ. იანვარში ნახატების იმპორტი ასტრონომიულად 2 004 058%-ით - 24 ათასიდან 481 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 75 388%-ით - 44 ათასიდან 33 მლნ დოლარამდე გაიზარდა ქანდაკებების იმპორტიც. ჯამში ქანდაკებებისა და ნახატების იმპორტმა 2024 წლის იანვარში 68 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის იანვარში 514 მლნ დოლარი. ეს არაა მხოლოდ 1 თვის რეკორდი. „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში 12 წელიწადში ნახატების ჯამურმა იმპორტმა 7.8 მლნ და ქანდაკებების ჯამურმა იმპორტმა 1.4 მლნ შეადგინა. უფრო მარტივად, 2025 წლის იანვარში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტმა 2013-2024 წლების ჯამურ მონაცემს 63-ჯერ გადააჭარბა.
გრაფიკი 1: ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ნახატებისა და ქანდაკებების გამოკლებით, იმპორტი 1%-ით იქნებოდა შემცირებული, სავაჭრო ბრუნვა კი მხოლოდ 3.7%-ით იქნებოდა გაზრდილი, რაც დასახელებულ 39.3%-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გრაფიკი 2: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სწორედ ნახატებისა და ქანდაკებების გამო შეერთებული შტატებიდან იმპორტის 196%-იანი და დიდი ბრიტანეთიდან 2366%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, აშშ-მა იმპორტში 22.3%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა, ბრიტანეთმა 16.6%-იანი წილით - მეორე. გასული წლის იანვარში აშშ-ის წილი 10.9%-ს შეადგენდა და მესამე ადგილზე იმყოფებოდა. ბრიტანეთი კი 1%-იანი წილით ათეულს მიღმა იმყოფებოდა.
სხვა სასაქონლო ჯგუფებში და სხვა ქვეყნებიდან ცვლილებები შედარებით მცირეა და ძირითადად ჯდება სტანდარტულ ფარგლებში. თურქეთიდან, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, იანვარში იმპორტი 15%-ით - 173 მლნ-მდე შემცირდა, გერმანიიდან კიდევ უფრო მეტით - 24%-ით, იაპონიიდან თითქმის - 10%-ით და იტალიიდან - 26%-ით. ამის საპირისპიროდ, რუსეთიდან იმპორტი 14%-ით გაიზარდა, ჩინეთიდან - 51%-ით, აზერბაიჯანიდან - 15%-ით და ბულგარეთიდან - 53%-ით.
სასაქონლო ჯგუფებიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ით - 151 მლნ-მდე შემცირდა. სამკურნალო საშუალებების იმპორტი 20%-ით - 48 მლნ-მდე. ნავთობპროდუქტების იმპორტი 33%-ით - 107 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო ბუნებრივი გაზის 8.7%-ით - 74 მლნ-მდე.
რაც შეეხება ექსპორტს, პირველ ადგილს კვლავ ყირგიზეთი იკავებს, სადაც 2025 წლის იანვარში 74 მლნ-ის პროდუქცია გაიყიდა, მათ შორის 68.6 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილები და 4.9 მლნ-ის თამბაქოს ნაწარმი. ორივე მათგანი რეექსპორტს წარმოადგენს. იანვარში ყირგიზეთში ექსპორტი მკვეთრად - 62%-ით გაიზარდა. 13%-იანი ზრდის შემდეგ 46 მლნ-ით მეორე ადგილი აზერბაიჯანმა დაიკავა, 25%-ით - 45 მლნ-მდე გაიზარდა ექსპორტი ყაზახეთში. სომხეთში ექსპორტი თითქმის უცვლელად, 36 მლნ-ზე შენარჩუნდა, რუსეთში 18%-ით - 34 მლნ-მდე შემცირდა. თურქეთში 20%-იანი კლება დაფიქსირდა, ჩინეთში - 9.6%-იანი. ბულგარეთში ნახტომისებური 1211%-იანი ზრდა აღინიშნა, რასაც ხელი საბაზო პერიოდმა შეუწყო. 11.5 მლნ-იანი ექსპორტიდან 10.5 მლნ სპილენძის მადნებზე გადანაწილდა.
სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში 130 მლნ-ით მსუბუქი ავტომობილები კვლავ პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს 14.3 მლნ-ით სპირტიანი სასმელები იკავებს, მესამეს 13.9 მლნ-ით სპილენძის მადნები.
11.6%-ით 186 მლნ დოლარამდე გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელიც, თუმცა ზრდის მიუხედავად ადგილობრივი ექსპორტი 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს მაინც 21%-ით და 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 30%-ით ჩამორჩება.
ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილს 17%-იანი წილით რუსეთი ინარჩუნებს, მეორეზე 10.9%-იანი წილით თურქეთია, სამეულს 8.7%-იანი წილით ჩინეთი ასრულებს. ათეულში დარჩენილ პოზიციებს ბულგარეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, იტალია, უკრაინა და გერმანია ინაწილებენ.
საექსპორტო პროდუქციიდან 13.8 მლნ-დან პირველ ადგილზე სპილენძის მადნებია, გასული წლის იანვარში მისი ექსპორტი არ დაფიქსირებულა. 13.4 მლნ-ით მეორე ადგილს მინერალური წყლები იკავებს. 29%-იანი კლების შემდეგ ღვინომ 12.8 მლნ-ით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. გასული წლის იანვარში პირველ ადგილზე მყოფი ფეროშენადნობები მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა. მისი ექსპორტი განახევრდა. 2024 წლის ნოემბრიდან ზესტაფონის ფერომ და ჭიათურის მაღაროებმა მუშაობა 5 თვით შეაჩერეს.
საერთო ჯამში, 2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე რეექსპორტი. გაზრდილია იმპორტიც და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც. თუმცა იმპორტის შემთხვევაში ზრდა ერთჯერად ფაქტორს უკავშირდება. ამ ერთჯერადი ფაქტორის გამოკლებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 39%-ით კი არა მხოლოდ 3.7%-ით იქნებოდა გაზრდილი, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.