სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „გაბი კამაევი“ „რადიო თავისუფლებასთან“ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ეველინ ფარკასის ინტერვიუს ნაწყვეტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). TikTok ვიდეოს, რომელზეც დატანილია წარწერა: „არა კაცო, რა ომში ჩართვას გვთხოვდნენ. 2023 წ.“, Facebook-ანგარიში შემდეგი აღწერით ავრცელებს: „ეს მათთვის ვინც გაიძახის; ვინ გვთხოვდა მეორე ფრონტის გახსნას? ეს მხოლოდ ოცნების ნარატივია!“.
ვიდეოში ფარკასი ამბობს: „საქართველო დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშ დგას რუსეთისგან, მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. (ჟურნალისტი: ასე დარწმუნებული ხართ, ვინაიდან არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში). მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. მას შეუძლია, ვიცი, საგუშაგოებს სწევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს. მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს და საბოლოოდ, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში ვართ, უკრაინის მხარეს“. მომხმარებლების მიხედვით, ფარკასის ინტერვიუ არის იმის მტკიცებულება, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას სთხოვდა.
ეველინ ფარკასმა “რადიო თავისუფლებასთან”ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
ინტერვიუში ფარკასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას სურს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა, თუმცა აქვს კითხვები “მოწადინების ხარისხთან”, რადგან, შესაძლოა, არსებობდეს შიში რუსეთის მიმართ. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ რიტორიკის ეს ნაწილი ბევრისთვის გასაგებია, რესპონდენტი აგრძელებს: „დიახ, რაც ბუნებრივია, მაგრამ საქმე ისაა, რომ... საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან - რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო. ვლადიმირ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. ამიტომაც, როცა ის ესტონეთს ემუქრება, მე ვამბობ - არ მიაქციოთ ყურადღება. ის ამას ამბობს მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ უკრაინას გაზრდილი მხარდაჭერა. მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არსებული აღქმის მიხედვით, რუსეთს საქართველოში პრობლემები გაზრდა შეუძლია, ეველინ ფარკასი პასუხობს:
“მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. კი, ვიცი, რომ საგუშაგოებს სწევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს. მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინის მხარეს ვართ. გვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება. შეიძლება, შეგვეკამათოთ, ამიტომ თავად ვიტყვი, რომ საქართველოს მეტად უნდა დავხმარებოდით 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და ახლა ვეხმარებით უკრაინას”.
ინტერვიუს არც ამ და არც სხვა მონაკვეთში ფარკასი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას არ ითხოვს, როგორც ამას Facebook და TikTok ანგარიშები ამტკიცებენ. ფარკასის სიტყვებზე: „თქვენ შეიძლება გქონდეთ სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან (თუმცა აქ სანქციების საკითხი დგება და უნდა იფიქრო, როგორ წარმართო სავაჭრო ურთიერთობა), შეიძლება გქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და მაინცდამაინც ყველაფერში არ შეეწინააღმდეგო, მაგრამ რაღაც უნდა მისცე აშშ-სა და დასავლეთს, თუკი გინდა ამ თანამეგობრობის წევრი იყო“, ჟურნალისტი ეძიება, თუ რა შეიძლება იყოს “რაღაც”, რაც საქართველომ აშშ-სა და დასავლეთს უნდა მისცეს. კითხვაზე პასუხისას ფარკასი ხაზს უსვამს ეკონომიკურ სანქციებს და მას ერთადერთ გზად ასახელებს: „სანქციები. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს. ჩვენ [ამერიკა] მხოლოდ არაპირდაპირ ვაწვდით უკრაინელ სამხედროებს დახმარებას, რომ მათ შეძლონ თავის დაცვა. თუმცა, ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს“.
ინტერვიუს ჩაწერისას, 2022 წლის სექტემბერში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არა აშშ-ს, არამედ უკრაინასა და ქვეყანის შიგნით ოპოზიციურ ძალებს მიემართებოდა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში „მეორე ფრონტის გახნის“ სურვილი ჰქონდათ: „სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, მათი გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაშია“. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ელჩი გაეწვია საქართველოდან, უკრაინული მხარის კრიტიკის მიზეზად საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა დაასახელა. ღარიბაშვილი ომში ჩართვის მოწოდებებში ოპოზიციურ პარტიებსაც ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გაიხსნებოდა: „ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ არ გაუკეთებიათ მანამდე“.
2022 წელს ბრალდება აშშ-ის ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურდა პროსახელისუფლებო ექსპერტებისგან გაჟღერდა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი ზაზა შათირიშვილი 2022 წლის ივნისში აცხადებდა, რომ აშშ-ს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურდა: „მოკლედ რომ შევაჯამო, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს და ხელისუფლება საქართველოს დამღუპველ ომში არასოდეს ჩართავს“. 2022 წლის სექტემბერში აშშ-სთან დაკავშირებით მსგავსი ბრალდება „ქართული ოცნების“ მაშინდელი უმრავლესობის ნაწილის „ხალხის ძალის“ მიერაც გაკეთდა. კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, ე.წ. ოთხეულის სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერაც გაჟღერდა. მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის საელჩოს ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ „გაჩაღება“ სურდა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საელჩო ყველანაირად ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლება ომზე დაეყოლიებინა, რაზეც ღიად ზრუნვა მათ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. თუმცა, როდესაც ხელისუფლებისგან ეს შედეგი ვერ მიიღეს, საზოგადოების რეაქცია მოსინჯეს. საელჩომ ომის დაწყებისთანავე, განსაკუთრებით თებერვალ-მარტში, გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, ილვესის, პოდოლიაკის, დანილოვის და სხვათა პირით არაერთხელ სცადა, ქართულ საზოგადოებაში მეორე ფრონტის იდეა მოემწიფებინა. თუმცა, როგორც კი დაინახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ რუსეთთან ომს მშვიდობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არჩია, კამპანია მაშინვე შეწყვიტეს და პირიქით, საყოველთაო თავის მართლებაზე გადავიდნენ, არც ჩვენ და არც ჩვენს ქართველ თანამშრომლებს მეორე ფრონტი არ გვინდაო“.
ამდენად, „რადიო თავისუფლებასთან“ 2022 წლის ინტერვიუში, ეველინ ფარკასი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნაზე არ საუბრობდა. საქართველოსთან დაკავშირებით ის ხაზს უსვამდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობას, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას, 2022 წლის სექტემბერში, მაშინ როცა რუსეთ-უკრაინის ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო, ფარკასის თქმით, ერთადერთ გზად სახელდებოდა და არ არსებობდა სხვა გზა, რომელში ჩართვაც საქართველოს მთავრობასა და აშშ სურდა.