2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან,“ რადგან, პარტიის შეფასებით, ევროკავშირი ინტეგრაციის პროცესსა და საბიუჯეტო გრანტებს საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებს.
ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან მალევე პარლამენტის შენობასთან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები, მათ შორის ჟურნალისტები, ძალადობრივად დაარბიეს, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის კვამლში არაერთი დემონსტრანტი ძალის გამოყენებით დააკავეს, იყენებდნენ წყლის ჭავლის მანქანებსაც. ამ პერიოდში 500-მდე პირი დააკავეს და, ამასთანავე, იზოლატორიდან 80 დაკავებულის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 10 დეკემბრის განცხადების მიხედვით, აქციაზე დაკავებული 327 პირიდან 225-მა პოლიცია არასათანადო მოპყრობაში ამხილა, 157 პირს ხილული დაზიანება აღენიშნებოდა და არაერთმა მათგანმა პირადი ნივთების ქურდობაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატმა პოლიციის მიერ მოქალაქეების მიმართ დასჯის მიზნით ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წამების ქმედებად შეაფასა, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმები შესაძლოა შეფასდეს, როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერდა, რომ „ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალის მასშტაბი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შემაშფოთებელია, აშკარად შურისძიების მიზნითაა განხორციელებული და არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე – საერთაშორისო სტანდარტებს“. Amnesty International-ის ანგარიშში საუბარია დაკავებული დემონსტრანტების მიმართ წამებისა და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმების ფართოდ გამოყენებაზე, ასევე უსამართლობის ციკლზეც, რომელსაც მოსამართლეები „თვითნებურად დაკავებულ დემონსტრანტებზე უმკაცრესი ჯარიმების დაკისრებითა და პატიმრობის შეფარდებით“ აძლიერებენ. ამასთანავე, 53-მდე ადამიანი „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობის“ ბრალდებითაა დაკავებული, როდესაც არცერთი საპოლიციო ან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი მიცემულა პასუხისგებაში გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა.„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის პარალელურად, TikTok-პლატფორმაზე განსაკუთრებით მომრავლდა მავნე აქტორების მიერ მართული ანგარიშების რაოდენობა, რომლებიც პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით, დეზინფორმაციულ ან, სხვა მხრივ, საზიანო მეთოდებს მიმართავენ. მოცემული ანგარიში მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს მთავარი მიგნებები, რომლებიც 90 TikTok ანგარიშის მიერ საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით გავრცელებული მასალის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა.
პროტესტის მადისკრედიტირებელი ანგარიშები, რომლებიც კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევას ავლენენ
TikTok-ზე მზარდია ანონიმური ანგარიშების რაოდენობა, რომლებიც პლატფორმის მომხმარებელთა აზრის მანიპულაციის მიზნით, პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ მასალას ავრცელებენ, იყენებენ სიძულვილის ენას და შეურაცხყოფენ აქციის მონაწილეებს – მათ შორის, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, კონტენტის შემქმნელებს, მსახიობებს, მომღერლებს, ცნობილ ადამიანებსა და სხვა მოქალაქეებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ. პროტესტის დისკრედიტაციისთვის მავნე აქტორები რამდენიმე გზავნილსა და ნარატივს იყენებენ: 1. ალტერნატიული რეალობის შექმნა, სადაც დემონსტრანტები მოძალადეები არიან, ხოლო საპოლიციო ძალები - მსხვერპლნი; 2. პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობის რომანტიზება; 3. პროტესტის წარმოჩენა გარედან დაფინანსებულ „მაიდანის“ მცდელობად; 4. გარეგნობისა და მოსაზრებების გამო, აქციის მონაწილეთა გაშარჟება და შეურაცხყოფა; 5. ანტი-ლგბტქი+ მასალით დემონსტრაციების დაკნინება; 6. აქციების ისე წარმოჩენა, თითქოს მონაწილეთა რაოდენობა მწირია.
TikTok-ზე იდენტიფიცირებული გვერდებიდან რამდენიმე აგრეთვე აქტიურია ან წარსულში ოპერირებდა Meta-ს პლატფორმებზე, თუმცა ამჟამად არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამო წაშლილი ან სხვაგვარად შეზღუდული არიან. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილი ანგარიშები Meta-ს პლატფორმებზე იდენტური სახელებითა და პროფილის ფოტოებით ოპერირებდნენ და წაშლამდე „ფაქტ-მეტრს“ მათი გავრცელებული მასალა არაერთხელ გადაუმოწმებია: Agentura, Terenti Gldaneli, Mikheil Ukrainologi, Mister Aravin, Realoba, Brdzeni Kritikosi, Aragarevinebt. აღსანიშნავია, რომ ანონიმური გვერდების უმეტესობა განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როდესაც ქვეყანაში მასშტაბური კრიზისია. 2024 წლის აპრილში, როდესაც მმართველმა პარტიამ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი ხელახლა დააინიციირა, ზემოაღნიშნული გვერდები აქტიურად ავრცელებდნენ პროსახელისუფლებო ნარატივებს და ახდენდნენ საპროტესტო ტალღის დისკრედიტაციას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ “ფაქტ-მეტრის წინა” ანგარიში რამდენიმე TikTok არხის შესახებ, რომლებიც საზიანო მასალებს ავრცელებენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით.
ერთ-ერთი ვიდეოს ანალიზი თვალსაჩინოდ აჩვენებს აღნიშნული გვერდების ოპერირების პრაქტიკას. არხების დიდ ნაწილზე, ძირითადად ერთსა და იმავე დღეს, გამოქვეყნდა 1991 წლის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია თენგიზ სიგუა. ვიდეოში სიგუა ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიამ „ამერიკელებს უნდა მოუსმინოს.“ აღნიშნული მასალით TikTok არხები მიუთითებენ, რომ საქართველოში არსებობენ გარკვეული „მავნე ძალები“, რომლებიც მსგავსი სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობენ და „ქართულ ოცნებას“ დღესაც უწევს გაუმკლავდეს აშშ-ის მოლოდინებზე დამორჩილების ნარატივს.
ანგარიში | თარიღი |
19 დეკემბერი | |
19 დეკემბერი | |
19 დეკემბერი | |
19 დეკემბერი | |
19 დეკემბერი | |
19 დეკემბერი |
ალტერნატიული რეალობის შექმნა, სადაც დემონსტრანტები მოძალადეები არიან, ხოლო საპოლიციო ძალები - მსხვერპლნი
28 ნოემბრის საღამოს და 29 ნოემბრის გამთენიისას საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა დაიწყეს. მოულოდნელი არ ყოფილა ცრემლსადენი გაზის კაფსულების, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება აქციის მონაწილეთა დასარბევად, თუმცა აღმაშფოთებელი აღმოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ძალის გადამეტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელი მრავალი ფოტო და ვიდეომასალა, რამაც ვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. დაკავებულთა მიერ საიას ანგარიშში თავმოყრილი ცნობების თანახმად, სამართალდამცავები მათზე ძალადობდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგაც. ცემასთან ერთად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, სპეცრაზმელები მათ ფეხსაცმელებს ხდიდნენ და სამედიცინო დაწესებულებაში ფეხშიშველი მიჰყავდათ. საიას ანგარიშის თანახმად, დაკავებულებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ. ამასთანავე, დაკავებულებზე ძალადობა გრძელდებოდა განყოფილებაშიც.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პიროტექნიკისა და აირწინაღების რეალიზაციაზე შეზღუდვები აამოქმედა. სპეცდანიშნულების რაზმი აქტივისტური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში ჩხრეკაზე შეიჭრნენ და აქციების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. სამართალდამცავებმა საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურ „რუსთაველთან“, დაიწყეს მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა და ნივთების ამოღება, რომლებსაც დემონსტრანტები თავდაცვისთვის იყენებდნენ. აკავებდნენ ადამიანებს, რომლებიც პოლიციის უსამართლო მოთხოვნებს არ ასრულებდნენ. 7 დეკემბერს, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ნიღბიანი პირები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს ჟურნალისტსა და ოპერატორს. იგივე ჯგუფი დაესხა თავს პოლიტიკურ ლიდერებს პარტიების ოფისებშიც. ამავდროულად, აქციის არაერთი მონაწილე თვითნებურად დააკავეს, როდესაც ზემოაღნიშნული ძალადობრივი ჯგუფის არცერთი წევრი მიცემულა პასუხისგებაში. დღემდე, საპოლიციო ძალების არცერთი წარმომადგენელი დაუკავებიათ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული გადამეტებული ძალისა და წამების გამო, თუმცა დემონსტრანტებს ცილისმწამებლური ბრალდებებით აპატიმრებენ და ასამართლებენ.
პროპაგანდა რადიკალურად განსხვავებულ სურათს ხატავს, სადაც დემონსტრანტი მოძალადეა, პოლიცია კი – დაზარალებული. ანონიმური TikTok ანგარიშები, სავარაუდოდ კოორდინირებულად, სახელდახელოდ არჩევენ ვიდეო მასალას და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებენ, რათა სრულად უგულებელყონ ზემოთ აღწერილი ფაქტები და უწყვეტი პროტესტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეთა ძალადობის მსხვერპლნი არიან.
ანონიმურმა გვერდმა Mister Aravin მრავალი მსგავსი მასალა გაავრცელა. ერთ-ერთ ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ ესვრიან აქციის მონაწილეები პოლიციას ფერად კვამლს, თუმცა პოლიცია კაფსულს მათ მალევე უკან უბრუნებს. ვიდეოზე დატანილია ტექსტი: „მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს,“ – რაც აშკარად არ შეესაბამება რეალობას. მორიგ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ასხამს აქციის მონაწილე სათლით სპეცრაზმელებს წყალს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ დაგროვდა – თუმცა თანდართულ ტექსტში წერია: „მომიტინგე პარლამენტს ბენზინს ასხამს.“ არხზე მალევე გამოქვეყნდა მესამე ვიდეო, რომელშიც საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებაა ნაჩვენები, მაგრამ ვიდეოზე წერია: „პოლიციელი რომ დაიღუპოს, ვინ აგებს პასუხს?“. მორიგ ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ ესროდნენ სპეცრაზმს სხვადასხვა ნივთს აქციის დარბევის დროს, შემდეგი წარწერით: „ძალადობა პოლიციელებზე.“ ეს უკანასკნელი 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე სასტიკად იძალადეს არა მხოლოდ საპოლიციო ძალებმა, არამედ ხელისუფლების მხარდაჭერილმა ნიღბიანმა პირებმაც.
3 დეკემბერს, ანგარიშებმა Mister Aravin, merabkostava_, sakartvelos.mcvel და _geonews_ (ამჟამად წაშლილია) გაავრცელეს ერთი და იგივე ქარდი, რომელიც თავდაპირველად სამთავრობო მედიის, POSTV-ის, გვერდზე გამოქვეყნდა. პოსტში ნაჩვენებია დაშავებული პოლიციელი და ჩამოთვლილია რამდენიმე დემონსტრანტის სახელი, რომლებიც, POSTV-ის მტკიცებით, სახელმწიფო ქონების დაზიანების, ასევე საპოლიციო ძალებისა და პარლამენტის შენობისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ დემონსტრანტებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმისა და გადამეტებული ძალის გამოყენების გამო არავინ მიცემულა პასუხისგებაში.
ზემოაღნიშნული ნიღბიანი პირებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ, დემონსტრანტთა ნაწილმა მიმდებარე ტერიტორიის გასაკონტროლებლად და აქციის მონაწილეების დასაცავად ჯგუფი შექმნა. 9 დეკემბერს, ანგარიშებმა Aragarevinebt.official და realooba ჯგუფის შესახებ ვიდეოები გამოაქვეყნეს. ერთ-ერთ მათგანს ერთვის წარწერა: „რადიკალებმა არაფორმალური, ნიღბიანი დაჯგუფება შექმნეს,“ ხოლო მეორემ პარალელი გაავლო „მხედრიონის“ დამაარსებელ ჯაბა იოსელიანთან. სინამდვილეში, შედარება შეცდომაში შემყვანია, რადგან დემონსტრანტთა ჯგუფი შეიარაღებული არაა და არც ჯგუფურ ძალადობაში მიუღია მონაწილეობა.
არხზე Aragarevinebt გამოქვეყნებულ ვიდეოკოლაჟში ნაჩვენებია, რომ აქციის მონაწილეები გარკვეულ ნივთებს ისვრიან და ცეცხლს უკიდებენ, საპოლიციო ძალები კი თავს იცავენ. მსგავსი მასალა ასევე გაავრცელა არხმა georgiareality1991 წარწერით: „მშვიდობიანად მონათლული აქციები. სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.“ ანგარიშმა pilpani4 არაერთი ვიდეო (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეები სპეცრაზმის წარმომადგენლებს პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ესვრიან, თანდართული ტექსტით: „ყველა რადიკალი უნდა დაიჭირონ.“ ანგარიშებმა Gigaiberieli და media_archive ასევე გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც აქციის მონაწილეთა მიერ პიროტექნიკის გამოყენება იყო ნაჩვენები, წარწერით: „პოლიცია დგას, დატრენინგებული რადიკალები ესვრიან ქვებს, პიროტექნიკას. ასე დაიწყო“.
მსგავსი შინაარსის მასალებს სხვა გვერდებიც ავრცელებდნენ. მაგალითად, არხმა mxileba დემონსტრანტებისა და სპეცრაზმის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, თანდართული აღწერით: „კადრი მოლოტოვს რო ესვრიან პოლიციას და უკვირთ მერე რატო რეაგირებს პოლიცია როცა ქვებს უშენენ და ასახიჩრებენ. მომიტინგეები რომ მშვიდად იყვნენ ორივე მხრიდან მშვიდობა იქნება“. ანგარიშზე Gamoitseret გავრცელდა დაზიანებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეო შემდეგი წარწერით: „ამათი აფერისტი დედა... აქციის მონაწილეების მოგლეჯილ სათვალთვალო კამერას და ოპერატორის კამერას ვეღარ არჩევ?“. არხმა vaime_qindzi_viyo გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ავსებენ აქციის მონაწილეები ბოთლს მიწით პარლამენტის შენობის წინ, რათა სპეცრაზმელებს ესროლონ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელთ წყლის ჭავლი გამოიყენეს, მაგრამ პოსტის აღწერის თანახმად, ეს „აქციაა მოლოტოვებით.“ არხის Agentura პოსტში ვკითხულობთ: „აგრესიული მომიტინგე სავარაუდოდ შეიარაღებულია“. იგივე მასალა გაავრცელეს ანგარიშებმა kartuliarxi და georgiareality1991, შემდეგი აღწერით: „პისტოლეტიანი აქციის მონაწილე.“ სინამდვილეში, მიმდინარე აქციებზე სამართალდამცავებს არ აღმოუჩენიათ მონაწილეთა მფლობელობაში ცეცხლსასროლი იარაღი. გვერდმა Setera45 აგრეთვე გამოაქვეყნა მშვიდობიან აქციაზე გადაღებული ვიდეო, მტკიცებით: „პარლამენტზე თავდასხმისთვის ემზადებიან“.
ზემოთ ჩამოთვლილ პოსტებში სრულად უგულებელყოფილია კონტექსტი და მოვლენები, რამაც აქციის მონაწილეთა ნაჩვენები რეაქციები გამოიწვია და აღნიშნულია საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციათა ანგარიშებში. ზოგ შემთხვევაში, მასალა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კონტექსტის ამოგდებით, არამედ მცდარი მტკიცებებით ვრცელდება, თითქოს დემონსტრანტები ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან და, შესაბამისად, პოლიციის მხრიდან ძალადობასაც იმსახურებენ. საერთო ჯამში, ზემოაღნიშნული ვიდეოებით იქმნება სურათი, რომელიც მომხმარებლებს საბაბს აძლევს, მხარი დაუჭირონ და გაამართლონ სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებები, როდესაც ამ ქმედებების გარკვეული ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წამებად შეაფასა.
პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობის რომანტიზება
კიდევ ერთი გზა, რითაც ანგარიშები დემონსტრანტებზე ძალადობის გამართლებას ან უგულებელყოფას ცდილობენ, საპოლიციო ძალებისა და მაღალჩინოსნების რომანტიზება და თაყვანისცემაა. აღნიშნული მაღალჩინოსნები, რომლებიც სათავეში უდგანან აქციების დარბევას, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არიან სანქცირებულნი.
რამდენიმე ანგარიშის სახელწოდებაში ფიგურირებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“, სახელი: smd69859 Zviad Kharazishvili (Khareba), zviadxarazishvili0 ზვიად ხარაზიშვილი, kaxagogidzemgelia (Khareba is a hero)🔥🔥 და xarebaofficial ხარება • Khareba – აღნიშნული ანგარიშები „ხარებას“ პოზიტიურად წარმოჩენას ცდილობენ.
ანგარიშის luka_tsereteli ერთადერთი ფუნქცია „ხარებას“ თაყვანისცემაა. ერთ-ერთ ვიდეოში, „ხარება“ ჟურნალისტს ეუბნება: „ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. აი, სია გვაქვს [სამიზნეების] და გაჩვენებ“. იმავე ტიპის ვიდეო სხვა გვერდმაც გამოაქვეყნა. ასეთი მასალა, რომელიც დამუშავებულია და გარკვეული მუსიკა ადევს ფონად, სამართალდამცავების მიერ ძალადობრივი ქმედებების რომანტიზებას ახდენს. იმავე ანგარიშმა გამოაქვეყნა „ხარებას“ კიდევ ერთი ვიდეოკლიპი, სადაც ის ამბობს: „ხაბეიშვილის დედას შე***.“ მორიგ ვიდეოში ნაჩვენებია ოპოზიციონერი ლიდერი ლევან ხაბეიშვილის კლიპი, სადაც ამბობს, რომ „ხარება საშიში კაცი არ არის, პატარა კაცია,“ ხოლო შემდეგ ჩასმულია დაშავებული ხაბეიშვილის ფოტო. 2024 წლის მაისში ხაბეიშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც ზვიად ხარაზიშვილმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პოლიტიკოსს შეაგინა. მსგავსი შინაარსის ვიდეო სხვა არხმაც გაავრცელა. აღნიშნული მასალის მიზანი ძალადობის მხარდაჭერაა. პლატფორმაზე გამოქვეყნებულია არაერთი პოსტი, რომლებიც „ხარებას“ მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეიცავს და ცდილობს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შემზღუდველი მაღალჩინოსნები პატივსაცემ პირებად წარმოაჩინოს: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13. ვიდეოებში ისმის საუბრის ჩანაწერი „ხარებასა“ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსან კახა ჭუმბურიძეს შორის ერთ-ერთი აქციის დარბევის დროს, რა დროსაც „ხარება“ ამბობს: „კახა, იმოქმედე, კახა, მაგათ დედას შე***“.
საპროტესტო აქციების დარბევის ერთ-ერთ ღამეს, „ფორმულას“ ჟურნალისტმა „ხარებას“ ჰკითხა: „რუსებს ჩავაბაროთ ქვეყანა?“, რაზეც „ხარებას“ პასუხი იყო: „აბა, პიდა***ებს უნდა ჩავაბაროთ?!“ [იგულისხმებოდა აქციის მონაწილეები]. ერთმხრივ, „ხარება“ დემონსტრანტების წინააღმდეგ დამამცირებელ, სიძულვილის ენის შემცველ ტერმინოლოგიას იყენებს, ხოლო მეორე მხრივ, მისი თანამდებობიდან და ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული განცხადება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის მხარდამჭერი და გამმართლებელია. „ხარებას“ განცხადება არაერთმა გვერდმა გაავრცელა, როგორც დადებითი შინაარსის მქონე: nbsnbs09, space_gubo, political_page და gamoitseret. არხმა Sakartvelos.mcvel გამოაქვეყნა შსს-ს სანქცირებულ მაღალჩინოსანთა ფოტო თანდართული ტექსტით, რომელშიც პოლიციელებს გმირად მოიხსენიებდა და დასავლეთს შეურაცხყოფდა. მსგავსი პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „დაასანქცირეს ქვეყნის პატრიოტობის გამო. თქვენი ევროპა და თქვენი ღირებულებები მოვ*** „ელჭიპიტებო“.“
„ხარებას“ დამუშავებული ვიდეოები სხვა გვერდებმაც გამოაქვეყნეს (1, 2, 3, 4, 5). თავად „ხარებას“ გარდა, რამდენიმე ვიდეოში სპეცრაზმის მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაა გაიდეალებული (1, 2). ანონიმურმა ანგარიშებმა pilpani 4, kartuliarxi, gigaiberieli და gamoitseret 16 დეკემბერს, ერთსა და იმავე დროს, გამოაქვეყნეს პოლიციის მხარდამჭერი იდენტური მასალა.
4 დეკემბერს, ნიღბიანმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია. ანონიმურ არხზე mxileba გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც სამართალდამცავების მიერ სისასტიკის გამოყენება მხარდაჭერილი და გამართლებულია. ერთ-ერთ ვიდეოს ერთვის წარწერა: „გვარამიას გაგდება ძ**ნა ლეკვივით. ვენაცვალე ბიჭებს, სხვებიც დააკავეთ“; იდენტური ვიდეომასალის შემცველი მორიგი ვიდეოს წარწერა შემდეგია: „გვარამიას დაკავების კადრები. ვენაცვალე ბიჭებს, ათრიეს ძ**ნა ძაღლივით, სხვებიც მიაყოლეთ“.
პროტესტის წარმოჩენა გარედან დაფინანსებულ „მაიდანის“ მცდელობად
2020 წლიდან, „ქართული ოცნება“ და სახელმწიფო დაწესებულებები ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობებად წარმოაჩენენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადატრიალების ფაქტზე გამოძიება სამჯერ დაიწყო (1, 2, 3), თუმცა განცხადებები განცხადებებად დარჩა და მტკიცებულებები საზოგადოებისთვის არ გაუზიარებიათ. „ქართული ოცნება“ თითოეულ საპროტესტო აქციას გარედან დაფინანსებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს, რათა საზოგადოებაში შექმნას წარმოდგენა, რომ ხელისუფლებისთვის გაწეული ნებისმიერი წინააღმდეგობა არეულობით, სისხლისღვრითა და, საბოლოოდ, რუსეთთან ომით დასრულდება. ნარატივი განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში. მმართველი პარტია და მასთან აფილირებული მხარეები უწყვეტად საუბრობდნენ, თუ როგორ ეცდებოდნენ უცხოური ძალები, ანუ „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც „მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროკავშირზე, აშშ-სა და NATO-ზე“, საქართველოს ხელისუფლების ძირის გამოთხრას, არჩევნების არაღიარებას, ხელისუფლების დამხობას და იძულებას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაიხსნას. აღნიშნული განცხადებების ავტორები პარალელს ხშირად ავლებდნენ „მაიდანთან“.
ნარატივი გაჟღერდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის განცხადებაშიც, სადაც ამბობდა, რომ „დღევანდელი საქართველო იანუკოვიჩის უკრაინა არ არის.“ ფაქტობრივად, ივანიშვილი და მმართველი პარტია იანუკოვიჩად პოზიციონირდა, ხოლო ოპონენტები „მაიდანის“ რევოლუციონერებად წარმოაჩინა, რომელთაც „ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ.“
მმართველმა პარტიამ „მაიდანის“ ნარატივი პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“, რიტორიკიდან „მოიპარა“. „ალტ-ინფო“ 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს ლგბტქი+ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ავტორი და განმახორციელებელია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ლიდერები, ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია, აშშ-მა „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში დაასანქცირა. 2023 წლის მეორე ნახევარში, „ალტ-ინფო“ აქტიურად ცდილობდა „ანტი-მაიდანის მოძრაობისთვის“ ქვეყნის მასშტაბით ხალხის მობილიზებას. მოძრაობის მიზანი პროდასავლური დემონსტრაციებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა იყო.
„ქართული ოცნების“ ანტიევროპული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პირებმა Facebook-ზე შექმნეს ჯგუფი „ანტი-მაიდანი“, რომლის ფუნქცია მმართველი პარტიის მხარდამჭერების ონლაინ სივრცეში თავმოყრა და საპროტესტო აქციების გაშავებაა. მმართველი პარტიის ნარატივი, რომ დემონსტრაციები გარედან მხარდაჭერილი „მაიდანის“ მცდელობაა, TikTok-ზეც აქტიურად ვრცელდება. პლატფორმაზე მრავალი ანგარიში არსებობს, რომელთა სახელწოდებაშიც „ანტი-მაიდანი“ ფიგურირებს: antimaidan8 ანტი მაიდანი, liberastebisrisxva Antimaidani✊, antimaidani ანტი მაიდანი • Anti Maidani.
არხებმა Geo.course და Pilpani4 გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს: „მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მინდა, შეგახსენოთ, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ გარედან დაინიშნა უკრაინაში ხელისუფლება და ასეთ დროს ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა უკრაინაში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი. დღეს ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის განადგურებული. რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასობით ბავშვი და ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? როცა გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა, შეიძლება, მოუტანოს საქართველოს? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში.”
სხვა ვიდეოში, რომელსაც ერთვის ტექსტი: „ნაც-მაიდანი ვერ შედგება!“, ნაჩვენებია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც გდდ-ის მიერ აქციის მონაწილეების ძალადობრივი დარბევის მეორე დღეს გაკეთდა: „გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება. უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას... მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ, 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და, რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდანის“ სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო არის სახელმწიფო და ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.“ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ აკნინებს კობახიძე საპროტესტო აქციებს, ოპოზიციასა და დასავლეთს და ცდილობს, დემონსტრანტებზე ძალადობა გაამართლოს.
გვერდმა dalinarkholin გაავრცელა პროსახელისუფლებო ექსპერტების ვიდეო, სადაც საუბრობენ, რომ გარედან დაფინანსებული „მაიდანის“ მცდელობა საქართველოში სამოქალაქო ომს, ეკონომიკურ ჩამოშლას, დანაშაულის ზრდასა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას გამოიწვევს. დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად იყენებს და სურს, საქართველო „მორიგ უკრაინად“ აქციოს. მმართველი პარტიის რიტორიკას აძლიერებს კიდევ ერთი არხი revazkaranadze (1, 2). ანგარიშის ავტორის მტკიცებით, აშშ საპროტესტო აქციებს ხელოვნურად ქმნის, რადგან ვაშინგტონის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობაა.
12 დეკემბერს, ერთსა და იმავე დროს, გვერდებმა Avoe.ge, Sakartvelos.mcvel, realooba და misteraravin გამოაქვეყნეს იდენტური Telegram-პოსტის ეკრანის ანაბეჭდი (ე.წ. „სქრინი“): „რუსები წერენ, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ ადამიანის მკვლელობას, რადგან სიტუაცია გახდეს უმართავი“. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით სუს-მა დაუსაბუთებლად განაცხადა, რომ დემონსტრაციების ორგანიზატორები გეგმავენ, „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“.
ცენტრალური ნაძვის ხის საპროტესტო ბანერებით მორთვის გამო არხებმა shakoshakooooo და bekachkhai პარალელი გაავლეს 2014 წლის „ევრომაიდანის“ აქციებსა და საქართველოში მიმდინარე აქციებს შორის. ანონიმურმა გვერდებმა Agentura და eliso.killadze დემონსტრაციები „ევრომაიდანს“ შეადარეს აქციის მონაწილეთა ვიდეოებით, სადაც ისინი ერთმანეთს საკვებს ურიგებენ. ასევე, არხი gamoitseret ირწმუნება, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ დროშაზე ხელმოწერა ერთი სცენარის ნაწილია: „პატრონების მიერ ერთ კაბინეტში დაწერილი პიარ-სტრატეგია.“ Aragarevinebt, გვერდმა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრსა და ამჟამად პარტიის მხარდამჭერ ფიგურას, ვატო შაქარიშვილს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აქციის დარბევის დროს სპეცრაზმს პოლონელი ჟურნალისტი გვერდზე გადაჰყავს, აღწერით: „სამართალდამცავებმა მოძალადე რადიკალური დაჯგუფების „მაიდანის“ პოლონელი ინსტრუქტორი დააკავეს.“ იმავე გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინაში „მაიდანის რევოლუციისა“ და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ვიდეოკოლაჟი, რომლითაც მცდარად მიუთითებდა, რომ ომის მიზეზი 2014 წლის რევოლუციაა.
გარეგნობისა და მოსაზრებების გამო აქციის მონაწილეთა გაშარჟება და შეურაცხყოფა
როგორც ჩანს, აქციის მონაწილეთა ინტერვიუებიდან ფრაგმენტების ამოჭრა, მათი გაშავების, დაკნინებისა და შეურაცხყოფის მიზნით, გაანალიზებული TikTok გვერდების, განსაკუთრებით ანონიმური ანგარიშების, მთავარი სტრატეგიაა საპროტესტო აქციებისთვის ძირის გამოსათხრელად. ამ მეთოდს არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ იმ ცნობილი ფიგურების წინააღმდეგაც იყენებენ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს დემონსტრაციებს და აკრიტიკებენ მმართველ პარტიას – მაგ., მსახიობების, ფეხბურთელების, კონტენტის შემქმნელებისა და სხვ.
მაგალითად, ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი, ყოფილი სპორტული კომენტატორები, მიმდინარე მოვლენებზე ხმამაღლა საუბრის შემდეგ არაერთი გვერდის სამიზნეები გახდნენ: gamoitseret, avoe.ge (1, 2) terentigldaneli (1, 2, 3), eliso.killadze (1, 2, 3) და Sakartvelos.mcvel (1, 2, 3, 4). ჩამოთვლილმა პროპაგანდისტულმა გვერდებმა ინფლუენსერებს „კაზინოს პროპაგანდისტები“ უწოდეს და მათ შესახებ დამაკნინებელი ტერმინებით ისაუბრეს.
მსახიობები, რომელთა დიდი ნაწილი კრიზისის ფონზე გაიფიცა, საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი ძირითადი ძალა გახდნენ. ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკის გამო პროპაგანდა კახა კინწურაშვილსაც შეეხო და თეატრალურ დადგმაზე მსახიობის კოცნის გამო არაერთი ანგარიში „ამცირებდა“: mxileba, liberastebisrisxva, terentigldaneli, media_archive, realooba. არხებმა mxileba, siakhleni (1, 2), aragarevinebt და eliso.killadze სცადეს დაემცირებინათ გიორგი ბახუტაშვილიც – კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც დარბევის ერთ-ერთ ღამეს დროებით დააკავეს. ანონიმური TikTok გვერდები აქტიურად ესხმიან თავს სხვა მსახიობებსაც – თითოეული მსგავსი პოსტი შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და გინებებს შეიცავს.
ანგარიშებმა Aragarevinebt, gamoitseret და bekachkhai გაავრცელეს ერთი და იგივე ვიდეო, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღელვებულია კამერის წინ საუბრისას. გვერდმა Aragarevinebt, აგრეთვე, გამოაქვეყნა მასალა, რომლითაც დემონსტრანტს ვარცხნილობის გამო აშარჟებდა. გვერდები terentigldaneli და space.gubo აქციის ერთ-ერთ მონაწილეს საქართველოს შესახებ დაწერილი ლექსის გამო აქილიკებდნენ. Agentura-ს ერთ-ერთ ვიდეოში ანგარიში დემონსტრანტს საუბრის მანერის გამო აკნინებს, ხოლო სხვა პოსტში დასცინის „დედების მარშის“ შეძახილს: „ხელი გაუშვით, ჩემი შვილია.“ გვერდის Pilpani4 გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ქალი, რომელმაც სპეცრაზმის კორდონი გაარღვია, აღწერაში კი წერია: „ეს ნორმალურია?“; იგივე გვერდი სხვა ვიდეოში აქციის მონაწილეს აზრის გამოხატვის გამო ამცირებდა. ზემოაღნიშნულის მსგავსად, არხი merabkostava დემონსტრანტს ემოციურად საუბრის გამო აშარჟებდა.
ანონიმურმა ანგარიშმა mxileba საპროტესტო აქციების მონაწილეებს „ცხვრის ფარა“ უწოდა და სამჯერ (1, 2, 3) გამოაქვეყნა იდენტური მასალა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების მარში იყო ნაჩვენები: „სექტის აჯაფსანდალი, არცერთი მართლმადიდებელი არაა, ყველა წარმართია, აი, საით მიდის ეს ხალხი [აქციის მონაწილეები], როცა ქვეყანა ქრისტეს ერთგულებამ, მართალ სარწმუნოებამ, მართლმადიდებლობამ, შემოგვინახა“.
ჩამოთვლილი პოსტების მიზანი საპროტესტო აქციების მონაწილეების სულელ, შეცდომაში შეყვანილ, მტრულად განწყობილ და შემაწუხებელ ბრბოდ წარმოჩენაა. ავტორები ქმნიან გარემოს, სადაც როგორც ცნობილი პირები, ისე – სხვა მოქალაქეები პოტენციურად თავდასხმის სამიზნეები ხდებიან ყოველ ჯერზე, როდესაც აზრს საჯაროდ გამოხატავენ.
ანტი-ლგბტქი+ მასალით დემონსტრაციების დაკნინება
ანტიდასავლური, სამთავრობო პროპაგანდის კიდევ ერთი ძირითადი ხაზი ევროინტეგრაციის მომხრეთა „ლგბტ პროპაგანდისტებად“ წარმოჩენაა, რომელთაც ქართული ეკლესიისა და ქრისტიანობისთვის ძირის გამოთხრა სურთ. ამ ნარატივს აძლიერებს “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტიც ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ,“ რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ახდენს ლგბტქი+ თემის სტიგმატიზებას. პროპაგანდა დასავლური „კულტურის ომების“ ძირითად საკითხს – იდენტობას ეფუძნება, რომელსაც, მიუხედავად არარელევანტურობისა, ქართულ კონტექსტს არგებს, რათა აღნიშნული სენსიტიური საკითხით საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს და ლგბტქი+ თემი და მხარდამჭერები შეზღუდოს. ამ რიტორიკით მმართველი პარტია პოზიციონირდა, როგორც ტრადიციების, ოჯახების, ქრისტიანობისა და კონსერვატიული ფასეულობების დამცველი, ოპონენტები კი ქართული იდენტობის მაგინებლად გამოაცხადა.
მოულოდნელი არ არის, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ ნარატივს საპროტესტო აქციების გასაშავებლად აქტიურად იყენებენ. მაგალითად, პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ცისარტყელასფერებიანი ქუდის მქონე დემონსტრანტის ვიდეო და ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მასალა (იხილეთ გადამოწმებული ინფორმაცია სტატიაში). გვერდებმა aragarevinebt, agentura, avoe.ge და politkivili 2 დეკემბერს, ერთსა და იმავე დროს გამოაქვეყნეს იდენტური ვიდეო, რომელშიც ლესბოსელი წყვილია ნაჩვენები.
აქციების ისე წარმოჩენა, თითქოს მონაწილეთა რაოდენობა მწირია
ანონიმური გვერდები აქტიურად იყენებენ სამთავრობო მედიის დრონის კადრებს, რათა შექმნან რეალობა, სადაც საპროტესტო აქციებს ცოტა ადამიანი უჭერს მხარს და თითქმის არავინ ესწრება. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გავრცელებული კადრები გადაღებულია აქციის აქტიურ ფაზამდე ან მის შემდეგ, რადგან მრავალი მასალა ადასტურებს, რომ დემონსტრაციებს ათიათასობით მონაწილე ესწრება (1, 2, 3, 4).
მსგავსი შინაარსის მასალა გაავრცელეს არხებმა misteraravin (1, 2, 3), pilpani4 (1, 2, 3) terentigldaneli (1, 2), avoe.ge, gamoitseret, realooba, kartuliarxi, chronicle_of_politics და postv.
დასკვნა
დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართულ TikTok სივრცეში მოქმედი მავნე აქტორები მსგავს ან იდენტურ მასალას დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ან მცირე სხვაობით აქვეყნებენ. ეს შესაძლოა, აღნიშნული ანგარიშების კოორდინირებულ მოქმედებასა და პლატფორმით მანიპულირებისკენ მიუთითებდეს. აღნიშნულ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ იმავე სახელწოდების მქონე ანგარიშები Meta-ს პლატფორმებზე არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამო წაშლილი ან სხვაგვარად შეზღუდული არიან. გარდა შესაძლო კოორდინაციისა და არხების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციისა, იდენტიფიცირებული ანგარიშები აქციის მონაწილეებისა და მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეების შესახებ მასალებში შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველ და ძალადობრივ ტერმინოლოგიას იყენებენ.
ამასთანავე, ანალიზმა გამოავლინა, რომ ჩამოთვლილი TikTok ანგარიშები მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა დაამცირონ, ძირი გამოუთხარონ და შეურაცხყონ საპროტესტო აქციების მონაწილეები, პლატფორმის მომხმარებელთა აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით – მაგალითად, დემონსტრანტთა მოძალადე რადიკალებად, მაგრამ ამავდროულად, სუსტ და სულელ ბრბოდ წარმოჩენით. ამასთანავე, განხილული მასალა სრულად უგულებელყოფს საპოლიციო ძალების მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და, მეტიც, მხარს უჭერს და აქეზებს „ქართული ოცნების“ მიდგომას. აღნიშნულმა შესაძლოა, არა მხოლოდ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, არამედ კიდევ უფრო გააღვივოს ძალადობრივი განწყობები და ზიზღი ისედაც ტურბულენტურ გარემოში.