თათია ნიკოლაშვილი: დღეს [კალანდა] 100 ათასი ლარი მხოლოდ სუფრა უჯდება ოზურგეთის ბიუჯეტს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2025 წლის 13 იანვარს ოზურგეთში გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება „კალანდა 2025“. სხვადასხვა გასართობი და სანახაობითი ნაწილის გარდა, გათვალისწინებული იყო სტუმრების გამასპინძლება ტრადიციული კერძებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი, ჯამში, 84 521 ლარს შეადგენს და ის მოიცავს როგორც სუფრის, ისე სხვა მომსახურების ღირებულებასაც. პოლიტიკოსი კი აკონკრეტებს, რომ მხოლოდ სუფრა 100 ათასი ლარი დაჯდა, რაც ზუსტი ციფრი არაა. „ფაქტ-მეტრი“ დეტალების დასაზუსტებლად განცხადების ავტორს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ მის მიერ დასახელებული ხარჯი შედგება ორი კონკრეტული შესყიდვის ჯამური ღირებულებისგან.
ასევე საინტერესოა განცხადების მეორე ნაწილი, რომელიც ქმნის მთლიან კონტექსტს. კერძოდ, პოლიტიკოსი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. გასული წლის ბოლოს „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მოიკლო 2014 წლის შემდეგ გურიაში მოსახლეობის რაოდენობამ, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენს სტატიაში 2024 წლის მონაცემები აღებული გვაქვს აგვისტოს მდგომარეობით. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ბოლო მონაცემით (2024 წლის დეკემბერი), შარშანდელი აგვისტოს შემდეგ, ოზურგეთის რაიონში გაზრდილია როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის, ისე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ბაზაში რეგისტრირებულის 23 861, ხოლო საარსებო შემწეობას იღებს 10 553 ადამიანი.
ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დამაზუსტებელ განმარტებაზე დაყრდნობითა და განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ასკვნის, რომ თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა მიმდინარე წლის 13 იანვარს განაცხადა: „დღეს 100 ათასი ლარი, მინიმუმ, მხოლოდ სუფრა უჯდება ქოცებს და ეს მთლიანად ოზურგეთის ბიუჯეტის და ოზურგეთელების ფულით ხდება“.
„ფაქტ-მეტრმა“ პოლიტიკოსის ეს განცხადება გადაამოწმა.
ტრადიციული დღესასწაული „კალანდა“ ოზურგეთში ყოველწლიურად 13 იანვარს აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი შესაბამის სახსრებით უზრუნველყოფს. სტუმრებისთვის (რომლებიც, ძირითადად, თბილისიდან ჩამოსული და ადგილობრივი მასშტაბის თანამდებობის პირები არიან), გასართობი და სანახაობითი აქტივობების გარდა, გათვალისწინებულია სადღესასწაულო სუფრაც.
„კალანდა 2025“, ტრადიციულად, 13 იანვარს აღინიშნა. კულტურული ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა 2024 წლის 17 დეკემბერს. 2025 წლის 8 იანვარს კი შპს „ნეივი ივენთს ენდ შოუსთან“ 60 521 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ტექნიკური დავალება ითვალისწინებდა საკონცერტო სცენის მოწყობის მომსახურება; სცენის ეფექტებითა და განათებებით მოწყობის; გახმოვანების აპარატურით მომსახურება; გარე გამოყენების ლედ ეკრანით მომსახურება; გენერატორის მომსახურება; ფეიერვერკი (პროფესიონალი) დიდი, სცენის ფეიერვერკი და კონფიტი აპარატი; გიფმი (GIFme) აპარატით (იღებს და ბეჭდავს ფოტოებს) მომსახურება; წამყვანის მომსახურება; განათებების (ჯონჯოლი, სტრინგი, ნათურები) მოწოდება; საკალანდო რიტუალის ჩასატარებლად შესაძენი მასალები; გურული ტრადიციული კერძების მასტერკლასის ჩატარება, ადგილზე დაგემოვნებით და სამი ერთეული ფაცხების მოწყობა; ჩიჩილაკის დამზადების მასტერკლასი; სადღესასწაულო სუფრისთვის შესაბამისი პროდუქტის შეძენას და სხვა.
ტექნიკური დავალების დანართ 1-ში ჩამოთვლილია პროდუქტი და სხვა მასალები სადღესასწაულო სუფრისთვის. იხ. ფოტო 1.
ფოტო 1. ტექნიკური დავალების დანართი 1
კომპანიამ შემსყიდველს 60 521 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია, რაც დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ დანართ 1-ში ჩამოთვლილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება 2 000 ლარს შეადგენს. ასევე 500 ლარი გაწერილია შემოქმედებითი ჯგუფის კვებასა და ტრანსპორტირებაზე. ჩამონათვალში ცალკე გამოყოფილი არაა სხვა ხარჯი კვებისა და სტუმრების გამასპინძლებისთვის.
გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, გამარტივებული შესყიდვით (CMR250004617), გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მუსიკოს-შემსრულებელ ლაშა ნოზაძესთან (ჯგუფი „რეგიონი“), რომელსაც ბიუჯეტიდან 24 000 ლარი გადაუხადა. იხ. ფოტო 2. აღსანიშნავია, რომ „კალანდა 2024-ის“ ღონისძიებაზე „რეგიონმა“ მუნიციპალიტეტში კონცერტი 15 000 ლარად გამართა (გამარტივებული შესყიდვა CMR240007215).
ფოტო 2. მიღება-ჩაბარების აქტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება „კალანდა 2025-ის“ ორგანიზებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სხვა შესყიდვა. ჩვენ განცხადების ავტორს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რას გულისხმობდა ის კონკრეტულად დასახელებულ ხარჯში. მისი განმარტებით, ზემოთ ნახსენები ორი შესყიდვის ჯამურ ღირებულებაზე საუბრობს. აღნიშნული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება კი 84 521 ლარია და ის მხოლოდ სუფრის ხარჯს არ მოიცავს.
განცხადების მეორე ნაწილში კი პოლიტიკოსი აკრიტიკებს სადღესასწაულო სუფრაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, ამ მოცულობის თანხის გახარჯვას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, რადგან მოსახლეობის ნაწილს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს. აღნიშნული გარემოება ქმნის განცხადების კონტექსტს. „ფაქტ-მეტრმა“ ამ ტიპის განცხადებები არაერთხელ გადაამოწმა. გასულ წელს ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესახებ გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელშიც ვაჩვენეთ, როგორ მოიკლო მოსახლეობის რაოდენობამ 2014 წლიდან დღემდე, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ და საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. აღნიშნულ კვლევაში ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემები მოიცავდა აგვისტოს მაჩვენებლებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (რაიონში) მოსახლეობის რაოდენობა 56 300 ადამიანს შეადგენს. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკას, 2024 წლის აგვისტოს შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, ბაზაში რეგისტრირებულია 23 861 პირი, საიდანაც შემწეობას იღებს 10 553 ადამიანი. ეს კი მეტია, ვიდრე აგვისტოს თვეში იყო, კერძოდ, რეგისტრირებული - 23 719, ხოლო შემწეობის მიმღები - 10 383 ადამიანი.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.