ტყუილია, რომ საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება გავუუქმეთ

მამუკა მდინარაძე: საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო - ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მანიპულირება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი საბიუჯეტო გრანტის მიღებაზე.

გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების პარალელურად, საჯარო სექტორის თანამშრომლების ნაწილმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგულება დაადასტურა და „მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევა“ გააპროტესტა. (იხ. ბმული 1ბმული 2 ). „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულზე „რეაგირება“ და „კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში პასუხის გაცემა“ დააანონსა. (იხ. ბმული 3ბმული 4 )

„რეაგირებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის სახე მიიღო. ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ“ 13 დეკემბერს, დაჩქარებული წესით, 79 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებებმა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არაერთი მიმართულებით გააუარესა - შეიქმნა მაღალ და საშუალო თანამდებობებზე პირთა პოლიტიკური მიკერძოებით განმწესების საფუძველი, ასევე, გაუარესდა მოხელეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია გამოიწვია სექტორში ქართული ენის ცოდნის სავალდებულობასთან დაკავშირებულმა „ცვლილებამ“.

მედიის ცნობით, ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა საჯარო სამსახურის მაღალი რანგის მოხელეებისთვის გაუქმდა (იხ. ბმული 5ბმული 6, ბმული 7), ხოლო ცალკეულმა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „სახელმწიფო სამსახურში ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარაა“.

საკითხს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე Facebook-პოსტით გამოეხმაურა.


„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების თანახმად, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნას საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა.

(იხ. მუხლი 27) „ქართული ოცნების“ კანონპროექტში ამ ნორმას ცვლილება არ შეხებია, მაშასადამე, მოხელეთათვის სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულება არ გაუქმებულა.

აღნიშნულის მიუხედავად, ცვლილებების პროექტით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, საჯარო მოხელეების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ყველაზე მაღალი და საშუალო მმართველობითი დონის წარმომადგენლებზე მოხელეთათვის დადგენილი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის ქონისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ, არ გავრცელდება.

მოქმედი რედაქციით, კანონი პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს უკავშირებდა. როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ კომენტარში ვკითხულობთ, „საქართველოს საჯარო სამსახურის უახლესი ისტორიის გამოცდილება ადასტურებს, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი საჯარო მოსამსახურეების შემადგენლობაში ცდილობდა მხარდამჭერი გუნდის შექმნას იმ არგუმენტით, რომ საკუთარი გუნდის გარეშე ვერ შეძლებდა რეფორმის განხორციელებასა და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მიერ დასახული მიზნების მიღწევას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შემოთავაზებული მიდგომა შესაძლებელს ხდის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინტერესების გათვალისწინებას და, იმავდროულად, საჯარო მმართველობის განმახორციელებელი რგოლის უწყვეტობის შენარჩუნებას“.

ამ მიზნების მისაღწევად, კანონმა დაუშვა საჯარო სამსახურში ვადიანი საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების კონკურსის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით მიღება.

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მოადგილის დანიშვნისას, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწის, მრჩევლის და სხვათა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, მსგავსი ინტერესების არსებობა არა მხოლოდ აზრსმოკლებული, არამედ კანონის მიზნებთან შეუსაბამოა - საჯარო მმართველობის, როგორც სახელმწიფოს საქმიანობის, ძირითადი მახასიათებელია მისი უწყვეტობა - აქედან გამომდინარე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე უვადოდ დანიშნულიყვნენ და თავიანთი უფლებამოსილებები განეხორციელებინათ, როგორც მათი ძირითადი პროფესიული საქმიანობა.

გარდა ამისა, ცვლილებებით შესაძლებელი გახდა უმაღლესი მმართველობითი რგოლის წარმომადგენლების შერჩევა არა მათ კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებაზე დაყრდნობით, არამედ, კონკურსის გარეშე, გაუმჭვირვალედ და ერთპიროვნულად.

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მოხელეებთან შედარებით, ნაკლები სამართლებრივი დაცვის გარანტიებით სარგებლობენ. ცვლილებებით, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის მხარის ინიციატივაც საკმარისია. გარდა ამისა, ხელშეკრულების ვადა მიეჯაჭვა შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ხოლო, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მათი ხელშეკრულებაც ავტომატურად შეწყდება.

აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ამ თანამდებობებზე დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლება, ფაქტობრივად, მხარის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე გახდა დამოკიდებული. გარდა ამისა, ცვლილებებით, ამ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის პროცედურაც გამარტივდა, პირთა დანიშვნა შესაძლებელი გახდა კონკურსის გარეშე, გაუმჭვირვალედ და ერთპიროვნულად.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ტექნიკურად მართალია, რომ კანონპროექტით მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ არ შეცვლილა. თუმცა, ცვლილებებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისთვის მოხელის სტატუსის „ჩამორთმევამ“, მათ მიმართ ამ და სხვა მოთხოვნების გავრცელება ავტომატურად გამორიცხა. მამუკა მდინარაძე თავის განცხადებაში ამ კონტექსტს უგულებელყოფს. სინამდვილეში, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ ენის ცოდნის მოთხოვნას არა - ზოგადად საჯარო მოხელეებს, არამედ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებს უუქმებს. მათთვის ეს ვალდებულება, უკეთეს შემთხვევაში, დამოკიდებული გახდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარის ნებაზე.

აქვე აღვნიშნავთ, 28 ნოემბრიდან დღემდე აქციების მონაწილე 460-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ადმინისტრაციული წესით - 430, სისხლის სამართლის ბრალდებით - 31. 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემი. 80-ზე მეტ დაკავებულს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა, დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს, დაკავებულთა შორის 10 უცხოელია, ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა.