რომან გოცირიძე: რეზერვები კრიტიკულ ნიშნულზეა, სებ-მა წინასაარჩევნოდ 700 მლნ გაყიდა და ახლა როცა ლარი ორ დღეში 10 პუნქტით გაუფასურდა, აღარ ჩარეულა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ეროვნული ბანკის რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 4.08 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რეზერვები წელიწადზე მეტია, თითქმის უწყვეტად მცირდება, თუმცა ვარდნა ოქტომბერში დაჩქარდა, რა დროსაც ეროვნულმა ბანკმა 591 მლნ დოლარი გაყიდა, სექტემბერ-ოქტომბერში ჯამურად - 697 მლნ დოლარი.
აბსოლუტურ მაჩვენებლებში კლების გარდა, რეზერვები ვერც სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ ადეკვატურობის კოეფიციენტს აკმაყოფილებს. ადეკვატურობის კოეფიციენტი ჯერ კიდევ 2023 წელს 90%-მდე იყო შემცირებული. აღნიშნული „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, სადაც მან ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა, სამ სამუშაო დღეში ლარი დოლართან მიმართებით 13 თეთრით - 2.74-დან 2.87-მდე გაუფასურდა.
უახლოეს წარსულში, მაგალითად, მიმდინარე წლის მაის-ივნისში და გასული წლის სექტემბერში, ლარის 5-6 თეთრიანი გაუფასურება, სებ-ისთვის სავალუტო ინტერვენციის საკმარისი მიზეზი ხდებოდა ხოლმე. მიღებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მარეგულირებელს გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო აუქციონი აღარ გაუმართავს.
სავალუტო აუქციონის გარდა, რეზერვების ყიდვა/გაყიდვა Bmatch პლატფორმაზეც ხორციელდება. სავალუტო აუქციონების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს, Bmatch პლატფორმაზე, ვაჭრობის კი მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვში ვრცელდება. ნოემბერში Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები 25 დეკემბერს და დეკემბრის ვაჭრობის შედეგები 2025 წლის 25 იანვარს გახდება ცნობილი.
უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არ მართავს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებს. სები შესაძლოა Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობს, ისედაც შემცირებული რეზერვების კიდევ უფრო შემცირებას ერიდება ან მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებას ელის, რა დროსაც გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვების ხარჯვას აზრი ეკარგება. Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგების გაგების გარეშე, მიზეზებზე უფრო მეტის თქმა რთულია.
ყოფილი დეპუტატის განცხადებაში სიმართლეს შეესაბამება ფაქტი, რომ რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირებულია, სიმართლეა ისიც, რომ სები, სხვა მსგავსი პერიოდებისგან განსხვავებით, სავალუტო აუქციონებს არ მართავს, თუმცა რადგან Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები უცნობია, „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი: მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის რეზერვებთან და ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა: „დღეს უკვე ვართ ისეთ დონეზე, როდესაც რეზერვები კრიტიკულ დონეს არის ჩამოცდენილი და მთავრობა როგორც ჩანს, სავალუტო ბაზარზე ჩარევას აღარ აპირებს. მაშინ, როდესაც საარჩევნო პერიოდში 700 მლნ დოლარი დახარჯა ლარის კურსის ფიქსაციისთვის. …ეროვნული ბანკი არის გაჩერებული. ფაქტობრივად, ორ დღეში ლარის 10-პუნქტიანი ვარდნა გვაქვს და სებ-ი ხელს არ ანძრევს, როგორც ჩანს, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება ლარის კურსი ან ფასები ქვეყანაში“.
ეროვნული ბანკის რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 4.08 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მხოლოდ ერთ თვეში, 2024 წლის ოქტომბერში რეზერვების მოცულობა 628 მლნ-ითა და ერთ წელიწადში 1 მლრდ დოლარით შემცირდა.
გრაფიკი 1: ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფინანსური კრიზისის პერიოდში, საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვისა და საქართველოს მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის, ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საერთაშორისო რეზერვები გააჩნია. რეზერვების მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა (ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 3).
რეზერვები შეიძლება რამდენიმე გზით შეივსოს/დაიხარჯოს. პირდაპირი შესყიდვებით ან ვალის აღებით რეზერვების მოცულობა იზრდება, ვალის დაფარვითა და სავალუტო ინტერვენციებით კი პირიქით, მცირდება.
დოლარის ყიდვა/გაყიდვა სავალუტო აუქციონსა და Bmatch პლატფორმაზე ხორციელდება. სავალუტო აუქციონების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს, Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის კი მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვში ვრცელდება.
სექტემბერში სავალუტო აუქციონი არ გამართულა, Bmatch პლატფორმაზე 106 მლნ გაიყიდა, ოქტომბერში სებ-მა სავალუტო აუქციონზე 213 მლნ და Bmatch პლატფორმაზე 378 მლნ დოლარი გაყიდა. წინასაარჩევნო ორთვიან პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონსა და Bmatch პლატფორმაზე ჯამში 697 მლნ დოლარი გაყიდა.
ზოგადად, რეზერვების გაყიდვა შოკების ჩასაცხრობად და უარყოფითი მოლოდინების გასანეიტრალებლად მიღებული პრაქტიკაა, თუმცა კითხვას აჩენს გაყიდვის მასშტაბი, აუცილებელი იყო, თუ - არა წმინდა გაყიდვებით ორ თვეში რეზერვების 700 მლნ დოლარით შემცირება? სებ-ს სავალუტო ინტერვენციებისთვის წინა პერიოდებშიც მიუმართავს, თუნდაც მაის-ივნისში, მაგრამ არა ამ მოცულობით, მაის-ივნისში მარეგულირებელმა 3.5-ჯერ ნაკლები - 199 მლნ დოლარი გაყიდა.
რეზერვები, როგორც თანხობრივად დოლარებში, ასევე ადეკვატურობის კოეფიციენტის გაანგარიშებით იზომება. რადგან დიდი ზომის ეკონომიკა, უფრო დიდი მოცულობის რეზერვების საჭიროებას მოითხოვს, ადეკვატურობის კოეფიციენტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
რეზერვების ადეკვატურობას სავალუტო ფონდი საკუთარი მეთოდოლოგიით აფასებს. ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება.
2015 წლიდან სები ადეკვატურობის კოეფიციენტის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს. გამონაკლისს 2020-2021 წლები წარმოადგენს, რა დროსაც რეზერვები დიდი ოდენობით საგარეო ვალის აღების ხარჯზე გაიზარდა. 2022 წელს ადეკვატურობის კოეფიციენტი 96%-მდე, ხოლო 2023 წელს 90%-მდე შემცირდა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2024 წელს რეზერვები თანხობრივად 1 მლრდ-ით შემცირდა, პარალელურად, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. აღნიშნული იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2024 წელს ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებული იქნება.
გრაფიკი 2: რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რეზერვების კიდევ ერთი საზომი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია. რეზერვები მომდევნო 3 თვის მოსალოდნელ იმპორტს უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს მას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2023 წლამდე (2014 წლის გარდა), ეს კოეფიციენტი დაკმაყოფილებული იყო, 2023 წელს კი 2.76-მდე შემცირდა.
გრაფიკი 3: რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მიხედვით
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რეზერვებთან დაკავშირებით, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 2024 წლის მდგომარეობით, მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ, როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია, ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში.
ბოლო სავალუტო აუქციონი არჩევნების წინა დღეს ( 25 ოქტომბერს) გაიმართა. ამის შემდეგ მთელი ერთი თვე ლარი წონასწორობას ინარჩუნებდა და დოლართან მხოლოდ 2 თეთრით გაუფასურდა, ისიც იმიტომ რომ თავად დოლარი გამყარდა გლობალურად. იმავე პერიოდში, ლარი ევროსთან მიმართ 5 თეთრით და ბრიტანულ გირვანქასთან მიმართ 6 თეთრით გამყარდა. ყველაფერი რადიკალურად 28 ნოემბრის საღამოს გამართულ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ შეიცვალა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის შეჩერებისა და ევროკავშირის გრანტებზე უარის თქმის შესახებ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის ბრიფინგამდე, 29 ნოემბრის ოფიციალური კურსი 2.74-ზე უკვე იყო დაფიქსირებული. მომდევნო დღეს გამოცხადებული 2 დეკემბრის (შაბათ-კვირა კურსი არ დგინდება) ოფიციალური კურსი 2.78 გახდა, 3 დეკემბრის კურსმა 2.85-სა და 4 დეკემბრის კურსმა 2.87-ს მიაღწია.
გრაფიკი 4: ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ. დოლართან მიმართებით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფაქტობრივად სამ სამუშაო დღეში დოლარი 13 თეთრით გაძვირდა, რაც 4.8%-იანი ვარდნაა. სამ დღეში 4.8%-იანი გაუფასურება საკმაოდ დიდია და როგორც წესი, მსგავს სიტუაციებში ეროვნული ბანკი ერევა ხოლმე. ასე მოხდა გასული წლის სექტემბერში ფარცხალაძის ქეისის დროს და მიმდინარე წლის მაისში სანქციების დაანონსებისას.
2023 წლის სექტემბერში, შეერთებულმა შტატებმა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა აგვისტოში მის მიერვე 4 აგვისტოს ხელმოწერილ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა და კომერციულ ბანკებს სანქციების აღსრულების ვალდებულება საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ დააკისრა. ოთხ დღეში გაცვლითი კურსი 6 თეთრით (2.63-დან 2.69-მდე) გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა 20 და 21 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე ჯამში 57 მლნ დოლარი გაყიდა, 25 სექტემბერს დამატებით 8 მლნ დოლარი.
მიმდინარე წლის მაისში, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებისა და შესაძლო სანქციების დაანონსების შემდეგ, ლარი სამ დღეში 8 თეთრით (2.68-დან 2.76-მდე) გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. თვის ბოლოს ვეტოს დაძლევად ლარის კიდევ 5-თეთრიანი გაუფასურება მოჰყვა (2.72-დან 2.77-მდე), რასაც სებ-მა 48 მლნ დოლარიანი ინტერვენციით უპასუხა. ივნისში როდესაც კურსი 2.85-ს გადასცდა, სებმა მორიგი 60 მლნ დოლარიანი ინტერვენცია მოახდინა.
გრაფიკი 5: ლარის სწრაფი ვარდნის დროს სავალუტო აუქციონზე გაყიდული რეზერვები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მიმდინარე წელს, გასულ წელს და ასევე უფრო ადრინდელ პერიოდშიც, ლარის 5-6 თეთრიანი გაუფასურება სებ-ისთვის სავალუტო ინტერვენციის მიზეზი ხდებოდა. ახლა 13-თეთრიან გაუფასურებას ეროვნული ბანკი ამ მხრივ ფაქტობრივად ურეაქციოდ ხვდება. შესაძლოა, Bmatch პლატფორმაზე ხდება ვაჭრობა, მაგრამ მისი შედეგები შემდეგი თვის 25 რიცხვში გახდება ცნობილი. 25 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის ბრიფინგამდე სამი დღით ადრე, სებ-ში განაცხადეს, რომ ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში Bmatch პლატფორმაზე 86 მლნ შეიძინა. თუ მარეგულირებელმა ისევ წინასწარ არ გაავრცელა განცხადება, Bmatch პლატფორმაზე 26-30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები 25 დეკემბერს, ხოლო დეკემბრის მონაცემები 2025 წლის 25 იანვარს გახდება ცნობილი.
რატომ არ მართავს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებს? უმოქმედობას შესაძლოა სამი ლოგიკური ახსნა გააჩნდეს:
1) ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების ნაცვლად Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობს. 5 დეკემბრის ოფიციალური კურსი 2.85-ია, Bloomberg-ის პლატფორმაზე კი 2.83-ზე ივაჭრება. უცნობია, რამ გამოიწვია ეს მცირე გამყარება შოკის პირველადი ეფექტის გადავლამ თუ სავალუტო ბაზარზე ჩარევამ.
2) შემცირებული რეზერვების ფონზე, ეროვნული ბანკი მის კიდევ უფრო მეტ კლებას ერიდება, რადგან რეზერვების კიდევ უფრო შემცირებამ შესაძლოა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუარესება გამოიწვიოს. ამასთან, სამომავლოდ, შესაძლო კიდევ უფრო რთულ სიტუაციებში აღმოჩენისას, უფრო დიდი ვარდნის შესაჩერებლად რეზერვების ნაწილის შენარჩუნება აუცილებელია.
3) მესამე ახსნა მაკროეკონომიკური ფაქტორების საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაუარესების ალბათობის ზრდას უკავშირდება. სავალუტო ინტერვენცია, როგორც წესი, მოკლევადიანი შოკების ჩასაცხრობად ხორციელდება. ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების პირობებში, რეზერვების ხარჯვას აზრი ეკარგება და ზოგჯერ კონტრპროდუქტიულიცაა. რეზერვები მცირდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კურსი მაინც ეცემა.
რეზერვების კრიტიკულ სიმცირეს დამატებით კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 20%-მდე შეამცირა, 2024 წლის დეკემბერში კი ისევ 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ცვლილება დედოლარიზაციასთან ერთად რეზერვების 300-340 მლნ დოლარიანი ზრდის პოტენციალითაც აიხსნა.
ყოფილი დეპუტატის განცხადებაში სიმართლეს შეესაბამება ფაქტი, რომ რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირებულია, სიმართლეა ისიც, რომ სები, სხვა მსგავსი პერიოდებისგან განსხვავებით, სავალუტო აუქციონებს არ მართავს, თუმცა რადგან Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები უცნობია, „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.