2024 წლის 27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს (1; 2;). „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს პარლამენტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც პარლამენტის წევრების განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ა.შ. ინფორმაციაა მოცემული, მიხეილ ყაველაშვილის განათლების გრაფა ცარიელია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის განათლებასთან დაკავშირებით „საქართველოს პარლამენტის აპარატისგან“ 2022 წელს მიღებული წერილი გამოაქვეყნა. წერილში ვკითხულობთ: „თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გამოგიგზავნოთ ეს დოკუმენტები“.

2015 წელს მიხეილ ყაველაშვილი, ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთის” დამფუძნებელი იყო და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. თუმცა მალევე სასამართლოს მიმართა, რათა ის დებულება გაესაჩივრებინა, რომლის გამოც ის აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდა. კერძოდ, იგულისხმებოდა დებულება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ქონას ავალდებულებდა. „საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელ მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტ, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის წინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას", - აცხადებდა ყაველაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტში, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ვკითხულობთ: „საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.“ შესაბამისად, კონსტიტუციაში განათლების მოთხოვნა არ არის. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენას, არც საქართველოს საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს.