სიების ჩახსნა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობამდეც იყო შესაძლებელი

დავით გაბაიძე: სიების ჩახსნა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობამდეც იყო შესაძლებელი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით გაბაიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

2024 წლის 19 ნოემბერს ქართული ოცნების წევრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნის საკითხზე ისაუბრა. „განსხვავებულ რეგულაციებს შეიცავს საქართველოს კანონმდებლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ მოიქცა ოპოზიცია? იქ, სადაც სიებიდან ჩახსნის უფლებამოსილება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე არ ჰქონდათ, იმ ნაწილში დაწერეს განცხადება და იციან, რომ ცესკო მათ არ დაუკმაყოფილებდა. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამსვლელ სიაში მყოფ პირებს, ანუ წინასწარი შედეგებით ვინც არიან არჩეული, ეს არის ნაცმოძრაობის 4 წევრი, ლელოს 1 წევრი და ა.შ., მათ უფლება ჰქონდათ, უსკოსათვის მიემართათ და ჩაეხსნათ საკუთარი თავი ამ სიიდან.“ - განაცხადა დავით გაბაიძემ. [1]

„ფაქტ-მეტრმა“ დავით გაბაიძის განცხადება გადაამოწმა.

რეალურად, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობები სიების ჩახსნის საკითხს მართლაც სხვადასხვანაირად არეგულირებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა, სიების ჩახსნის ისეთ უფლებას, რომელიც კანდიდატმა არჩევნების დღიდან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე პერიოდში შეიძლება გამოიყენოს.

უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 43-ე მუხლი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხება. მისი პირველი პუნქტის თანახმად, „უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს.“ ზემოაღნიშნული კანონი სიების ჩახსნას მხოლოდ არჩევნებამდე პერიოდში არ ითვლისწინებს. ამავე მუხლის 12 პუნქტი უმაღლესი საბჭოს ახალარჩეული წევრისთვის, მისი უფლებამოსილების ცნობამდე საკუთარი კანდიდატურის მოხსნის საკითხს განსხვავებულად არეგულირებს. „კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვა უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი, უფლება აქვს, წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს, თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე“, - ვკითხულობთ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ რესპუბლიკურ კანონში.

როგორც ვხედავთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა სიების ჩახსნის შესაძლებლობას როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე არჩევნების ჩატარების შემდგომ - უფლებამოსილების ცნობამდე პეროდშიც უშვებს. ამისთვის საჭიროა, რომ უსკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებამდე 2 დღით ადრე, კანდიდატმა უსკოს მიმართოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ დავით გაბაიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცალკე გამოყოფს ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ არჩევნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები სწორედ ასეთი არჩევნებია და მისი ჩატარება უსკოს - უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა.