ხობი 2 ჰესი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ აშენდა

ირაკლი კობახიძე: ხობი 2 ჰესი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ აშენდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი

ჰესის სიდიდე ძირითადად ორი პარამეტრით განისაზღვრება: დადგმული სიმძლავრითა და წლიური გამომუშავებით. ხობი 2 ჰესის დადგმული სიმძლავრე 45 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება 202 მლნ კვტ/სთ.

2014-2017 წლებში ხობი 2-ზე დიდი 3 ჰესი გაიხსნა: 87 მგვტ-იანი ფარავანჰესი, რომლის წლიური გამომუშავებაც 410 მლ კვტ/სთ-ს აღწევს, 108 მგვტ სიმძლავრის დარიალჰესი 510 მლნ კვტ/სთ პოტენციური წლიური გამომუშავებითა და ყველაზე მძლავრი 187 მგვტ-იანი შუახევჰესი, რომელიც გენერაციაც წლიურად 450 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

ჩამოთვლილი სამი ჰესი ხობი 2 ჰესს სიმძლავრით 1.9-4.2-ჯერ, ხოლო წლიური გამომუშავებით 2.-2.5-ჯერ აღემატება, რაც უმნიშვნელო სხვაობად ვერ შეფასდება.

სტატისტიკური ცდომილებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სამი უფრო დიდი ჰესიდან სამივე „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაიხსნა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

ანალიზი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხობი 2 ჰესის გახსნაზე განაცხადა: „ხობი 2 ჰესი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა“.ჰესის სიდიდე ძირითადად ორი პარამეტრით განისაზღვრება: დადგმული სიმძლავრე და სავარაუდო წლიური გამომუშავება. ხობი 2 ჰესის დადგმული სიმძლავრე 45 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება 202 მლნ კვტ/სთ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაპირებების მიუხედავად. ისეთი დიდი ჰესები როგორებიცაა: ხუდონჰესი, ნამახვანჰესი, ნენსკრაჰესი და ცხენისწყლის ჰესების კასკადი არ აშენებულა, თუმცა გაიხსნა რამდენიმე საშუალო ზომის ჰესი, მათ შორის - ლარსიჰესი, ხელვაჩაურჰესი, შუახევჰესი, დარიალჰესი და ფარავანჰესი. ჩამოთვლილთაგან ბოლო სამი, როგორც დადგმული სიმძავრით, აგრეთვე წლიური გამომუშავებით ხობი 2 ჰესს აღემატება.

დარიალჰესი 2017 წელს გაიხსნა, მისი დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია, ანუ 2.4-ჯერ უფრო მეტი ხობი 2 ჰესთან შედარებით, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 2.5-ჯერ მეტი - 510 მლნ კვტ/სთ. 2023 წელს დარიალჰესმა 412 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, 2022 წელს 471 მლნ კვტ/სთ.

187 მგვტ სიმძლავრის (4.1-ჯერ მეტი ხობი 2 ჰესთან შედარებით) შუახევჰესი 2017 წელს გაიხსნა და მისი სავარაუდო წლიური გამომუშავება 450 მლნ კვტ/სთ-ია. 2023 წელს ამ ჰესმა 488 მლნ კვტ/სთ და 2022 წელს 422 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

2014 წელს გახსნილ ფარავანჰესის სიმძლავრე 87 მგვტ-ია და მისი წლიური გამომუშავება 410 მლნ კვტ/სთ-ით არის განსაზღვრული. 2022-2023 წლებში ჰესმა, შესაბამისად, 353 და 343 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

სეზონურობისა და მდინარეთა ჩამონადენის გათვალისწინებით, ერთი და იგივე ჰესი სხვადასხვა წელს სხვადასხვა მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავებას ახერხებს.

ცხრილი 1: 2014-2024 წლებში გახსნილი ზოგიერთი ჰესის სიმძლავრე და წლიური გამომუშავება


წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

ხობი 2 ჰესი პირველი არც საინვესტიციო ღირებულებითაა, მისი მშენებლობა 63 მლნ დოლარი დაჯდა, ფარავანჰესის - 200 მლნ დოლარი, დარიალჰესის - 123 მლნ დოლარი, შუახევჰესის - 420 მლნ დოლარი. ინვესტიციები მშპ-ის ფორმირებაში მონაწილეობს, თუმცა ინვესტორის მიზანი მეტი თანხის დახარჯვა კი არა, ყოველი დახარჯული ერთი დოლარიდან მეტი ელექტროენერგიის მიღებაა. შესაბამისად, რაც მეტად იზრდება საინვესტიციო ღირებულება, პოტენციურად იზრდება ტარიფიც და მისი მოცულობა ცალსახად პოზიტიურად ან ნეგატიურად ვერ შეფასდება.

სტატისტიკური ცდომილებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სამი უფრო დიდი ჰესიდან სამივე „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაიხსნა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.