„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საშუალო ხელფასები სამჯერ 2005 ლარამდე გაიზარდა

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საშუალო ხელფასები სამჯერ 2005 ლარამდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საშუალო ნომინალური ხელფასი 2012 წელს 713 ლარს შეადგენდა, 2023 წელს 1767 ლარს. 2024 წლისთვის ცნობილი მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემები. მეთოდოლოგიურად კვარტალი წელთან ვერ შედარდება. იმ დაშვებით, თუ ხელფასის ზრდის ტემპი იგივე იქნება, რაც 2023 წელს, ხელფასი 2023 ლარი გახდება, რაც 2012 წელთან შედარებით 2.8-ჯერ მეტია.

ხელფასებზე საუბრისას აუცილებელია ინფლაციის გათვალისწინებაც. ბოლო 12 წელიწადში სამომხმარებლო ფასები 65%-ით გაიზარდა, შესაბამისად 2012 წლის 713 ლარი მსყიდველუნარიანობით იგივეა რაც ამჟამინდელი 1176 ლარი.

2012 წლის შემდეგ რეალური ხელფასები 72%-ით გაიზარდა (იმ დაშვებით, თუ 2024 წელსაც, 2023 წლის მსგავსად ხელფასები 14.5%-ით გაიზრდება). აღნიშნული მნიშვნელოვნად ჩამორჩება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ 200%-იან ზრდას, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტში დაწერა: [ქართული ოცნების მმართველობის პირობებში] „საშუალო ხელფასი სამჯერ - 2005 ლარამდე - გაიზარდა.“ პოსტს თან ახლდა ქარდიც, სადაც გრაფიკზე 2012 წლის ხელფასად 712 ლარი იყო მითითებული და 2024 წლის ხელფასად 2005 ლარი.

2012 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო დასაბეგრი ხელფასი თვეში 713 ლარს შეადგენდა. 2023 წელს 2.5-ჯერ მეტს - 1767 ლარს, 2024 წლის მეორე კვარტალში - 2005 ლარს. სეზონურობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კვარტალური მონაცემის წლიურთან შედარება მეთოდოლოგიურად მცდარია. 2024 არ დასრულებულა, 2012 წლის კვარტალური მონაცემები კი ხელმისაწვდომი არ არის. 2023 წელს ხელფასები 14.5%-ით გაიზარდა, თუ დავუშვებთ, რომ წლიური ზრდის ტემპი შენარჩუნდება (კვარტალური ზრდის ტემპი 18%-დან 12%-მდეა შემცირებული), მაშინ 2024 წელს საშუალო ნომინალური დასაბეგრი ხელფასი 2023 ლარს გაუტოლდება. ამ შემთხვევაში, ნომინალურად 2.8-ჯერ გაზრდილ შრომის ანაზღაურებას მივიღებთ, მაგრამ ეს რიცხვები ეკონომიკური კეთილდღეობის 2.8-ჯერ ზრდას არ ამტკიცებს, რადგან 12 წელიწადში ხელფასებთან ერთად სამომხმარებლო ფასებიც იზრდებოდა.

2013-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 65%-ით გაიზარდა (დაანგარიშებისას 2024 წლის ინფლაციად იანვარ-სექტემბრის 1.1%-იანი მაჩვენებელია გათვალისწინებული). 2012 წლის 713 ლარი მსყიდველუნარიანობით 2024 წლის 1176 ლარს უდრის.

გრაფიკი 1: საშუალო ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი ეროვნულ ვალუტაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი 12 წელიწადში 72%-ით გაიზარდა და არა 200%-ით როგორც ეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ცდომილება საკმაოდ დიდია. ხელფასების ზრდის ტემპი, უახლოვდება, თუმცა მაინც ჩამორჩება რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპს. 2013-2023 წლებში რეალური ეკონომიკა 70%-ით გაიზარდა, თუ იანვარ-აგვისტოს 10%-იანი ზრდა შენარჩუნდა, 12-წლიანი ჯამური ზრდა 87%-ს მიაღწევს. სავალუტო ფონდის განახლებული, გაუმჯობესებული პროგნოზი 7.6%-იანი ზრდაა, ასეთ შემთხვევაშიც 12- წლიანი ჯამური ზრდა 83% იქნება.

ხელფასებზე საუბრისას, თითოეულ შემთხვევაში, დასაბეგრი თანხაა ნაგულისხმევი, რომელსაც 20% საშემოსავლო აკლდება და 2019 წლიდან დასაქმებულთა დიდი ნაწილისთვის 2% საპენსიო შენატანიც. საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის დაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღები თანხა 2012 წლისთვის 570 და 2023 წლისთვის 1385 ლარამდე მცირდება. დაახლოებით 1585 ლარი იქნება ხელზე ასაღები ხელფასი 2024 წლისთვის, თუ ზრდის ტემპი უცვლელად შენარჩუნდა.

საშუალო ხელფასის გარდა, საქსტატი მედიანურ ხელფასსაც ითვლის, ანუ იმ ხელფასს რომელსაც დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი იღებს. 2023 წელს მედიანური ხელფასი 19%-ით გაიზარდა და 1238 ლარი შეადგინა, რაც ხელზე ასაღებ 970 ლარს უდრის. მედიანური ხელფასის შესახებ კვარტალური მონაცემები არ ქვეყნდება. 19%-იანი ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში, 2024 წლისთვის მედიანური ხელფასი 1473 ლარს - ხელზე ასაღებ 1155 ლარს გაუტოლდება.

მედიანური ხელფასის სტატისტიკა 2018 წლიდან იწარმოება და 2012 წელს ვერ შედარდება, რაც შეეხება რეალურ საშუალო ხელფასს ის 2012 წლის შემდეგ ინფლაციის გათვალისწინებით 72%-ით გაიზარდა და არა 200%-ით, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.