ცესკო: გავრცელებული ინფორმაცია, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ, სიცრუეა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე წყალი აღმოჩნდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ისეთი მარკირების სითხეა შემოტანილი, რომლის მოშორება დაბანითაც არის შესაძლებელი. (ბმული1, ბმული 2).

გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა. „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებით. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფარანი. ბრიფინგის შემდეგ შეგვიძლია გადავამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

მარკირება არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად ყველაზე აპრობირებული მეთოდია. ცნობისთვის, მარკირების სითხის კანზე დატანის შემდეგ მისი მოშორება შეუძლებელია. მარკირების სითხის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ვერცხლის ნიტრატია და მისი კვალის აღმოჩენა ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ხდება. კანისა და ფრჩხილის ზედაპირზე მარკირების სითხის კვალის გაქრობას რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება.

„ფაქტ-მეტრი“ ვერ გადაამოწმებს ამა თუ იმ უბანზე მარკირების სითხის ნამდვილობას, თუმცა ზოგადად მარკირების სითხე გადის შესაბამის შემოწმებას. ცესკოს „ფაქტ-მეტრთან“ განმარტავს, რომ პროდუქტს (მარკირების სითხეს) მოჰყვება სერტიფიკატი შემადგენლობის შესახებ. ხოლო საქონლის მოწოდების შემდეგ ხდება შესაბამისი თანამშრომლების მიერ მისი ტესტირება სიმულაციის გზით - მარკირებით და 24 საათის განმავლობაში მისი მდგრადობის შემოწმებით.