24 ოქტომბრის ღამეს და 25 ოქტომბრის დილას ოპოზიციის საწინააღმდეგოდ TikTok-ანგარიშებმა კოორდინირებულად გაავრცელეს ვიდეოები (იხილეთ ფოტოანაბეჭდებზე), რომელთა მიხედვითაც, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული აპარატებით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. იდენტიფიცირების შემდეგ კი იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან, დაიჭერენ. "ფაქტ-მეტრი" ცოტახნის წინ შეუერთდა TikTok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამას, აღნიშნული ვიდეოებიც ამ პარტნიორობის ფარგლებში იქნა აღმოჩენილი. TikTok-მა ვიდეოები დეზინფორმაციაზე მისი საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო წაშალა.

რეალურად, კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე ხმის ფარულობა დაცულია. შესაბამისად, მტკიცება, რომ ელექტრონული აპარატების გამოყენებით, ვინმე შეძლებს, დაადგინოს, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა კონკრეტულმა ამომრჩეველმა არჩევანი, ყალბია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აღნიშნული მტკიცებით ვიდეო ანტიოპოზიციურმა TikTok-ანგარიშმა „Avoe.ge“ 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, გამოაქვეყნა (იხილეთ ფოტო). „Avoe.ge“-ის მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციებზე „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც დაუწერია (იხილეთ სტატიები ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობა დაცულია, როგორც იურიდიულად, ასევე ტექნიკურად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარდა. აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი ზედმიწევნით არის რეგულირებული და სტრუქტურირებული ისე, რომ ამომრჩევლის არჩევანი არ იყოს გამჟღავნებული.

ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული, ამასთან, კავშირი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას შორის არ არსებობს, რაც დაფიქსირებულ ხმას და ამომრჩეველს შორის რაიმე კავშირის დადგენას გამორიცხავს.

ბიულეტენი არ არის დანომრილი და არ შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც ამომრჩეველსა და მის არჩევანს პოტენციურად დააკავშირებს. ბიულეტენზე განთავსებული QR კოდი მხოლოდ საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერს შეიცავს. შესაბამისად, ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება შეუძლებელია.

ხმის ფარულობის შესახებ საუბრობს დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც“.

აქედან გამომდინარე, ბიულეტენზე სპეციალური ნიშნისა და ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ მოწყობილობას შორის კავშირის არსებობის გარეშე, ფიზიკურად შეუძლებელია, საარჩევნო ყუთი (ან რაიმე სისტემა ან ადამიანი) „მიხვდეს“, კონკრეტული ბიულეტენი ვისია და მოქალაქის ხმის ფარულობა დაირღვეს.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ანგარიშები „Avoe.ge”, „Ubralo kartveli“ და „trends.ge“ ანტი-ოპოზიციური ანგარიშებია, რომლებიც ოპოზიციის მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული შინაარსის მქონე ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ (1, 2, 3, 4, 5).

ამდენად, მტკიცება, რომ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამო დაცული არ იქნება და ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს დააპატიმრებენ, ყალბია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.