2024 წლის 20 ოქტომბერს 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული „ჩემი ხმა ევროკავშირის“ მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ჩატარდა. დემონსტრანტები 17:00 საათიდან თბილისის ხუთ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მარშით მივიდნენ.

ტრადიციულად, დემონსტრანტების რაოდენობა სპეკულაციის საგანი გახდა. ერთი მხრივ, X-ის ანგარიშმა „Visioner-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „100 000 გაყავით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს [აქციის მონაწილეთა რაოდენობა], რომელიც რეალობაა“.

„ფაქტ-მეტრმა“ მედიაში გავრცელებული 2024 წლის 20 ოქტომბერს გამართული აქციის ფოტო და ვიდეო მასალა გაანალიზა და შეკრებილი ხალხის მიახლოებითი რაოდენობა ონლაინმზომი ვებგვერდით mapchecking.com დაადგინა.

გასათვალისწინებელია, რომ აქციაზე დაკავებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე ადამიანების სიმჭიდროვე განსხვავდებოდა, რაც აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობის დადგენას ართულებს. მიუხედავად ამისა, დრონების მიერ გადაღებული კადრების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიახლოებული სიმჭიდროვის და აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილეების მიახლოებითი ჯამური რაოდენობის დადგენა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ეთერებში ერთიდაიგივე დრონის კადრები გადიოდა. საკუთარი დრონის კადრები პირდაპირ ეთერში გაუშვა ტელეკომპანია „იმედმა“, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, და „პოსტივის“ პირდაპირ ეთერში აქციიდან დრონის კადრები არ გადაუცემიათ.

აქციაზე ადამიანების მიერ დაკავებული ტერიტორია ყველაზე ნათლად 19:50-20:10 საათებში პირდაპირ ეთერში გასულ კადრებში ჩანს. სავარაუდოდ, ადამიანთა რაოდენობის მიხედვით აქციამ პიკს სწორედ ამ დროს მიაღწია. ამ დროისათვის დემონსტრანტებს დაკავებული აქვთ თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი, დაახლოებით მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ შესასვლელამდე. ასევე ჩანს, რომ თავისუფლების მოედანზე, სცენის მარჯვენა მხარეს და პერიფერიებში ადამიანების სიმჭიდროვე შედარებით მცირეა.

ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ გადაცემული დრონის კადრები პირდაპირ ეთერში 19:58 საათზე

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ 20:23 საათზე ეთერში გასული კადრები, თუმცა უცნობია რომელ საათზე არის გადაღებული თავად კადრები

19:50 საათზე აქციის მონაწილეებმა ტელეფონის ფანრები გაანათეს, იმავე მომენტში არის დრონის მიერ გადაღებული კადრი, რომელშიც ნათლად ჩანს აქციის მონაწილეების მიერ დაკავებული ტერიტორია.

Gela Riabukha-ს ფოტო, გადაღებული 19:50-19:52 საათების ფარგლებში

დაკავებული ტერიტორიის განსაზღვრასთან ერთად მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეების სავარაუდო სიმჭიდროვის დადგენაც, რისთვისაც საჭიროა ზემოდან გადაღებული დრონის ახლო კადრების ანალიზი. მსგავსი კადრები გაავრცელა გამოცემა „მთის ამბებმა“ და ტელეკომპანია „ევრონიუს ჯორჯიამ“.

მთის ამბების“ მიერ გავრცელებული რუსთაველის გამზირის კადრები, გადაღებული 20:10-20:30 საათების ფარგლებში

ევრონიუს ჯორჯიას“ კადრები, გადაღებული 19:55 საათზე („ფაქტ-მეტრმა“ გადაღების დრო „ევრონიუს ჯორჯიასთან“ დააზუსტა)

ფორმულას“ პირდაპირი ეთერის კადრები, 20:02 საათი

როგორც კადრებში ჩანს, თავისუფლების მოედნის ცენტრალურ ნაწილში, სცენასთან, ასევე სცენის მარცხენა მხარეს (სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის წინ) ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე იყო და სავარაუდოა, რომ აქციის მონაწილეების საშუალო სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 4.5-5 ადამიანს შეადგენდა. მსგავსი გამოთვლებით აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების რაოდენობა 20250-22500 ფარგლებში მერყეობდა.

დრონის კადრების მიხედვით, თავისუფლების მოედნის ცენტრალური ნაწილიდან რუსთაველის გამზირის დასაწყისამდე უშუალოდ სცენის მიმდებარე ტერიტორიასთან შედარებით სიმჭიდროვე შედარებით დაბალი იყო და სავარაუდოდ 1 კვადრატულ მეტრზე 3-3.5 ადამიანს შეადგენდა. მსგავსი გამოთვლებით აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების რაოდენობა 19400-22600 ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება დემონსტრანტების მიერ დაკავებული ტერიტორიის პერიფერიებს, როგორიც არის, განთავსებული სცენის მარჯვენა მხარე და მეტროსადგური „თავისუფლების მოედნის“ შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია, სავარაუდოა, რომ აქ ადამიანების სიმჭიდროვე კვადრატულ მეტრზე 1.5-2 ადამიანს შეადგენდა. მსგავსი გამოთვლებით აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების რაოდენობა 8100-10900 ფარგლებში მერყეობდა.

აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მედიის მიერ გადაღებული დრონის კადრებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 19:55-20:30 საათების ფარგლებში აქციას „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ 47750-დან 56000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ აქციის მიმდინარეობისას ადამიანები მას ტოვებენ და უერთდებიან, ამავდროულად, აქციის მონაწილეთა ნაწილი შესაძლოა ისეთ ტერიტორიაზე იყო, რომელიც დრონების კადრებში ვერ მოხვდა, ამიტომ ლოგიკურია, თუ დავუშვებთ, რომ ჯამში აქციას უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე ეს აქციის პიკის დროს კადრებში გამოჩნდა.