განმარტებითი ბარათში წერია, თუ დირექტივას მივიღებთ, საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, კანონის გამოხმობა მოვთხოვოთო

ირაკლი კობახიძე: განმარტებითი ბარათში წერია, თუ დირექტივას მივიღებთ, საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, კანონის გამოხმობა მოვთხოვოთო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

2024 წლის 10 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა: „როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, პრინციპები იყო ზუსტად იგივე და გააჩერეს. განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, სადაც წერია გაჩერების მიზეზი და იქ წერია ასეთი რაღაც, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, არსებული კანონის გამოხმობა მოვთხოვოთო. წარმოიდგინეთ, რა ხდება საერთოდ ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორია გავლენები, რომლებიც საერთოდ რევს ვითარებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. კანონი ჩათვალეს, რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ შემდეგ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ იმავე შინაარსის კანონის უკან გახმობას“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის მტკიცებები გადაამოწმა

მტკიცება N1 - ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, რომელიც გააჩერეს

განცხადების ავტორი ევროკომისიის მიერ 2023 წლის 12 დეკემბერს მიღებული „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ ერთ-ერთ ნაწილზე, „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ დირექტივის პროექტზე საუბრობს. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ დირექტივას გამჭვირვალობის შესახებ კანონს აქამდეც სისტემატურად ადარებდნენ და მათ ერთმანეთის ანალოგებად წარმოაჩენდნენ.

პრემიერის მითითებით, ევროკავშირში დაწყებული „იდენტური კანონის მიღების პროცესი გაჩერებულია“. რეალურად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დირექტივა ამჟამად თანა-კანონმდებლების განხილვაშია, რაც ნიშნავს, რომ იგი ჩვეულებრივ პროცედურას მიჰყვება. ეს საკითხი „ფაქტ-მეტრს“ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ დაუდასტურა. „ფაქტ-მეტრის“ კითხვაზე შეჩერებულია, თუ - არა დირექტივის პროექტის განხილვა და არის, თუ - არა პრემიერის მიერ დასახელებული მიზეზი ევროკავშირის დირექტივის განმარტებით ბარათში აღნიშნული, პიტერ სტანომ აღნიშნა: „არასწორია, დირექტივის პროექტზე ითქვას რომ შეჩერებულია - პროექტი თანა-კანონმდებლებთანაა, რაც ნიშნავს, რომ ის ჩვეულ პროცედურას გადის“.

მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონიცა და ევროკავშირის დირექტივის პროექტიც გამჭვირვალობაზე აპელირებენ, მათ შორის არსებითი განსხვავებაა - ევროკავშირის დირექტივისთვის გამჭვირვალობა მიზნის მიღწევის საშუალებაა, ხოლო ქართული კანონისთვის - თვითმიზანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის დირექტივის პროექტის სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის ეკონომიკური, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების რისკებია, რომლებიც სხვადასხვა არაევროკავშირული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

ევროკავშირის დირექტივა არეგისტრირებს ორგანიზაციებს არა იმის გამო, რომ მათ თანხა მესამე - არაევროკავშირული, სახელმწიფოსგან მიიღეს, არამედ იმის მიხედვით, მიღებული თანხის სანაცვლოდ, თუ რა აქტივობას ახორციელებდნენ. ევროკავშირის დირექტივა მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, რომლებიც „ინტერესების წარმოდგენის აქტივობას ახორციელებენ“. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დირექტივაში მოცემული ზომები პროპორციული და საჭიროებიდან გამომდინარეა - „ინტერესების წარმოდგენის აქტივობა ევროკავშირის პოლიტიკის ან კანონმდებლობის განვითარებაზე, ცვლილებასა ან აღსრულებაზე, ანდა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას აშკარად და არსებითად უნდა ახდენდეს“, - აღნიშნულია ევროკავშირის დირექტივის განმარტებით ბარათში.

აქედან გამომდინარე, ფუნდამენტური განსხვავება გამჭვირვალობის შესახებ კანონსა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივას შორის ისაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს, ხოლო, ევროკავშირის დირექტივა მიღებული დაფინანსების მიზნებს აფასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსეთში მოქმედი „უცხო აგენტების შესახებ კანონის“ მსგავსად, დაფინანსების ან/და საქმიანობის გამჭვირვალობის ყალბი მიზნებით, საქართველოში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას ემსახურება, გამოაცხადებს რა მათ უცხოური ინტერესების გამტარებლებად.

იმას, რომ დირექტივა ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა ქვეყნებში დაინიციირებული თუ მიღებული „უცხო აგენტების კანონებისგან“, თავად დირექტივის განმარტებითი ბარათიც უსვამს ხაზს, რომლის მე-10 დანართში საქართველოზე პირდაპირ არის მითითებული - დანართში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი თანმიმდევრულად გმობს მსგავს კანონპროექტს და მოყვანილია ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადებები რუსეთის „აგენტების კანონთან“, საქართველოში 2023 წელს დაინიციირებულ „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან და ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბთა რესპუბლიკაში ინიციირებულ კანონპროექტთან: „გაერთიანება თანმიმდევრულად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების არასამართლიან შეზღუდვას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონების დარღვევით სამოქალაქო და პოლიტიკური გარემოს შეზღუდვებს, მათ შორის ე.წ. „უცხო აგენტების კანონებს“

უფრო ვრცლად, თუ რით განსხვავდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე ევროკავშირის დირექტივის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ საქართველოში მიღებული კანონისგან იხილეთ ბმულზე.

მტკიცება N2 - განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, იქ წერია, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, არსებული კანონის გამოხმობა მოვთხოვოთო

განმარტებითი ბარათი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც საკანონმდებლო აქტს ერთვის და პროექტის შინაარსსა და მიზნებს განმარტავს. განმარტებითი ბარათის მომზადება პროექტის გამოხმობის, არსებული კანონის გაუქმებისა თუ პროექტის მსვლელობის შეჩერების დროსაც შესაძლებელია, თუმცა „ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ დირექტივაზე ევროკავშირის სტრუქტურებს ამ სახის დოკუმენტი ან სხვა განმარტება, ბუნებრივია, არ გამოუქვეყნებიათ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცესი არ შეჩერებულა და ის ჩვეულ პროცედურას მიჰყვება. შესაბამისად, განცხადების პათოსი, რომ ევროკავშირში საკანონმდებლო პროცესი საქართველოსთან დაკავშირებული მიზეზებით შეფერხდა, იმთავითვე არაზუსტი და აბსურდულია.

დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძე „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ მიერ 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კრიტიკულ რეკომენდაციას (A closer look at the Defence of Democracy Directive and the controversy surrounding it) ეყრდნობა, რომელიც კანონმდებლებს დირექტივის საფუძვლიანად გადახედვისკენ მოუწოდებს. ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD), არა ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესში მონაწილე სუბიექტი, არამედ, არაკომერციული ორგანიზაციების ქსელია, რომლის მიზანი მსოფლიოში დემოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა.

EDP-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დადასტურებულია ის რისკები, რომლებზეც ევროკომისიამ დირექტივის განმარტებით ბარათში გაამახვილა ყურადღება - „უცხოური ჩარევა სამწუხარო რეალობაა და დემოკრატიებისთვის რეალური საფრთხეა. სხვადასხვა უცხოური აქტორები თუ მთავრობები მიზნად ისახავენ ევროკავშირის პოლიტიკური პროცესების მანიპულაციას, რათა დათესონ განხეთქილება ევროკავშირში და ზოგ შემთხვევაში, მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კომპრომეტირება. დეზინფორმაციის კამპანიები და კიბერთავდასხმებიც რეგულარულ მოვლენებად იქცა“, - ვკითხულობთ ანალიზში.

ავტორთა პოზიციით, ამ რისკების მიუხედავად, დირექტივა ვერ შეძლებს უცხოური ჩარევის ეფექტიანად აღკვეთას და, დიდი ალბათობით, მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს. EPD-მა, რამდენიმე ძირითადი შეშფოთება გამოხატა კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ნეგატიური გეოპოლიტიკური შედეგები, საზოგადოებების სტიგმატიზაციის რისკები, მძიმე ადმინისტრაციულ ხარჯები და სხვ. დოკუმენტში საქართველო სწორედ ნეგატიური გეოპოლიტიკური შედეგების ქვეთავშია ნახსენები.

„გეოპოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით, დირექტივა დააზიანებს ევროკავშირის მომავალ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უცხოური დაფინანსების შემზღუდველი კანონმდებლობის წინააღმდეგ. წარსულში ევროკავშირი კრიტიკულად აფასებდა „უცხოელი აგენტის“ კანონებს, რომლებიც მიიღეს სხვა ქვეყნებში (საქართველო და სერბთა რესპუბლიკა). ამ დირექტივის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაკარგავს უნარს, ლეგიტიმურად გააკრიტიკოს დისკრიმინაციული კანონები მსოფლიოში. უფრო მეტიც, სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ შთაგონება მიიღონ ევროკავშირის დირექტივიდან, რაც გახდება მათი მომავალი შემზღუდველი რეგულაციების საფუძველი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირის წინადადება არ არის ისეთივე შემზღუდველი, როგორც სხვა კანონები მსოფლიოში, მაგრამ შეუძლებელია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ის იარაღად იქცევა იმათთვის, ვინც ცდილობს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაქვეითებას “.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ევროკავშირის დირექტივაზე ევროკავშირში კანონშემოქმედებაში ჩართულ სუბიექტებს არავითარი განმარტებითი ბარათი არ გამოუქვეყნებიათ. „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ მიერ დირექტივაზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ ანალიზში კი, დირექტივა მკაფიოდ იმიჯნება ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული კანონებისგან, თუმცა ვინაიდან, არსებობს ამ რეჟიმების მიერ დირექტივის ბოროტად, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენების რისკები, EPD დირექტივის საფუძვლიანად გადახედვის რეკომენდაციას გასცემს. ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.