ლევან დავითაშვილი: ინვესტიციები, მათ შორის მშპ-სთან მიმართებით, უპრეცედენტოდ გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მცდარი.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც თანხობრივი რეკორდია, თუმცა დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით ინვესტიციები უფრო მაღალი 2007, 2014 და 2017 წლებში იყო (2007 წლის 1.8 მლრდ მსყიდველუნარიანობით 2022 წლის 2.5 მლრდ დოლარს უთანაბრდება).

მინისტრმა მშპ-სთან ფარდობას საგანგებოდ გაუსვა ხაზი. მისი ნათქვამი მცდარია, ბოლო 20 წელიწადში 2022 წელზე მაღალი მაჩვენებელი - 8-ჯერ, 2021 წელზე მაღალი - 13-ჯერ და 2023 წელზე მაღალი მაჩვენებელი კი 17-ჯერ დაფიქსირდა.

2023 წლიდან უარყოფითია თანხობრივი ტენდენციაც. 2023 წელს ინვესტიციები თანხობრივად 15%-ით შემცირდა, 2024 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კიდევ - 34%-ით.

დამატებით შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ მთლიან ინვესტიციებში რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია, ახალი ინვესტიციების კი პირიქით შემცირებული.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებაში ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ინვესტიციები თანხობრივად გაზრდილია. მშპ-სთან მიმართებით მისი ნათქვამი მცდარია. გარდა ამისა, უგულებელყოფილია უარყოფითი ტენდენცია და მთლიან ინვესტიციებში ახალი ინვესტიციების წილობრივი კლება, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 9 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა ღამის კურიერში განაცხადა: „ბოლო წლებში გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში“.

პანდემიის შემდეგ 2021-2023 წლებში საქართველოში 5.4 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წელს თანხობრივი რეკორდი დამყარდა და პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 2.2 მლრდ-ს გადააჭარბა, მომდევნო 2023 წელს ინვესტიციები 1.9 მლრდ-მდე შემცირდა. 2024-ის შემთხვევაში ცნობილი მხოლოდ 6 თვის მონაცემებია. იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები მკვეთრად - 34%-ით არის შემცირებული.

მინისტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზომი - მშპ-სთან ფარდობა ახსენა, თანხობრივი მონაცემებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, უპრეცედენტოდ მაღალ მონაცემებთან საქმე სულაც არ გვაქვს.

2021 წელს ინვესტიციების ფარდობამ მშპ-სთან 6.8% შეადგინა, 2022 წელს - 8.5% და 2023 წელს - 5.8%. უცნობია, რა მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა 2024 წლის მესამე კვარტალში და შეუძლებელია დადგენა, რა მოცულობის შემოვა მეოთხე კვარტალში. თუმცა, მაშინაც კი თუ ის თანხობრივად 2023 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა, ეკონომიკის ზრდის ფონზე მშპ-სთან ფარდობაში შემცირებული იქნება.

პანდემიის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა - 8.5%, მაშინ, როცა იგივე ფარდობა 2014-2017 წლებში 10.2%-11.7%-ის ფარგლებში მერყეობდა, 2006 წელს მან 15%-ს, 2007 წელს კი 18%-საც გადააჭარბა. განვლილი 20 წელიწადში ინვესტიციების ფარდობამ მშპ-სთან 8.5%-იან მაჩვენებელს 8-ჯერ გადააჭარბა, ოთხჯერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოთხჯერ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. ხოლო თუ შესადარებლად ბოლო 2023 წელს ავიღებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მასზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ორჯერ - 2012 და 2020 წლებში დაფიქსირდა, 17 შემთხვევაში კი ფარდობა უფრო მაღალი იყო. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშივე, 2013-2019 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობა საშუალოდ 9.3%-ს შეადგენდა, 2021-2023 წლებში - 7%-ს.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მსოფლიო ბანკი

თუ დოლარის ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, მაშინ მსყიდველუნარიანობით, 2007, 2014 და 2017 წლებში შემოსული ინვესტიციები 2022 წლის მონაცემს, აბსოლუტურ მაჩვენებელშიც გადააჭარბებს.

ინვესტიციებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ყოველი ერთი დოლარიდან რა წილი უკავია ახალ ინვესტიციას და რა რეინვესტიციას.

2021 წელს რეინვესტირების მაჩვენებელმა 62%-ს მიაღწია, 2022 წელს - 66%-ს და 2023 წელს - 80%-ს. 2024 წლის პირველ ნახევარშიც რეინვესტირება 70%-ზე შენარჩუნდა. ესტონური მოდელის[1] ამოქმედების შემდეგ, პანდემიამდე - 2017-2019 წლებში, რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 2: რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტიციაა სააქციო კაპიტალიც ანუ ახალი ინვესტიციის შემოსვლაც და რეინვესტირებაც. ის ფაქტი, რომ ინვესტორი ამონაგებს უკან აბრუნებს, მისასალმებელია, თუმცა ახალი ინვესტიციების ნაკლებობა გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებაში ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ინვესტიციები თანხობრივად გაზრდილია. მშპ-სთან მიმართებით მისი ნათქვამი მცდარია. გარდა ამისა, უგულებელყოფილია უარყოფითი ტენდენცია და მთლიან ინვესტიციებში ახალი ინვესტიციების წილობრივი კლება, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.



[1] 2017 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია მოგების რეინვესტიციას განახორციელებდა, ის მოგების გადასახადისგან თავისუფლდებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია