რამდენიმე დღის წინ „ფაქრ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობაზე. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მკითხველთა ნაწილი დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთსა და ლანჩხუთში. მათი ინტერესის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ შეისწავლა მონაცემები, რომლებსაც დღეს გაგაცნობთ.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დემოგრაფიული სიტუაცია გაუარესებულია არა მხოლოდ გურიის რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით. ბოლო წლებში უარყოფითია როგორც ბუნებრივი მატების კოეფიციენტი (რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა), ისე მიგრაციული სალდო (ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე დაბრუნდა). იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

რაც შეეხება კონკრეტულად გურიის რეგიონს, ოც წელზე მეტია, რაც მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად მცირდება. როგორც აღვნიშნეთ, ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, უცხოეთში, ძირითადად, რეპროდუქციული ასაკის მქონე მოქალაქეები გადიან, რაც უარყოფითად აისახება შობადობის მაჩვენებელზე. ამას ემატება შიდა მიგრაცია, რაც ბუნებრივი პროცესია, რადგან ადამიანები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ. ამდენად, 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, თუნდაც 2014 წელთან შედარებით, მოსახლეობის რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციისთვის, საანგარიშო პერიოდის საწყის ეტაპად 2014 წელი იმიტომ ავირჩიეთ, რომ საქსტატმა სწორედ იმ წელს ჩაატარა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის შედეგადაც, მანამდე არსებული მონაცემები დაზუსტდა.

დიაგრამა 1. მოსახლეობის რაოდენობა გურიის მუნიციპალიტეტში, 2014 წლიდან დღემდე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა, 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 12 200-ით შემცირდა. კლების ტენდენცია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებამდეც შეიმჩნეოდა. უფრო მეტიც, გურიაში, 2002 წლიდან მოყოლებული, მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა (შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შემდეგ, სწორედ 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგები ჩასწორდა). კერძოდ, იმავე საქსტატის მონაცემებით, 2002 წელს რეგიონში 125 300 ადამიანი ცხოვრობდა და მას შემდეგ, არ ყოფილა არც ერთი წელი, როცა მოსახლეობის რაოდენობის კლება არ დაფიქსირდა.

მოსახლეობის კლების ფონზე, გურიაში, იკლებდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობაც. თუმცა 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით, კვლავ მოიმატა და ეს მატება გაგრძელდა პანდემიური წლების შემდეგაც.

დიაგრამა 2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა, გურიის სამივე მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთში, 2014-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის აგვისტოს მიხედვით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

დიაგრამა 2 აჩვენებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვვების მოხსნის შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში, გურიაში ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა მაინც გაიზარდა. ოდნავი შემცირება შეინიშნება 2023 წლის დეკემბერში, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში რეგიონს იმაზე მეტი რეგისტრირებული მოსახლე ჰყავს, ვიდრე პანდემიამდელ ან თუნდაც, პანდემიის პერიოდში ჰყავდა. იგივე ტენდენცია ფიქსირდება მუნიციპალიტეტების მიხედვით.

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, გურიაში გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რიცხვიც.

დიაგრამა 3. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა გურიაში, 2014-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის აგვისტოს მიხედვით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

2020 წელს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუარესდა. საქართველოს მთავრობამ ოჯახების გადამოწმებისა და სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცედურები შეაჩერა, ხოლო ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას, თითქმის ყველას, საარსებო შემწეობა დაუნიშნა. 2022 წლიდან შეზღუდვები მოიხსნა და ეკონომიკის აღდგენა დაიწყო. გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ იკლო, თუმცა, როგორც ვხედავთ, 2024 წლის აგვისტოში კვლავ გაიზარდა და 2023 წლის დეკემბერში მიმღებთა რაოდენობას გადააჭარბა. ასევე, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, შემწეობას 10 606 ადამიანით მეტი იღებს. შეგახსენებთ, რომ საანგარიშო პერიოდში, რეგიონის მოსახლეობა შემცირებულია 12 200 ადამიანით. მდგომარეობა რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ, გამოვიანგარიშეთ, გურიის მთლიანი მოსახლეობის რა ნაწილი იღებს საარსებო შემწეობას.

დიაგრამა 4. გურიის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა და საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი, 2014-2024 წლების მიხედვით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

2014 წლის შემდეგ, გურიის მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მკვეთრად გაიზარდა.

აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის დეკემბრიდან საარსებო შემწეობის რიცხვი მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებსაც, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და იღებენ ფულად შემწეობას.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია