სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პოსტვ“  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს (არქივირებული ბმული). ვიდეოს დასაწყისში ჩანს მამუკა ხაზარაძე, რომელმაც გორში შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი „"პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი" შეუერთდა. ვიდეოში გამეორებულია სიტყვა „უკომპრომისო“.  მეორე ნაწილში კი ჩასმულია გიორგი მარგველაშვილის 2013 წლის ინტერვიუდან ნაწყვეტი, სადაც ის ამბობს: „ისეთი ადამიანი ვარ რა, პლასტილინივით, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას იღებს“. 

 

ინტერვიუდან მონაკვეთის შერჩევით, კონტექსტის გარეშე გავრცელება მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას, რომ მარგველაშვილი მის პოლიტიკურ კარიერაზე საუბრობს,  მისივე აღიარებით,  კომპრომისებზე სხვისი გადაწყვეტილების მიხედვით,  ხშირად მიდის და მარტივად ადაპტირდება.  შესაბამისად, მისთვის სულ ერთია, თუ  რომელ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება. რეალურად კი, გიორგი მარგველაშვილი ინტერვიუს აღნიშნულ მონაკვეთში  მის კაბინეტზე საუბრობდა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კაბინეტში არაფერი შეუცვლია,  რადგან  „პლასტილინივით ადამიანია, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას  იღებს". 

მონაკვეთი ამოღებულია Palitra TV-ის გადაცემიდან  „ემას შოუ“, რომელიც 2013 წელს ჩაიწერა, როცა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ შეცვალა ინტერიერი იმ კაბინეტში შესვლისას, რომელსაც ადრე წინა ხელისუფლების  განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იკავებდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არაფერი შეუცვლია, რადგან „პლასტილინივით ადამიანია, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს“. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „პოსტვ“-ის მიერ  ვიდეო მას შემდეგ გავრცელდა, რაც 25 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მისი წარდგენისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი არის „პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი“.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.