ირაკლი კობახიძე: ბოლო ოთხ წელიწადში ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2020 წელს ეკონომიკის მოცულობამ 49.8 მლრდ ლარი შეადგინა, 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 86 მლრდ ლარია, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი (დაგეგმილი 5.2%-ის ნაცვლად 7 თვეში ზრდამ 9.7%-ს მიაღწია) მშპ-ის ზრდის ტემპის გამო შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს.

2024 წლის ბოლოსთვის, 2020 წელთან შედარებით, ნომინალური ეკონომიკა მინიმუმ 36 მლრდ-ით იქნება გაზრდილი, თუმცა ამ რიცხვს ორი პრობლემა აქვს: საბაზო პანდემიური წელი და ინფლაცია, მათი ყურადღების მიღმა დატოვება რეალურ სურათს ამახინჯებს.

2020 წელს კოვიდრეგულაციების ფარგლებში საწარმოების დახურვის შედეგად მშპ 6.3%-ით შემცირდა - ყველაზე მეტად 1994 წლის შემდეგ. მომდევნო 2021 წელს დაფიქსირებული ორნიშნა ზრდა ძირითადად დახურული ბიზნესების ხელახალ გახსნას უკავშირდება. პროცესები ანალოგიური სცენარით განვითარდა საქართველოს გარდა სხვა სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობაშიც.

2020 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ჯამურმა ზრდამ 27%-ს გადააჭარბა. თუ ეკონომიკას 2020 წლის მუდმივ ფასებში გავზომავთ, ის 49.8-დან 67.6 მლრდ-მდე იქნება გაზრდილი ანუ მხოლოდ 18 მლრდ-ით, რაც პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვის ნახევარზე ნაკლებია.

რიცხობრივად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემის, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის: საბაზო პანდემიური პერიოდისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეულის წარდგენისას, განაცხადა: (7:35-დან ) „გასული ოთხი წლის მანძილზე 40 მლრდ ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა“.

პრემიერი მეათე მოწვევის პარლამენტზე საუბრობდა, რომელიც საქმიანობას 2020 წლის დეკემბრიდან შეუდგა, შესაბამისად, მის მიერ ნათქვამი „გასულ ოთხ წელიწადში“ 2021-2024 წლები იგულისხმება.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობამ 49.8 მლრდ ლარი შეადგინა, 2023 წელს - 80.2 მლრდ, 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 86 მლრდ ლარია.

პრემიერის მიერ შემოთავაზებულ საანგარიშო პერიოდს დამატებითი განმარტებების გარეშე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, კოვიდრეგულაციებით გამოწვეული საბაზო ეფექტი და მაღალია ინფლაცია.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო ადრეული 90-იანი წლების შემდეგ. ვარდნის გამომწვევი მიზეზი ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები არ გამხდარა. რეგულაციების გამო კვების, განთავსებისა და სავაჭრო ობიექტები უბრალოდ დაიხურა. გაჩერდა ტრანსპორტიც. დახურული საწარმოების ხელახალ გახსნას 2021-ში ზრდა მოჰყვა.

საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა, აშშ-ში დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა, 2021 წელს კი ზრდამ ათწლეულების რეკორდი მოხსნა.

2021 წელს 2020 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 3.6%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1: მშპ და მშპ-ის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დასახელებული რიცხვები შესაძლოა მანიპულაციად შეფასდეს, ინფლაციაა. მიუხედავად იმისა, რომ იმავე 2020 წელს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, ნომინალური მშპ-ის მოცულობა მცირედით მაგრამ მაინც 49.7-დან 49.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

2021-2023 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ჯამურად 32% შეადგინა, რაც სამწლიანი პერიოდისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ნომინალურად ორჯერ მეტი 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა 49.8-დან 80.2 მლრდ-მდე. სხვაობის ძირითადი მიზეზი ინფლაციაა, იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასები 26%-ით გაიზარდა.

2024 წლის 86 მლრდ ლარი მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც 2020 წლის 67.6 მლრდ ლარი (2024-ის შემთხვევაში დაანგარიშებისას ინფლაციის მაჩვენებლად იანვარ-აგვისტოს საშუალო 1.2%-ია აღებული) თუ პროგნოზირებულზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას გავითვალისწინებთ, ეს რიცხვი მცირედით გაიზრდება, თუმცა არსებით სურათს ვერც ეს კორექტირება შეცვლის.

გრაფიკი 2: მშპ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

არსებული პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის 2020 წელთან შედარებით ნომინალური ეკონომიკა 36.2 მლრდ ლარით იქნება გაზრდილი. პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ჯამური ზრდა უფრო მაღალი იქნება და შესაძლოა, მართლაც მიაღწიოს 40 მლრდ-ს, თუმცა ინფლაციის გარეშე ეს ზრდა მხოლოდ 18 მლრდ იქნებოდა, ანუ დასახელებული რიცხვის ნახევარზე ნაკლები, ისიც პანდემიურ წელთან შედარებით. რიცხობრივად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემის, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის: საბაზო პანდემიური პერიოდისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5656 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია